საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩმა ნიკოლოზ რაჭველმა პანკისის ხეობასა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მასტერკლასი ჩაატარა

05 აგვისტო 2021
Nikoloz rachveli meets young people
UNICEF/GEO-2021/Bejanishvili

ახმეტა, საქართველო, 2021 წლის 3 აგვისტო. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები 50-მდე ახალგაზრდა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩს, ნიკოლოზ რაჭველს შეხვდა და მუსიკალურ მასტერკლასში მიიღო მონაწილეობა. ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და დირიჟორის მასტერკლასი გაიმართა კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან პარტნიორობით ახმეტის ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც პანკისის ხეობასა და ახმეტაში მცხოვრები ახალგაზრდები შეიკრიბნენ. აღნიშნული ღონისძიება გაეროს ბავშვთა ფონდის 75-ე იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების სერიიდან ერთერთი იყო, დევიზით „შექმენი შენი მომავალი“.

ნიკოლოზ რაჭველმა შეკრებილ ახალგაზრდებს გააცნო საკუთარი გზა წარმატებისკენ და ცხოვრებისეული გამოცდილება და შთააგონა, მისდიონ ოცნებებს და არ დანებდნენ გამოწვევების მიუხედავად. იუნისეფის ელჩმა მათ ასევე შეუსრულა რამდენიმე საკუთარი მუსიკალური ნაწარმოები და ისინიც წააქეზა წარმოეჩინათ საკუთარი უნარები და მუსიკალური ნიჭი. ღონისძიების მონაწილეთა შორის იყო 15 პანკისელი გოგონა, რომლებმაც გაიარეს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებული 4-კვირიანი ტრენინგი ადვოკატირებასა და ციფრულ უნარებში. სწორედ ამ გოგონების ინიციატივა იყო მასტერკლასის ჩატარება და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის მოწვევა მათთან და მათ თანატოლებთან შესახვედრად.

 

"ვუამბობდი რა ახალგაზრდებს წარმატებული კარიერისკენ ჩემს მიერ გავლილი გზისა და იმის შესახებ, თუ რის ფასად დამიჯდა ამ წარმატების მიღწევა, მსურდა მათ გაეაზრებინათ, რომ გამოწვევების უმეტესობა შეიძლება დაძლეული იქნას დაუღალავი შრომით, საკუთარი თავის რწმენით და მიზნებზე ფოკუსირებით." - ნიკოლოზ რაჭველი

 

“აღფრთოვანებული დავრჩი ამ საოცარ და მოტივირებულ ახალგაზრდებთან შეხვედრით”, აღნიშნა ნიკოლოზ რაჭველმა. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათ მიერ დასმულმა გამჭრიახმა შეკითხვებმა და შეხვედრის დასასრულს გამართულმა აზრიანმა დისკუსიამ. ვუამბობდი რა ახალგაზრდებს წარმატებული კარიერისკენ ჩემს მიერ გავლილი გზისა და იმის შესახებ, თუ რის ფასად დამიჯდა ამ წარმატების მიღწევა, მსურდა მათ გაეაზრებინათ, რომ გამოწვევების უმეტესობა შეიძლება დაძლეული იქნას დაუღალავი შრომით, საკუთარი თავის რწმენით და მიზნებზე ფოკუსირებით. მუსიკა უდიდესი ძალაა, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს სხვადასხვა წარმომავლობისა და კულტურის ადამიანები, განსაკუთრებით მრავალეთნიკური და სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენელი თემებით დასახლებულ რეგიონებში.“

 

Nikoloz rachveli meets young people

 

მაესტროს მიერ ჩატარებული მასტერკლასის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელზეც განიხილეს ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემები. ღონისძიებას დაესწრო იუნისეფის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ დროს, როცა კოვიდ-19-ის პანდემია აღრმავებს უთანასწორობას, რომელიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს სოციალურად დაუცველ ბავშვებზე, მნიშვნელოვანია ხელახლა შევქმნათ მომავალი ყველა ბავშვისთვის. ამაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც სოფლად ცხოვრობს.

 

"ნიკოლოზი დაინტერესდა ჩვენით, ყურადღებით გვისმენდა და ძალიან საინტერესო ისტორიები გაგვიზიარა." - მაკა გიორგაშვილი

 

„ვერ წარმოვიდგენდი, თუ მართლა შევხვდებოდი ასეთ ცნობილ ადამიანს. ნიკოლოზი დაინტერესდა ჩვენით, ყურადღებით გვისმენდა და ძალიან საინტერესო ისტორიები გაგვიზიარა. მთავარი, რაც დღევანდელი შეხვედრიდან დამრჩა, ეს არის იმის რწმენა, რომ თუ რამეს ძალიან მოინდომებ, აუცილებლად გამოგივა. ნიკოლოზის ცხოვრება ამის მაგალითია“, მაკა გიორგაშვილი სოფელი დუისიდან.

 

"ახლა მეც ვფიქრობ, რომ სულერთია სად დაიბადები, რა პრობლემები გექნება, თუ მიზანს დაისახავ და ყოველ დღე რამეს გააკეთებ ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებლად დაიმსახურებ წარმატებას." - გიორგი აბრამიშვილი

 

“ძალიან გამიხარდა ასეთ ცნობილ ადამიანთან პირისპირ შეხვედრა. ნიკოლოზმა მოგვიყვა თავისი ცხოვრების სირთულეები, რამაც ძალიან გამაკვირვა, მეგონა, რომ წარმატებულ ადამიანებს ყველაფერი ადვილად ჰქონდათ. ახლა მეც ვფიქრობ, რომ სულერთია სად დაიბადები, რა პრობლემები გექნება, თუ მიზანს დაისახავ და ყოველ დღე რამეს გააკეთებ ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებლად დაიმსახურებ წარმატებას”, გიორგი აბრამიშვილი სოფელი ბაყილოვანიდან.

 

Nikoloz rachveli meets young people

 

ლოზუნგით „შექმენი შენი მომავალი“, გაეროს ბავშვთა ფონდის 75-ე წლისთავის კონცეფცია ეფუძნება ბავშვზე ორიენტირებულ, გადაწყვეტილებებსა და პარტნიორობაზე ფოკუსირებულ მიდგომას, რაც წინა პლანზე აყენებს ბავშვებისა და ახალგაზრდების მონაწილეობას და ქმნის სივრცეს თაობათა შორის თანამშრომლობისთვის. 

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.