მსოფლიოს ბავშვთა დღეს გაეროს ბავშვთა ფონდი პანდემიის შედეგად დაზარალებული, ყველაზე მეტად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების დაცვისკენ მოუწოდებს
- English
- ქართული
თბილისი, საქართველო, 2020 წლის 20 ნოემბერი. მსოფლიოს ბავშვთა დღეს ყველაზე დაუცველ ოჯახებსა და ბავშვებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირების მიზნით განხორციელებულ ღონისძებებში, აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდი.
პანდემიის დაწყებიდან, რამაც ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი მომავალი, თითქმის ერთი წლის გასვლიდან სულ უფრო შემაშფოთებელი ხდება ის გავლენა, რასაც ვირუსი ბავშვებსა და ახალგაზრდებზე ახდენს. ბავშვები მრავალი საფრთხის წინაშე დგანან: უშუალოდ დაავადების გარდა, ისინი არსებითი მომსახურებების შეფერხებით მიღების, მზარდი სიღარიბისა და უთანასწორობის საფრთხის წინაშე დგანან. ჯანდაცვის, კვების, განათლების, წყლისა და სანიტარული მომსახურების, ასევე სოციალური და ბავშვთა დაცვის მომსახურების შეწყვეტით მიწოდებამ სავალალო გავლენა მოახდინა ბავშვებსა და ახალგაზრდებზე მთელს მსოფლიოში.
"კორონავირუსის კრიზისი ბავშვთა უფლებების კრიზისია. პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგები მალევე იწვნიეს ბავშვებმა, და იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მათზე რეაგირება, ეს შესაძლოა მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეთ." - ღასან ხალილი
„კორონავირუსის კრიზისი ბავშვთა უფლებების კრიზისია. პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგები მალევე იწვნიეს ბავშვებმა, და იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მათზე რეაგირება, ეს შესაძლოა მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეთ,“ განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა. „ბავშვებსა და ახალგაზრდებს პანდემიის შედეგებით ცხოვრება მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ, და ამიტომაც, მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც მათ მომავალზე გავლენას მოახდენს.“
მსოფლიოს ბავშვთა დღე 2020 წელს საქართველოში მნიშვნელოვნად განსხვავებულ ვითარებაში ჩატარდა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო. ღონისძიებებისა და აქტივობების უმეტესობამ ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა, რამაც ბავშვებსა და ახალგაზრდებს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვისა და მომავლის გადახედვის საშუალება მისცა.
ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებიდან ბავშვთა უფლებების ადვოკატირების მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა, იუნისეფის სხვა პროფესიონალებთან ერთად, მსოფლიოს ბავშვთა დღე ახალქალაქში აღნიშნა, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ქალაქში. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები ამ რეგიონის ახალგაზრდებს შეხვდნენ და განიხილეს არსებული გამოწვევები და სირთულეები, ასევე სხვადასხვა იდეები, თუ როგორ გადაიჭრას არსებული პრობლემები. აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა ქალაქის მთავარ პარკში, სადაც ახალგაზრდებმა საკუთარი ნახატები და ფოტოსურათები გამოფინეს, რომელიც მათ მსოფლიოს ბავშვთა დღის აღსანიშნავად მოამზადეს თემაზე: „როგორ წარმომიდგენია ჩემი მომავალი - უკეთესი მსოფლიო COVID-19-ის შემდეგ.“
"მნიშვნელოვანია პანდემიასთან დაკავშირებით არსებული გამოცდილებიდან ვისწავლოთ და ბავშვებისათვის უკეთესი რეალობა შევქმნათ COVID-19-ის შემდგომ პერიოდში." - ნიკოლოზ რაჭველი
გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩმა საქართველოში, ცნობილმა ქართველმა დირიჟორმა და კომპოზიტორმა ნიკოლოზ რაჭველმა მსოფლიოს ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ თავის მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა: „მნიშვნელოვანია პანდემიასთან დაკავშირებით არსებული გამოცდილებიდან ვისწავლოთ და ბავშვებისათვის უკეთესი რეალობა შევქმნათ COVID-19-ის შემდგომ პერიოდში. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ თითოეულ ბავშვს აქვს ხარისხიან განათლებაზე წვდომა, ადეკვატური საცხოვრებელი პირობები და სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით. ამ პროცესში ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ბავშვებს და ვკითხოთ, თუ როგორი ცხოვრება სურთ“, დასძინა რაჭველმა.
გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ასევე შეუერთდა გლობალურ კამპანიას, „ბავშვები მართავენ“ და ‘ლურჯად გაანათე მსოფლიო’, რაც მსოფლიოში ჩატარებული ღონისძიებების დამაკავშირებელ ძირითად კონცეფციებად რჩება. საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ინსტაგრამის და ფეისბუქის გვერდები მოზარდებმა გადაიბარეს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან. ისინი ამ გვერდებზე ათავსებდნენ თავიანთ ფოტოებსა და ვიდეოებს, გვიზიარებდნენ სხვადასხვა ამბებსა და წუხილს. ხარისხიან განათლებაზე არათანაბარი წვდომა; ახალგაზრდული ცენტრების ნაკლებობა რეგიონებში; გამოწვევები, რომელთა წინაშეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დგანან; სწავლების ინოვაციური მეთოდები - ზოგიერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც ბავშვებმა სოციალურ მედიაში წამოჭრეს.
ეს დღე ასევე აღინიშნა იუნისეფის ფეისბუქის გვერდზე ბავშვებისათვის განკუთვნილი ჩეთბოტის წარდგენით, რათა ბავშვებს და ახალაგაზრდებს დავეხმაროთ COVID-19 პანდემიის, პრევენციის ღონისძიებებისა და მარეგულირებელი წესების შესახებ სანდო ინფორმაციის მიღებაში მათთვის გასაგებ ენაზე. ჩეთბოტის მეშვეობით ბავშვები ასევე მიიღებენ ინფორმაციას ძალადობის შესახებ და თუ ვის და როგორ შეატყობინონ ძალადობის შემთხვევები. ეს გამოყენებულ იქნება როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდების გადამისამართების საშუალება შესაბამისი მომსახურების მისაღებად და დახმარების ხაზებთან დასაკავშირებლად, თუკი მათ ეს დასჭირდებათ. ჩეთბოტი ახალგაზრდების მონაწილეობით შეიქმნა და მისი მიზანია პასუხი გასცეს იმ შეკითხვებსა და წამოჭრილ პრობლემებს, რომელიც ბავშვთა მიერ, ბავშვების მონაწილეობით ჩატარებული ფოკუს ჯგუფებისა და გამოკითხვების შედეგად დაგროვდა.
მსოფლიოს ბავშვთა დღის აღნიშვნის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა თხოვნით მიმართა მხარდამჭერებს, რომ სოლიდარობა გამოეხატათ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი და დაუცველი ბავშვების მიმართ და „მსოფლიოს ლურჯად განათებაში“ დახმარებოდნენ. საქართველოში სამი ქალაქი შემოუერთდა ამ ინიციატივას და შედეგად, თბილისის სიმბოლო - სატელევიზიო ანძა, ბათუმის ახალი სტადიონი და ქუთაისის სახელმწიფო დრამის თეატრი ლურჯად განათდა 20 ნოემბერს. 2020 წელს სამივე ქალაქი შეუერთდა გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივას ბავშვზე მორგებული ქალაქების შესახებ, რითაც მათ ვალდებულება აიღეს ქალაქის დღის წესრიგში ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოთ.
მსოფლიოს ბავშვთა დღე გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური დღეა, როდესაც ბავშვების მიერ ბავშვებისათვის ტარდება სხვადასხვა აქტივობა, 1989 წლის 20 ნოემბერს ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების აღსანიშნავად.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.