მუნიციპალიტეტები მსჯელობენ ბავშვების და ოჯახების კეთილდღეობისათვის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ

ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობები თანხმდებიან, კოორდინირებულად იმოქმედონ ძალადობის აღმოსაფხვრელად, მოწყვლადი ოჯახებისთვის სოციალური მომსახურების გასაუმჯობესებლად და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასაცავად

20 თებერვალი 2019
Meeting with municipalities
UNICEF/Geo-2018/Khetaguri

თბილისი, 20 თებერვალი 2018. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი შეიკრიბა თბილისში ორდღიან ფორუმზე, რათა შეთანხმდნენ როლებსა და პასუხისმგებლობებზე, რომლებიც ეკისრება   ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს დაუცველი ოჯახების დახმარებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით.     

შეხვედრა ორგანიზებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონიდის მიერ ევროკავშირთან პარტნიორობით. შეხვედრაში მონაწილეობენ სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების, სახალხო დამცველის ოფისის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.   

“მუნიციპალიტეტებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ ბავშვების ძალადობისგან დაცვის, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარების საქმეში“, განაცხადა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ქ-მა ლაილა გადმა. “მუნიციპალიტეტები პასუხისმგებელნი არიან აუცილებელი მომსახურებების მიწოდებაზე და შეუძლიათ აკონტროლონ, თუ როგორაა დაცული  ბავშვებისა და მათი ოჯახების უფლებები. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტებისთვის კვლავაც დიდ გამოწვევად რჩება ეფექტიანი რეაგირება ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებებიდან გამომდინარე. ასევე მწირი და არასაკმარისია ბავშვებისა და ოჯახებისთვის არსებული მომსახურებებიც. მუნიციპალიტეტების გაძლიერება აუცილებელია დაუცველი ბავშვების და ოჯახების მხარდაჭერისა და  მათი აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისათვის. გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს მუნიციპალიტეტებთან შეზღუდული შესაძლებლობის და ძალადობის მსხვერპლი  ბავშვებისთვის  მომსახურებების განვითარების მიზნით. ჩვენ  კვლავაც გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას საქართველოს  ცენტრალურ მთავრობასა და სხვა პარტნიორებთან ერთად“, განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.  

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ მუნიციპალიტეტების გადამწყვეტ როლზე დაუცველი ოჯახების დახმარების საქმეში და განიხილეს ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და ბავშვზე ძალადობის დასრულების გლობალურ პარტნიორობაში გაწევრიანებისთვის.

„ბავშვებისა და ოჯახების უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ღირსება ყველას ეხება. ეს ღირებულებები ერთია როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირისათვის. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებული დღის წესრიგი ხაზს უსვამს ყველა ფორმის ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის ღონისძიებების გაფართოებისა და გაძლიერების აუცილებლობას. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას მთავრობასა და მუნიციპალიტეტებთან ამ მიმართულებით“, განაცხადა ბ-მა ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.  

ორდღიანი ფორუმი მუნიციპალიტეტებისთვის

🗓 20-21 თებერვალს გაიმართა ორდღიანი ფორუმი მუნიციპალიტეტებისთვის, რომელზეც განიხილებოდა სახელმწიფო პოლიტიკა ბავშვთა და ოჯახური ძალადობის დაძლევისა და კეთილდღეობისათვის. ✅ ფორუმი ორგანიზებული იყო ჯანდაცვის სამინისტრო Ministry Of Labour,Health&Social Affairs Of Georgiaს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და UNICEF Georgia-ს მიერ, ევროკავშირთან (European Union in Georgia) პარტნიორობით. ➡ გაიგეთ მეტი: http://bit.ly/2obKwMm

Posted by UNICEF Georgia on Thursday, March 15, 2018

ფორუმზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • ბავშვის დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შესაბამისი რეგულაციების შემუშავება და ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირების, რეფერირებისათვის საჭირო პროფესიონალური შესაძლებლობების  უზრუნველყოფა ადგილობრივ დონეზე;
  • სხვადასხვა სახის ინკლუზიური მომსახურება ადგილობრივ დონეზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდაჭერის საუკეთესო პრაქტიკა;
  • მიმდინარე სოციალური დაცვის პროგრამები და მომსახურებები მუნიციპალურ და ცენტრალურ დონეზე, მათ შორის, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა; ამ პროგრამების გაუმჯობესების შესაძლებლობები და მუნიციპალურ დონეზე სოციალური დახმარების სქემების შემუშავება მიზნობრივი დახმარების მიღმა დარჩენილი ჯგუფებისთვის.

ფორუმზე მიღებული გადაწყვეტილებენი აისახება სახელმწიფო დეცენტრალიზაციის სტრატეგიასა და 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.

კამპანია „დაინახე ყველა ფერი“ -ს ფარგლებში, რომლის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცირება იყო, გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაცხადა კონკურსი  მუნიციპალიტეტებს შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების გამოსავლენად (ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სპეციალური პროგრამები და მომსახურებები, ინოვაციური მიდგომა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისა და მათი მშობლების  ჩართულობა). ფურუმზე დასახელდა ოთხი გამარჯვებული მუნიციპალიტეტი, რომელთაც გადაეცათ სპეციალური პრიზები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, რაც სტიმული იქნება სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გააძლიერონ ძალისხმევა ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად. 

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

UNICEF-ის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გვერდს: www.unicef.ge 

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

აღმოაჩინე მეტი