საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები მსჯელობენ სასულიერო პირების როლზე ბავშვთა უფლებების ხელშეწყობის საქმეში

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ბავშვის უფლებების კონვენციის მთავარი პრინციპები და დებულებები

26 ივნისი 2019
Ghassan Khalil
UNICEF/GEO-2019/Jibuti

თბილისი, საქართველო, 25 ივნისი, 2019. სამდღიანი სემინარი გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისთვის თემაზე-  ბავშვის უფლებებზე და ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ორგანიზებულ სემინარს 35-მდე სასულიერო პირი დაესწრო.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ბავშვის უფლებების კონვენციის მთავარი პრინციპები და დებულებები, სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების მხარდაჭერასა და დაცვაში, ხარისხიანი განათლება, შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმა და ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული სოციალური ნორმები, ბავშვთა დაცვა ძალადობისგან, ოჯახის მნიშვნელობა ბავშვებისთვის, ბავშვთა სიღარიბე და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება.

დისკუსიას საფუძვლად დაედო ბავშვის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მთავარი დებულება, როგორებიცაა: ბავშვის ღირსება; ოჯახი, როგორც ბავშვის აღზრდისთვის საუკეთესო ადგილი და რომ საზოგადოების ყველა წევრს აქვს უფლებები და მოვალეობები მათ წინაშე.

 

Ghassan Khalil on Patriarchy seminars

 

„იუნისეფი თანამშრომლობს რელიგიურ თემებთან მთელ მსოფლიოში ბავშვების კეთილდღეობის ხელშესაწყობად და ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს საპატრიარქოს მზადყოფნას ითანამშრომლოს ბავშვების უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის საქმეში“ - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში დოქტორ ღასან ხალილი. „ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია გვქონდა. მადლობას ვუხდით საპატრიარქოს ნდობისა და გულწრფელობისთვის. სასულიერო პირებს მჭიდრო და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა აქვთ თემებთან და ხშირად,  ძალიან ახლოს არიან საზოგადოების ყველაზე დაუცველ წევრებთან. მათ ყველაზე მეტად შეუძლიათ გაჭირვებულების დახმარება, დაუცველი ბავშვების და ოჯახების მხარდაჭერა. პარტნიორობას საფუძველი ჩაეყარა და დარწმუნებულები ვართ, ის სასიკეთოდ იმოქმედებს ბავშვების და ოჯახების ცხოვრებაზე“ - დაამატა ღასან ხალილმა.

საპატრიარქოს წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს სემინარით და დასძინეს, რომ ბევრი რამ გაიგეს ბავშვის უფლებების კონვენციის, ბავშვების წინაშე მდგარი პრობლემების და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული პროგრამების შესახებ.

„არის საკითხები, რომლებიც გვაერთიანებს, ასევე არის საკითხები, რომლებზეც გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია“.

„ყოველთვის მინდოდა გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობა, მას მერე რაც იუნისეფის წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველოში. მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცა“.

„ბავშვის კეთილდღეობა, უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემებია, რომელთა წინაშეც ბავშვები დგანან დღეს. მოზარდა შორის თვითმკვლელობა დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია. სახელმწიფოსთან და სხვა სუბიექტებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ სანამ პრობლემა წარმოიშვება და დავეხმაროთ ბავშვებს და ოჯახებს“.

„ჯერ იყო სიტყვა, ახლა კი კონკრეტული ქმედების დროა. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა აუცილებლად გამოიღებს შედეგს“.

„ყინული გალღვა. აქამდე ვიყავით „ჩვენები“ და „თქვენები“. ახლა ვართ „ჩვენ“.

 

Ghassan Khalil on Patriarchy seminars

 

წლის განმავლობაში იუნისეფი გამართავს კიდევ ორ სემინარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისთვის, ასევე საქართველოს მუსლიმთა თემისათვის.

იუნისეფს რელიგიურ ორგანიზაციებთან და სასულიერო პირებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიოს მასშტაბით. სასულიერო პირები ყველაზე ახლოს არიან თემთან და საზოგადოების მაღალი ნდობა და პატივისცემა აქვთ, შესაბამისად, მათ შეუძლიათ მიაღწიონ ცვლილებებს ქცევასა და დამოკიდებულებაში, რაც, თავის მხრივ, დადებითად იმოქმედებს ბავშვთა კეთილდღეობასა და განვითარებაზე. 

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი