საფრანგეთის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ახალი პარტნიორობა მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების გაძლიერებას საქართველოში

06 დეკემბერი 2023
საფრანგეთის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ახალი პარტნიორობა მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების გაძლიერებას საქართველოში
UNICEF/Geo-2023/Sukhitashvili

თბილისი, საქართველო, 2023 წლის 6 დეკემბერი. გაეროს ბავშვთა ფონდმა და საფრანგეთის საელჩომ განაცხადეს ახალი პარტნიორული ინიციატივის დაწყების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების გაძლიერებას საქართველოში. პროგრამა - ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა საქართველოში - აამაღლებს ბავშვთა უფლებებზე მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციას, დაეხმარება პროფესიონალებს ბავშვებისთვის ხარისხიანი სერვისების მოწოდებაში და გააძლიერებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებულ ბავშვის უფლებათა ცენტრებს, როგორც ცოდნის გავრცელების, ტრენინგების და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული აქტივობების მთავარ სივრცეებს.

პროგრამა მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებას ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების და ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნის გაღრმავების ხელშესაწყობად. პროგრამის მთავარი მიზნებია:

  • ბავშვთა უფლებების ცენტრების გაძლიერება: რეგიონულ უნივერსიტეტებში არსებული ბავშვთა უფლებების ცენტრების გაძლიერება და ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნის გავრცელება პროფესიონალებს, პედაგოგებს, იურისტებს, აკადემიურ წრეებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მშობლებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს შორის. ინიციატივის მეშვეობით ახალგაზრდები ასევე შეძლებენ ბავშვთა უფლებების ცენტრების საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას.
  • ბავშვთა უფლებების შესახებ ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავება: პარტნიორ უნივერსიტეტებში ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავება, რომელიც მოამზადებს ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებს. ბავშვთა უფლებების ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამა უზრუნველყოფს ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული კონკრეტული სამართლებრივი, სოციალური, საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური და პოლიტიკის საკითხების სიღრმისეულ ცოდნას.
  • ბავშვთა საქმეებზე მომუშავე სპეციალიზებული მოსამართლის კონცეფცია: პროექტის ფარგლებში დაიწყება დიალოგი სხვადასხვა უწყებასთან და საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან და შესაბამის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდება ბავშვთა საქმეებზე მომუშავე სპეციალიზებული მოსამართლის კონცეფცია. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ბავშვთა მართლმსაჯულებას და ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და ბავშვთა უფლებების კოდექსის განხორციელებას.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან პარტნიორობით, ითანამშრომლებს საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან, იუსტიციის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, გენერალურ პროკურატურასთან, იურიდიული დახმარების სამსახურთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, უნივერსიტეტებთან, ადვოკატთა ასოციაციებთან, ახალგაზრდულ საბჭოებთან და ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, სკოლებთან, სხვა სამინისტროებთან და უწყებებთან.

პროექტის ფარგლებში სპეციალისტები საფრანგეთიდან ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ ექსპერტულ ცოდნასა და გამოცდილებას სემინარების, ტრენინგების და სხვა აქტივობების მეშვეობით.

ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა საფრანგეთის მთავრობის პრიორიტეტია და მას იუნისეფთან პარტნიორობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მსოფლიოს მასშტაბით.

გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად საქმიანობს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების კულტურის გაძლიერების და სამთავრობო უწყებებს, პროფესიონალებს, მშობლებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს შორის ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნის გავრცელების მიმართულებით, როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე. ბავშვის უფლებათა კოდექსში ხაზგასმულია მთავრობის როლი ბავშვთა უფლებების განხორციელებაში და აღნიშნულია პროფესიონალების სპეციალიზაციის აუცილებლობა ბავშვზე მორგებული სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

გაეროს ბავშვთა ფონდმა ხელი შეუწყო ბავშვთა უფლებების ცენტრების შექმნას რიგ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტში. ცენტრების მიზანია ბავშვთა უფლებების ხელშეწყობა და ბავშვთა უფლებების სწავლებისა და დაცვისთვის მდგრადი პლატფორმების უზრუნველყოფა.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.