საქართველოსა და ესტონეთის მთავრობებისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობის შედეგად შემუშავდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
თბილისი, საქართველო, 25 თებერვალი, 2022 წელი. მე-10-დან მე-12 კლასამდე მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის პარტნიორობის შედეგად შემუშავებული ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურისთვის.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის განხილვა მიმდინარეობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ქ-ნი თამარ მახარაშვილი, ესტონეთის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ქ-ნი რიინა კალიურანდი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ბ-ნი ღასან ხალილი.
სამინისტროს მიერ ახალი სასწავლო გეგმის მიღებამდე მიმდინარეობდა აქტიური განხილვები მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების, განათლების სამინისტროსთან არსებული სააგენტოებისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლების მონაწილეობით. 2021 წლის 17 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ოფიციალურად დაამტკიცა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურისთვის.
ახალი სასწავლო გეგმაის შედეგად დაგეგმილი ცვლილებებია:
- ერთმანეთისგან გაიმიჯნა სწავლებისა და სწავლის მიდგომები, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეეძლება აირჩიოს ის საგნები, რომლებსაც სიღრმისეულად შეისწავლის, ამავე დროს გააგრძელებს ახალი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურით გათვალისწინებული ყველა სხვა საგნის შესწავლას და მიიღებს სრულ საშუალო განათლებას. აღნიშნული მიდგომა ეტაპობრივად დაინერგება.
- განახლდა და შეიქმნა სწავლის საფეხურეობრივი შედეგები, შესაბამისად, გაიწერა, თუ რა კომპეტენციები უნდა ჰქონდეს მოსწავლეს თითოეულ საგანში საშუალო საფეხურის დასრულების შემდეგ;
- სწავლის შედეგები დაეფუძნა ცნებების პედაგოგიკას, რაც გულისხმობს აქტიურ და ინტერაქტიულ სწავლა-სწავლებას, ცოდნის აგების პროცესს, წინარე ცოდნაზე დაფუძნებულ ახალ ცოდნას და საკლასო ოთახში მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან კავშირს.
- მოხდა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურისა და პროფესიული განათლების მე-4 დონის პროგრამების სინქრონიზაცია, რომლის საფუძველზეც მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ ორივე პროგრამა და მიიღონ ორი დიპლომი. აღნიშნული ხელს შეუწყობს როგორც ზოგადი განათლების, ასევე პროფესიული განათლების სტუდენტებს აირჩიონ მათი ინტერესების შესაბამისი განათლება და ამავდროულად ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები შემდგომი განათლების მისაღებად.
ასევე გაფართოვდა არჩევითი საგნების ნუსხა, მომზადდა შესაბამისი შინაარსი მისი უკეთ სწავლებისთვის, მათ შორის, მნიშვნელოვანი საკითხავი რესურსი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის.
ეროვნული სასწავლო გეგმა პასუხობს განათლების თანამედროვე საჭიროებებს და ხელს უწყობს საქართველოს ახალგაზრდა თაობას, ეფექტურად იფუნქციონიროს ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ კონკურენტულ გარემოში, ეხმარება მოზარდებს, მოემზადონ ცხოვრების გამოწვევებისთვის, დასაქმებასა და შემდგომ განათლებაში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე დაიწყო ახალი სასწავლო გეგმის დანერგვა და გამოაცხადა მე-10 კლასის ყველა საგნის სახელმძღვანელოს გრიფირების კონკურსი. შესაბამისად, მე-10 კლასის ახალი სასწავლო გეგმა დაინერგება 2022-2023 სასწავლო წლიდან.
მიმდინარე პროექტი არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის არსებული წინა პარტნიორობის ლოგიკური გაგრძელება, რომლის მიზანიც იყო სამინისტროს მხარდაჭერა საშუალო განათლების საწყისი საფეხურისთვის (1-ლი - მე-9 კლასებისთვის) საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის განახლებაში, საერთაშორისო და ესტონური საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.