საქართველო უერთდება ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევის გლობალურ ქსელს

20 ნოემბერი 2017
Toddler holding mother's hand
UNICEF/Geo-2015/Khetguri

20 ნოემბერი. 2017 წელი. თბილისი. საქართველო გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით უერთდება ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევის გლობალური პარტნიორობის პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და ქვეყნების დახმარებას კონკრეტული მექანიზმების შემუშავებისათვის.  

პარტნიორობა აერთიანებს სახელმწიფოების, გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიურ ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიური, კვლევითი ორგანიზაციებისა და ბავშვების ძალისხმევას იმისათვის რომ:

· შეიქმნას და შენარჩუნდეს პოლიტიკური ნება ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისათვის;

· გაძლიერდეს ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისაკენ მიმართული ღონისძიებები;

· გაძლიერდეს თანამშრომლობა ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება. 

საქართველოში გლობალური პარტნიორობის პლათფორმასთან მიერთებას - პარლამენტის მხრიდან გაუძღვება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქ-ნი ეკა ბესელია, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პროცესს კოორდინირებას გაუწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო.

გლობალურ პარტნიორობას უკვე შეუერთდა 13 გზამკვლევი ქვეყანა: შვედეთი, რუმინეთი, მონტენეგრო, ინდონეზია, ფილიპინები, შრი-ლანკა, ტანზანია, უგანდა, ნიგერია, მექსიკა, იამაიკა, ელ-სალვადორი, პარაგვაი.

2030 წლისთვის ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა მთელს მსოფლიოში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (მიზანი 16.2) ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, 2016 წლის ივლისში, გაეროს შტაბ-ბინაში საფუძველი ჩაეყარა ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევის გლობალურ პარტნიორობას და მასთან ასოცირებული ფონდის შექმნას.

ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს მთელი მსოფლიოსა და, მათ შორის, საქართველოსთვისაც. 2016 წელს მილიარდამდე ბავშვმა განიცადა ფიზიკური, სექსუალური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა. 2006 წლის მონაცემებით 120 მილიონი გოგონა და 73 მილიონი ბიჭი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. 2013-2017 წლების განმავლობაში საქართველოში ჩატარებული კვლევებიც ადასტურდებს, რომ მდგომარეობა საგანგაშოა:  მოსახლეობის 45% ბავშვთა მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს, მოსახლეობის 60 პროცენტი თვლის, რომ ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია; საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, როგორც მოსწავლეებს შორის, ისე უფროსების მხრიდან.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

UNICEF-ის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გვერდს: www.unicef.ge 

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი