კომუნიკაციების კომისიის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების პროცესი იწყება

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
თბილისი, საქართველო, 13 ივლისი. 2022 წ. კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის ხელშეწყობის პროცესი დაიწყო. პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კოვიდ-19 პანდემიის პერიოდში ვრცელდებოდა ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია, იქნებოდა ეს უნებლიედ თუ განზრახ. მცდარი ინფორმაციის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორების გაგება და ამ პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის.
პროექტის ფარგებში, პირველ ეტაპზე, სკოლებში განხორციელდება მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევა და შეფასება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ყველა საფეხურისთვის შემუშავდება მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და შესაბამისი ტრენინგ-მოდული მასწავლებლებისთვის. პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი რესურსების მიხედვით გადამზადდებიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერები და პედაგოგები.
„მედიაწიგნიერება არის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების კრიტიკულად მოაზროვნეებად, ეფექტურ კომუნიკატორებად და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას“ - ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.
„მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში დანერგვა ახალგაზრდებს დაეხმარება, უკეთ მოემზადონ სხვადასხვა მედიით მიღებულ უამრავ ინფორმაციაში ნავიგაციისთვის. გაეროს ბავშვთა ფონდი მოხარულია, ითანამშრომლოს კომუნიკაციების კომისიას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან და მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს ამ გზაზე“, დასძინა მან.
“კომუნიკაციების კომისია მეხუთე წელია აქტიურად ზრუნავს ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე. დეზინფორმაცია, მისინფორმაცია, ყალბი ახალი ამბები - 21-ე საუკუნის, თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა. ამ ყველაფერთან ბრძოლის მთავარი იარაღი მედიაწიგნიერებით, ცოდნით შეიარაღებული მოქალაქეა. მიხარია, რომ ამჯერად გვაქვს შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ერთი ძალიან საჭირო და ეფექტიანი პროექტი განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უშუალო ჩართულობით განხორციელდება, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, კომისიამ უკვე განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, თუმცა ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვისკენ მიმართული ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ.
„თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, რომელიც გაჯერებულია უაღრესად მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მედიაპროდუქტებით, მედიაწიგნიერება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპეტენციას წარმოადგენს. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მედიაწიგნიერება, როგორც გამჭოლი კომპეტენცია, გულისხმობს მოსწავლეთა მედიაგანათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ყველა საფეხურისთვის. მედიაწიგნიერების გარეშე წარმოუდგენელია მოსწავლის სოციალური, ემოციური თუ კოგნიტური განვითარება და ისეთი ფუნქციურ-კომპონენტური უნარების გამომუშავება, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, მოქალაქეობა. ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, ფორმალური განათლების სივრცეში დანერგილია მთელი რიგი სასწავლო აქტივობებისა, რომლებიც ხელს უწყობს მედიაგანათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ეხმარება მოსწავლეებს, გამოიმუშაონ კომპლექსურ და მრავალსახოვან მედიასივრცეში თამამად ორიენტირების უნარი. პარტნიორობა კომუნიკაციების კომისიასთან კიდევ უფრო გააძლიერებს და მდგრადს გახდის მედიაწიგნიერების კომპეტენციების დანერგვის მხარდაჭერას სწავლა-სწავლების პროცესში“,- განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდმა უკვე დაიწყო სემინარები მედია წიგნიერების შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ახალგაზრდებისთვის, რათა დაუპირისპირდეს კოვიდ-19-ისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.