ნიკოლოზ რაჭველს ხელახლა მიენიჭა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება

იგეგმება ერთობლივი კონცერტი ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავის აღსანიშნავად

27 სექტემბერი 2019
Ghassan Khalil and Nikoloz Rachveli
UNICEF/GEO-2019/Blagonravova

 თბილისი, 2019 წლის 26 სექტემბერი. გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს თანამშრომლობას  ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, დირიჟორსა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ნიკოლოზ რაჭველთან და მას ხელახლა ანიჭებს   საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდებას. ნიკოლოზ რაჭველის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ბავშვის უფლებების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა უფლებების დაცვას და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას.  ნიკოლოზ რაჭველი ელჩის წოდებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში ატარებს. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ასევე გახდება გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდამჭერი. 1 ოქტომბერს გაიმართება ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი, რომელიც ეძღვნება ბავშვის უფლებების კონვენციის 30 წლის იუბილეს.

”30 წლის წინ მისი მიღების შემდეგ, ბავშვის უფლებების კონვენცია ხელს უწყობს ბავშვების ცხოვრების პოზიტიურ ცვლილებას”, - თქვა დოქტორ ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „თუმცა, კონვენცია ამ დრომდეც არ არის სრულად განხორცილებული და ფართოდ გააზრებული. საიუბილეო თარიღი, რასაც წელს აღვნიშნავთ, უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთი ვალდებულება სრულად განახორციელონ კონვენცია 21-ე საუკუნის ბავშვისთვის. ყველა ბავშვისთვის ყველა უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია პარტნიორობა. მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ნიკოლოზ რაჭველთან, როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩთან საქართველოში. იგი აქტიურად მუშაობს გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად და გვეხმარება, რომ კიდევ უფრო ფართო საზოგადოებას მიწვდეს ჩვენი გზავნილი - ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ძალადობისგან, სარგებლობდეს თანაბარი უფლებებით და ცხოვრობდეს სტიგმისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში. მადლობა ნიკოლოზს და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში მათი ძალისხმევისთვის ”.

 „ძალიან მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებ მუშაობას, როგორც იუნისეფის ელჩი საქართველოში”, - თქვა ნიკოლოზ რაჭველმა. ”ეს, პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობაა და ჩემი პატივია, განვაგრძო ბავშვების უფლებების ადვოკატირება საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით“.

პარტნიორობის აღსანიშნავად, ასევე ბავშვის უფლებების კონვენციის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს და 1 ოქტომბრის კონცერტს სახელმწიფო ოპერის თეატრში უძღვნიან ბავშვთა უფლებებს. კონცერტში ასევე მონაწილეობს 10 წლის პიანისტი ცოტნე ზედგინიძე - ცხოვრებაში პირველად ის დაუკრავს დიდ სცენაზე, ორკესტრთან ერთად.

გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით 2019 წლის ივნისიდან გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება ბავშვის უფლებების კონვენციის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ჩატარდა ლექციები სხვადასხვა უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების შესახებ, სემინარები რელიგიური მუშაკებისთვის, საჯარო ღონისძიებები, დაგეგმილია ახალგაზრდებისთვის ჰაკათონი და ასევე, დისკუსიები ბავშვთა უფლებების შესახებ. საბოლოო ღონისძიება 20 ნოემბერს გაიმართება.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

აღმოაჩინე მეტი