კახეთში მასწავლებლებმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს გაეროს ბავშვთა ფონდისა და მთავრობის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში

ვაქცინაცია დაიცავს მასწავლებლებს ვირუსისგან, მისცემს ბავშვების პირისპირ სწავლების საშუალებას და ხელს შეუწყობს სკოლების გახსნას

07 სექტემბერი 2021
Vaccination in Kakheti
UNICEF/GEO-2021/Bejanishvili

თელავი, საქართველო, 2021 წლის 7-8 სექტემბერი 150-ზე მეტმა მასწავლებელმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა კახეთიდან მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო შეხვედრებში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, რომლებიც გაეროს ბავშვთა ფონდის, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პარტნიორობით გაიმართა. თელავსა და კაჭრეთში გამართული საინფორმაციო მონაწილე მასწავლებლები, რომლებიც წინა ხაზზე მომუშავე პერსონალს წარმოადგენენ, შეხვედრების დასრულების შემდეგ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ. მასწავლებლების ვაქცინაცია მნიშვნელოვანია სკოლების უსაფრთხო გახსნისათვის.  

სესიებს ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები უძღვებოდნენ და მიზნად ისახავდა ვაქცინაციის წახალისებას მასწავლებლებში. საინფორმაციო სესიებს და მასწავლებელთა ვაქცინაციას დაესწრნენ სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ბ-ნი ირაკლი შიოშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ეკატერინე დგებუაძე, საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ქ-ნი ჰელენე სანდ ანდერსენი, საქართველოში ესტონეთის ელჩი ქ-ნი რიინა კალიურანდი, საქართველოში ლიეტუვის ელჩი ბ-ნი ანდრიუს კალინდრა და იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში ბ-ნი ღასან ხალილი.

სესიებს ფასილიტაცია გაუწიეს სამედიცინო სფეროს ცნობილმა ექსპერტებმა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტმა ზვიად ყიფიანმა; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.

2021 წლის მაისიდან მოყოლებული, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარა 16 შეხვედრა თემის ლიდერებთან, მათ შორის მასწავლებლებთან, ექიმებთან, რელიგიურ ლიდერებთან და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, აღნიშნული ჯგუფების კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების მიზნით. საინფორმაციო შეხვედრების შედეგად, შეხვედრის დღესვე დაახლოებით 1000 ადამიანი აიცრა. მას შემდეგ მასწავლებლები თავიანთ თემებში აგრძელებდნენ ინფორმაციის გავრცელებას, რაც ვაქცინაციის უფრო მაღალ მაჩვენებელში გამოიხატა. ერთობლივი ინტერვენციების შედეგად, 2021 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით სრულად ვაქცინირებულ მასწავლებელთა მაჩვენებელი 9 პროცენტიდან 46 პროცენტამდე გაიზარდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდი უახლოეს სამ თვეში აპირებს 42 საინფორმაციო სესიის ორგანიზებას, რომლებსაც 3000 მასწავლებელი დაესწრება.

სკოლები ცენტრალურ როლს თამაშობს ბავშვების განვითარების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიღწევაში. სკოლის გარეთ ბავშვებს მეტი საფრთხე ემუქრებათ, ვიდრე სკოლაში ყოფნისას. ამას სამი ძირითადი მიზეზი აქვს:

  1. სკოლის დახურვა გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მათი განვითარების კრიტიკულ ეტაპზე, რაც თითოეულ ბავშვზე, მათ ოჯახზე და მათ ეკონომიკური მდგომარეობაზე შეუქცევად კვალს ტოვებს. ამ ბავშვებიდან ბევრი ვერასდროს დაეწევა სასწავლო პროგრამას.
  2. რისკების შემცირების ზომების გამოყენების შემთხვევაში, სკოლები ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოა. უახლესი მტკიცებულებები მოწმობს, რომ სკოლები არ არის COVID-19– ის გამავრცელებელი საზოგადოებაში და COVID-19 არ წარმოადგენს მაღალ რისკს ბავშვებისთვის.
  3. სკოლების დახურვას ყველაზე დიდი უარყოფითი გავლენა აქვს ყველაზე დაუცველ ბავშვებზე, რომლებსაც ნაკლებად აქვთ წვდომა დისტანციურ სწავლებაზე და რომლებიც უფრო მეტად არიან ძალადობის, ჩაგვრის, უგულებელყოფის, ბავშვთა შრომისა და სხვა რისკების წინაშე.

პანდემიის საპასუხოდ სკოლების დაკეტვა უნდა იყოს უკიდურესი და დროებითი ღონისძიება. სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და უკანასკნელი, რაც დაიკეტება. ვირუსის გადაცემის რისკის ადგილობრივ დონეზე შეფასება უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი სასკოლო საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.