საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოში ბავშვზე ზრუნვის სისტემა შეაფასა

სპეციალური ანგარიში, რომელიც მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მდგომარეობას ასახავს, გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადდა

14 მაისი 2019
girl at window
UNICEF/GEO-2019/Jibuti

თბილისი, 14 მაისი. 2019.  სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, აფასებს ბავშვზე ზრუნვის სისტემას და მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში ჩართული ბავშვების, ისევე როგორც საკუთარ ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების და რელიგიურ სკოლა-პანსიონებში მცხოვრები ბავშვების უფლებრივ მდგომარეობას. ანგარიში სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის მხარდაჭერით მოამზადა.

მონიტორინგმა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით არაერთი გამოწვევა გამოავლინა. წლების განმავლობაში რჩება პრობლემები ბავშვის მიმართ ძალადობის, განათლების უფლების განხორციელების, არასრულწლოვანთა სათანადო ფსიქოლოგიური/სარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების, ზრუნვის პროცესში ჩართულ პირთა კვალიფიკაციისა და როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსის ნაკლებობის მიმართულებით.

 

PDO office

 

გარდა ამისა, ყოველთვის ვერ ხერხდება არასრულწლოვნების ბიოლოგიური ოჯახებიდან ბავშვთა სიღარიბის მიზეზით განცალკევების პრევენცია, რადგან სოციალური დაცვის სისტემა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებს ეფექტიან ბავშვზე ზრუნვისა და სოციალურ პროგრამებს ვერ სთავაზობს.

 „გადაუჭრელ პრობლემად რჩება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირება, რთული ქცევისა და კრიზისული მდგომარეობის მართვა, ბავშვზე ძალადობის ფაქტების პრევენცია, მათზე დროული რეაგირება და ფსიქო-სოციალური დახმარება. სახელმწიფოს არ გააჩნია სისტემური ხედვა ბავშვთა სიღარიბის დაძლევის და ოჯახების სოციალური ფუნქციის ამაღლების მიმართულებით. არსებული პროგრამები ვერ პასუხობს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებებს, რაც შესაბამისად უარყოფითად აისახება ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. პრობლემად რჩება ბავშვზე ზრუნვის სფეროში არსებული ხარვეზები, შესაბამისი სპეციალისტების, ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობრივი სიმცირე და მათი ეფექტიანი ჩართულობის პრობლემები“- განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

„გაეროს ბავშვთა ფონდი წლებია აქტიურად თანამშრომლობს სახალხო დამცველის ოფისთან და მხარს უჭერს ბავშვთა უფლებების დამოუკიდებელ მონიტორინგში“ განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.  „სახალხო დამცველის დღეს გამოქვეყნებულ ანაგრიშში ასახულია ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვები დგანან. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, როგორებიცაა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისათვის სპეციალური ფულადი დახმარების შემოღება, საკანონმდებლო ინიციატივები სოციალური სამუშაოს გაუმჯობესების, ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის და მინდობით აღზრდის შესახებ. თუმცა კვლავ პრობლემაა ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების სიმწირე, სოციალური სამუშაოს ხარისხი, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ნაკლებობა და სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბავშვების დახმარება. გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მთავრობასა და სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობას ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით.“


სპეციალური ანგარიში ასევე შეიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულება გააუმჯობესებს ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემაში არსებულ მდგომარეობას. 

ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის სისტემის მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა 43 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, 128 მინდობისა და 68 რეინტეგრაციის სერვისში ჩართული ოჯახი, 7 რელიგიური სკოლა-პანსიონი შეაფასა.  

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი