მეორე წელი დახურული სკოლების პირობებში ძალიან საზიანო იქნება ბავშვებისათვის

გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორის განცხადება

14 იანვარი 2021
Children in school
UNICEF/GEO-2020/Jibuti

ნიუ-იორკი, 2021 წლის 12 იანვარი - მეორე წელია, რაც მსოფლიოს კორონავირუსის პანდემიის პირობებში უწევს ცხოვრება, მთელ მსოფლიოში იზრდება დაავადების შემთხვევათა რაოდენობა; ამის მიუხედავად, საჭიროა მაქსიმალური ძალისხმევა, რათა სკოლები გაიხსნას ან შეზღუდვების შემსუბუქების გეგმებში პრიორიტეტი მიენიჭოს სკოლების გახსნას.

არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს ბავშვებზე სკოლების დახურვის ზეგავლენას, ასევე, მრავალი მტკიცებულება, რომ სკოლა არ არის პანდემიის ძირითადი წარმმართველი ფაქტორი, თუმცა, ძალიან ბევრმა ქვეყანამ დახურა სკოლები, ზოგიერთმა - თითქმის მთელი წლით.

სკოლების დახურვის საფასური - რომელიც, პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის პიკურ პერიოდში მთელ მსოფლიოში მოსწავლეთა 90 პროცენტს შეეხო და რომლის შედეგად მოსწავლეთა ერთ მესამედზე მეტი დარჩა დისტანციურ სწავლებაზე წვდომის გარეშე - გამანადგურებელია.

მოსალოდნელია სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების რაოდენობის 24 მილიონით გაზრდა; ასეთი მაღალი მაჩვენებელი, რომლის შესამცირებლად ძალიან დიდი შრომა იყო გაწეული, წლების მანძილზე არ დაფიქსირებულა.

ბავშვებში გაუარესდა კითხვის, წერის, მათემატიკის საბაზისო ცოდნის დონე, ასევე, 21-ე საუკუნის ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად საჭირო უნარ-ჩვევები.

 რისკის წინაშეა მათი ჯანმრთელობა, განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. შედეგები ყველაზე მძიმეა უკიდურესად დაუცველი ბავშვების შემთხვევაში.

სასკოლო კვებით სარგებლობის შესაძლებლობის გარეშე დარჩენილი ბავშვების კვების რაციონი უარესდება. ბავშვები ვეღარ ახერხებენ თანატოლებთან ყოველდღიურად ურთიერთობას, ასევე, ნაკლებს მოძრაობენ, რაც განაპირობებს მათი ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებას და ფსიქიკური აშლილობის ნიშნების წარმოქმნას. სკოლის პირობებში ხელმისაწვდომი მხარდაჭერის სისტემის გარეშე დარჩენილი ბავშვები დადგნენ შეურაცხყოფის/ძალადობის, ბავშვთა ქორწინებისა და ბავშვთა შრომის გაზრდილი რისკების წინაშე.

სწორედ ამიტომ, სკოლების დახურვა უნდა წარმოადგენდეს უკიდურეს ზომას, და მისი გამოყენება უნდა მოხდეს ყველა სხვა ალტერნატივის გათვალისწინების შემდეგ.

სკოლების დახურვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ძირითადად უნდა დაემყაროს ადგილობრივ დონეზე გავრცელების რისკის შეფასებას. როდესაც შესაძლებელია, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ქვეყნის მასშტაბით სკოლების დახურვა. დაავადების გავრცელების მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში, რაც უკიდურეს წნეხს უქმნის ჯანდაცვის სისტემებს და როდესაც სკოლების დახურვა გარდაუვალია, უნდა ამუშავდეს მხარდამჭერი მექანიზმები. ეს მოიცავს იმასა, რომ სახლში ძალადობის რისკის წინაშე მყოფმა ბავშვებმა, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო კვება და რომელთა მშობლები საციცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე მუშაობენ, შეძლონ განათლების გაგრძელება საკლასო ოთახებში.

კარანტინის დაწესების შემთხვევაში, ხელისუფლების მიერ შეზღუდვების მოხსნის დაწყებისთანავე, სკოლები უნდა გაიხსნას პირველივე ეტაპზე. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს გაკვეთილების ჩატარებას იმ ბავშვებისათვის, რომლებიც ვერ ახერხებდნენ დისტანციურად სწავლას, მათი ჩამორჩენის გამოსარიცხად.

შედეგები, რომლებიც დახურული სკოლების პირობებში კიდევ ერთი სასწავლო წლის გატარებას მოჰყვება, მომავალ თაობებზე აისახება.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.