საქართველოს სკოლამდელ დაწესებულებებში მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა პრობლემები კვლავ რჩება

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა სკოლამდელ დაწესებულებებში 2019 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგები წარადგინეს

09 სექტემბერი 2020
Girl in kindergarten
UNICEF/Geo-2015/Gurgenidze

თბილისი, საქართველო. 9 სექტემბერი, 2020. საქართველოში სკოლამდელი დაწესებულებებში პრობლემად რჩება ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო ინვენტარის ნაკლებობა, საბავშვო ბაღებში არსებული გადატვირთულობა და კვალიფიციური კადრების არასაკმარისი რაოდენობა. ეს პრობლემები გამოვლინდა 143 სკოლამდელი დაწესებულების მონიტორინგის შედეგად, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა.

„მონიტორინგის შედეგებმა გამოავლინა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2014 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგებთან შედარებით, აღნიშნულ დაწესებულებებში სიტუაცია  გაუმჯობესდა, რაც ძირითადად შეეხო აღსაზრდელთა ჯანსაღი და დაბალანსებული კვების საკითხებს, ასევე, სპეციალურ კვებით საჭიროებებს, რაც უდავოდ  წარმატებულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, საბავშვო ბაღებში კვლავ გამოწვევად რჩება მთელი რიგი საკითხები, რაც შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს“ - აღნიშნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

 

"ბევრ სკოლამდელ დაწესებულებას არ აქვს საჭირო უსაფრთხო შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პირობები, ბავშვების კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად." - ემი კლენსი.

 

“ბავშვები სწავლობენ და ვითარდებიან უსაფრთხო და მასტიმულირებელ გარემოში, რისთვისაც აუცილებელია ადეკვატური ჰიგიენური პირობები, ინფრასტრუქტურა, კვება და ძალადობისგან დაცვა. 2017 წელს ეროვნული სტანდარტების მიღების მიუხედავად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბევრ სკოლამდელ დაწესებულებას არ აქვს საჭირო უსაფრთხო შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პირობები, ბავშვების კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად", განაცხადა ემი კლენსიმ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში. “COVID-19 პანდემიის ფონზე, ეს საკითხები კიდევ უფრო პრობლემატურია და შეიძლება დამატებითი ბარიერი გახდეს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისთვის,” დასძინა კლენსიმ.

სკოლამდელი დაწესებულებების მონიტორინგი 2019 წელს ჩატარდა და მის ამოცანას წარმოადგენდა მთელი ქვეყნის მასშტაბით  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობისა და ბავშვის უფლებათა დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. მონიტორინგმა  მოიცვა საქართველოს 10 რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში, მათ შორის,  მაღალმთიან რეგიონებში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები. 

ანგარიშის მიხედვით შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • არასაკმარისი ფართი ბაღებში პრობლემად რჩება, რაც შეუძლებელს ხდის შენობებში შესაბამისი ოთახების მოწყობას და საჭირო სივრცეების გამოყოფას ბავშვებისთვის. აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას იმ საბავშვო ბაღებში, რომლებიც არასტანდარტულ შენობაშია განთავსებული.
  • მცირე გამონაკლისების გარდა, საბავშვო ბაღები არ არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე და ვერ უზრუნვეყოფენ მათ სრულფასოვანი ჩართულობას.
  • საბავშვო ბაღების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეზო არ არის  მოწყობილი აღსაზრდელთა საჭიროებებისა და მათი უსაფრთხოების შესაბამისად
  • არასაკმარისია ინვენტარი, რაც გასაკუთრებით მწვავედ შეიმჩნევა საძინებლების, სააღმზრდელო და სასადილო ოთახების საჭიროებებთან მიმართებით.
  • იშვიათად ხდება საბავშვო ბაღების მომარაგება აღსაზრდელთა ასაკისა და რაოდენობის შესაბამისი სათამაშოებით.
  • საბავშვო ბაღებში კვლავ მწვავედ დგას სველი წერტილების ბავშვთა და განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრუწლოვნების საჭიროებების მიხედვით მოწყობა. ამასთან, საბავშვო ბაღების ნაწილში კვლავ გამოწვევად რჩება სველი წერტილების თბილი წყლით უზრუნველყოფის საკითხი.
  • აღმზრდელთა დიდ ნაწილს აქვს გავლილი გადამზადება ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, თუმცა მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია გადამისამართების პროცედურებზე. ეს ხელს უშლის ძალადობის შემთხვევათა გამოვლენასა და მათზე დროულ რეაგირებას.
  • იმ საბავშვო ბაღების 34%-ში, სადაც მონიტორინგი ჩატარდა,   ირიცხებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელები, თუმცა მათგან მხოლოდ 14.2% ჰყავს სპეციალური პედაგოგის კადრი. საბავშვო ბაღის პერსონალის თქმით, აღნიშნული კადრის საჭიროება რეალურად, ბევრად მეტია.
  • პრობლემურია საბავშვო ბაღების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხიც; სოფლების მხოლოდ მცირე ნაწილიდან (13,75%) ხდება აღსაზრდელების ტრანსპორტირება ახლომდებარე საბავშვო ბაღში.

აღნიშნული მონიტორინგის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა მდგომარეობას.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.