სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თანახმად, ზოგიერთ სფეროში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობა კოვიდ-19 პანდემიის გამო გაუარესდა

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მომზადდა სპეციალური ანგარიში „კოვიდ-19-ის პანდემიის ბავშვთა უფლებებზე ზემოქმედების შეფასება საქართველოში“

18 აპრილი 2022
boy in kindergarten
UNICEF/GEO-2019/Robakidze

თბილისი, საქართველო, 2022 წლის 18 აპრილი – გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით სახალხო დამცველის მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიშის თანახმად, პანდემიის დროს გაიზარდა ბავშვების მიმართ ძალადობის რისკები. ამას გარდა, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა ბავშვების მიერ ზოგადი განათლების მიღების უფლების რეალიზება.

სპეციალური ანგარიში „კოვიდ-19-ის პანდემიის ბავშვთა უფლებებზე ზემოქმედების შეფასება საქართველოში“ ასახავს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხებოდა სახელმწიფოს მიერ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომების ზეგავლენას ბავშვებზე. კვლევა ჩატარდა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ევროპის ბავშვთა ომბუდსმენების ქსელისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პანდემიის დროს დისტანციური სწავლის რეჟიმმა და იზოლაციამ გაზარდა ბავშვების მიმართ ძალადობის რისკები. გარდა ამისა, სკოლების დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადასვლისას გაძნელდა ბავშვების მიმართ ძალადობის ემოციურ და ფიზიკურ ნიშნებზე დაკვირვება. თუმცა შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ გაზრდილი რისკების მიუხედავად სამთავრობო უწყებებში მიმართვიანობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა არ ყოფილა.

დისტანციურ სწავლასთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ ოჯახის წევრებს შორის შესაბამისი ციფრული პლატფორმებით სარგებლობის შესახებ ცნობიერების დაბალი დონე იყო. სოციალურად და ეკონომიკურად დაუცველ ოჯახებში და რეგიონებში, სადაც ინტერნეტი მიუწვდომელი იყო, ბავშვებს ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უმწვავესი პრობლემები ჰქონდათ. ამასთან, გამოვლინდა მნიშვნელოვანი გამოწვევები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით.

კვლევამ აჩვენა, რომ  ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო უწყებები კოვიდ-19-ის შემთხვევების მართვისას პრობლემებს წააწყდნენ. იზოლაციამ ბავშვების ქცევაზე მოახდინა გავლენა. შესაბამისად, გამოვლინდა მნიშვნელოვანი პრობლემები ბავშვების ფსიქიური ჯანმრთელობისა და ქცევასთან დაკავშირებული გამოწვევების თვალსაზრისით. დიდ გამოწვევად მოგვევლინა ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ეფექტიანი ჩართულობა  დისტანციური სწავლის პროცესში.

ანგარიშის რეკომენდაციით, პანდემიის პერიოდში, თუ სხვა კრიზისებისას შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ მთავრობამ უნდა შეიმუშავოს ეფექტიანი მექანიზმები და რეგულაციები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან სხვა მოქმედებების განხორციელებისას, მათ შორის, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომების შემუშავების პროცესში  უზრუნველყოფილი  იყოს არასრულწლოვანთა აზრის მოსმენა და მათი  ჩართულობა.

სპეციალურ ანგარიშში განხილულია სახელმწიფოს მიერ პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, ეტაპობრივად მიღებული ზომები, რომელიც შეირჩა კვლევის მიზნებისთვის და ზეგავლენა იქონია ბავშვის უფლებებზე, მათ შორის, ბავშვების ძალადობისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის, განათლების უფლებისა და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ზოგად უფლებრივ მდგომარეობაზე. ბავშვები ჩართული იყვნენ ინფორმაციის შეგროვების პროცესში, რათა უზრუნველყოფილი  ყოფილიყო მათი აზრის გათვალისწინება.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.