საქართველოში დაიწყო ბავშვებსა და მათ ოჯახებზე კორონავირუსის პანდემიის გავლენის რეალურ დროში დაკვირვება

07 აგვისტო 2020
UNICEF and GEOSTAT
UNICEF/GEO-2020/Chaava

თბილისი, საქართველო, 7 აგვისტო, 2020. კორონავირუსის პანდემიის გავლენის დადგენის მიზნით საქართველოში შეისწავლიან ბავშვებისა და მათი ოჯახების მდგომარეობას. დღეს ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას გაეროს ბავშვთა ფონდსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) შორის. შეთანხმება ითვალისწინებს ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა  რეალურ დროში მონიტორინგის განხორციელებას და ყოველთვიური ანგარიშების მომზადებას.

 

მონიტორინგის შედეგად შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს მთავრობა შეძლებს არსებული ვითარების შეფასებას და კრიზისის დასრულების შემდეგ პანდემიის ზეგავლენის შესახებ შემდგომი შეფასებების განხორციელებას.  დაკვირვების შედეგად მოპოვებული მონაცემები ხელისუფლებას დაეხმარება არსებული პოლიტიკასა და მიმდინარე ღონისძიებების განხორციელებაში, და ასევე მომავალი პოლიტიკის განსაზღვრაში.

 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ მონაცემების შეგროვება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვებთან დაკავშირებით უკეთესი შედეგების მიღწევას." - ღასან ხალილი

 

„ჩვენ მოხარულნი ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს და საქართველოს მთავრობას ამ უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში“, აღნიშნა ღასან ხალილმა, საქართველოში გაეროს ფონდის წარმომადგენელმა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ მონაცემების შეგროვება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვებთან დაკავშირებით უკეთესი შედეგების მიღწევას. მონაცემების სტრატეგიულ ცოდნად გარდაქმნა ზრდის პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შესაბამისობას არსებულ ვითარებასთან, აუმჯობესებს გადაწყვეტილებების სამართლიანობას, და ხელს უწყობს ბავშვთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებას. ჩაშლილი მონაცემები -- რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, გამოვავლინოთ ყურადღების მიღმა დარჩენილი ბავშვები -- მეტად საჭირო და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თითოეული ბავშვის უფლებების რეალიზაციისათვის“, დასძინა ხალილმა.
 

რეალურ დროში მონიტორინგში ჩაერთვებიან ის შინამეურნეობები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქსტატთან თანამშრომლობით განხორციელებულ მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევაში. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (Georgia MICS 2018) მოიცავდა 180-ზე მეტ ინდიკატორს და მასში 14 000-ზე მეტმა შინამეურნეობამ მიიღო მონაწილეობა. შეგროვებული მონაცემები წარმომადგენლობითია და მათი ჩაშლა შესაძლებელია ასაკის, სქესის, ქალაქის/სოფლის, რეგიონის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის, ეთნიკური წარმომავლობის, შეზღუდული შესაძლებლობისა და კეთილდღეობის დონის მიხედვით, რაც განვითარებისთვის საჭირო ჩარევის ზომების ზუსტად და მიზანმიმართულად განსაზღვრას შეუწყობს ხელს.

 

საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდი ასევე მხარს დაუჭერს საქსტატს ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სტატისტიკის პორტალების შექმნაში, ინფორმაციაზე მარტივად წვდომასა  და მონაცემებთან მუშაობაში მათ ხელშესაწყობად. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური წელიწდეულის შექმნას.

 

„ახალი პორტალის მეშვეობით ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ სასარგებლო ინფორმაციის მიღებას ქვეყანაში არსებული სოციო-ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარების შესახებ,“ აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა. „ეს გააღრმავებს მათ ცოდნას სტატისტიკის სფეროში, გააუმჯობესებს მათი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევებს და გაზრდის მათ ინფორმირებულობას ბავშვის უფლებების საკითხებში. ამ სახის პორტალის შექმნა ოფიციალური სტატისტიკის სფეროში სიახლეა,“ დასძინა მან.

 

შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (SIDA) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

მედია კონტაქტები

სოფია ჭაავა
კომუნიკაციის პროგრამის კონსულტანტი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: schaava@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.