საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ უმასპინძლებს პროფესორ-მასწავლებლებს, ადრეული განათლების მუშაკებს და პოლიტიკის შემქმნელებს

საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით

27 იანვარი 2022
UNICEF Representative to Georgia, Ghassan Khalil met the Minister of Education of Adjara, Maia Khajishvili
UNICEF/Geo-2022/Tsetskhladze

ბათუმი, საქართველო, 2021 წლის 27 იანვარი. 2-3 ივნისს ბათუმში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ადრეულ განათლებასა და ზრუნვაზე წვდომის, ხარისხისა და ინკლუზიის საკითხებზე აკადემიური დისკუსიისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობას მიეძღვნება. დღეს ამის შესახებ ბათუმში განაცხადეს კონფერენციის ორგანიზატორებმა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში.

ორდღიანი კონფერენციის მიზანია,  ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, წვდომისა და ინკლუზიის საკითხებზე აკადემიური დისკუსიისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა და ადრეული განათლების მნიშვნელობაზე ფართო საზოგადოებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელთა ცნობიერების ამაღლება. კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებსა და სტუდენტებს, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, საქართველოში მომუშავე საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა განიხილონ საქართველოში ადრეული განათლებისა და ზრუნვის სფეროში არსებული გამოწვევები, მიდგომები და ახალი პერსპექტივები.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში განათლების სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები შეძლებენ გამოცდილების გაზიარებას ადრეული განათლებასა და ზრუნვის სფეროზე კოვიდ-19-ის პანდემის გავლენასთან, ასევე ინოვაციურ და ალტერნატიულ მიდგომებთან დაკავშირებით.

„მოხარული ვართ ვუმასპინძლოთ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ მორიგ საერთაშორისო კონფერენციას. გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყალიბდება ბავშვის უფლებების ცენტრი. ცენტრი შეასრულებს რესურსების ჰაბის ფუნქციას და ხელს შეუწყობს ბავშვის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებს, მშობლებსა და ბავშვებს შორის. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ აღნიშნული ცენტრი ასევე გახდეს სკოლამდელი განათლების სფეროს წარმომადგენელთა შეკრების ადგილი და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ განვითარებას“, აღნიშნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა.

„მადლობას ვუხდით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზების ინიცირებისთვის, ხოლო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს - მისი მასპინძლობისთვის. მოუთმენლად ველით კონფერენციას, რომელიც ადრეული განათლებისა და ზრუნვის სფეროს ექსპერტებს, მასწავლებლებსა და პოლიტიკოსებს მისცემს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას“, აღნიშნა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა. „იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო კონფერენცია და უნივერსიტეტთან არსებული ბავშვის უფლებათა ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოში ხარისხიანი სკოლამდელი განათლებისა და ბავშვის უფლებების კულტურის გაძლიერებას, რათა ყველა ბავშვს ცხოვრებაში საუკეთესო სასტარტო პოზიცია მიეცეს“, დაამატა ხალილმა.

ადრეულ განათლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა ბავშვისთვის, ვინაიდან იგი საფუძველს უყრის მის შემდგომ ზრდასა და განვითარებას. ადრეული ასაკის ბავშვებში ჩადებული ინვესტიცია დადებით გავლენას ახდენს არა მხოლოდ მათ ჯანმრთელობაზე, კეთილდღეობაზე, სწავლისა და დაცვის ხარისხზე, არამედ ასევე ქვეყნის საშუალო და გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

About UNICEF

UNICEF promotes the rights and wellbeing of every child, in everything we do. Together with our partners, we work in 190 countries and territories to translate that commitment into practical action, focusing special effort on reaching the most vulnerable and excluded children, to the benefit of all children, everywhere.

For more information about UNICEF and its work for children, visit www.unicef.org/georgia/

Follow UNICEF on Twitter and Facebook