სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თანახმად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები

17 ოქტომბერი 2017
Child living in poverty
UNICEF/Geo-2015/Khetaguri/

17 ოქტომბერი, 2017 წ. თბილისი, საქართველოსაქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსების და თანატოლების მხრიდან, მოსწავლეთა შორის ბულინგი ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა - ასახულია სახალხოდამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს ასახავს. მონიტორინგი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

მონიტორინგმა  გამოავლინა, რომ დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით და სკოლებს არა აქვთ ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა. სკოლის თანამშრომლები არ არიან ინფორმირებულნი ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის სახელმწიფო მექანიზმის შესახებ.

ასევე დაბალია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებებისა თუ ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ. მოსწავლეების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის უნდა მიმართოს მის მიმართ ძალადობის შემთვევაში. ძალადობის სხვადასხვა ფორმებიდან ცალსახად იკვეთება ყვირილი, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა.

გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია შემდგომი ღონისძიებების გატარება:

  • წახალისდეს სკოლებში ძალადობის პრევენციის პოზიტიური მექანიზმები და არა სადამსჯელო, რაც კიდევ უფრო გაამწვავებსსიტუაციას. დირექტორები და მასწავლებლები უნდა იყენებდნენ სწავლებისა და სწავლის არაძალადობრივ სტრატეგიებს, საკლასო ოთახის მართვისა და დისციპლინის ისეთ ზომებს, რომლებიც შიშს, მუქარას, დამცირებას ან ფიზიკურ ძალას არემყარება. 
  • მოხდეს პოზიტიური პედაგოგიკისა და ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირება მასწავლებელთამომზადებისა და გადამზადების საუნივერსიტეტო და პროფესიულ პროგრამებში. აუცილებელია მასწავლებლები და სკოლისთანამშრომლები მიჯნავდნენ დისციპლინას და ბავშვთა მიმართ ძალადობას. 
  • ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები დროულად უნდა ახდენდნენ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებას და მათზერეაგირებას. მნიშვნელოვანია დირექტორების, მასწავლებლების და სკოლის სხვა თანამშრომლების ინფორმირება დარეგულარული გადამზადება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებთან დაკავშირებით. 
  • მოხდეს მოსწავლეთა ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა არის ძალადობა, ასევე მათი უფლებებისა და ვალდებულებებისშესახებ. 
  • სასწავლო პროგრამების საშუალებით ბავშვები უნდა სწავლობდნენ თანასწორობისა და ტოლერანტობის, თანამშრომლობისადა განსხვავებული აზრის პატივისცემის პრინციპებს, იძენდნენ პრობლემების არაძალადობრივი გზით გადაჭრის უნარ-ჩვევებს. 
  • მოსწავლეები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი სკოლის ცხოვრებაში და ძალადობის პრევენციის კონკრეტული მექანიზმების, მაგ. ქცევის კოდექსების შემუშავებაში.  
  • სკოლებს ასევე უნდა ჰქონდეთ შეტყობინების კონკრეტული მექანიზმი, რომელიც იქნება ეფექტიანი და უზრუნველყოფსძალადობის ფაქტების დროულ გამოვლენას და მათზე რეაგირებას. 

სახალხო დამცველის მიერ ბავშვთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მოიცვა 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება.

ანგარიშის ჩამოსატვირთად დააკლიკეთ აქ

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

UNICEF-ის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გვერდს: www.unicef.ge 

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი