ვაქცინების მიმართ ნდობის ამაღლება, ახალგაზრდების ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული კრიზისის დაძლევა და პანდემიის შემდგომ პერიოდში ციფრულ საშუალებებზე არათანაბარი წვდომის პრობლემის აღმოფხვრა საკვანძო შესაძლებლობებია, აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდი

გაეროს ბავშვთა ფონდის დირექტორი, ღია წერილში, რომელიც COVID-19-ის შემდგომ პერიოდში მსოფლიოს ახლებურ ხედვას ეხება, ხაზს უსვამს ხუთ გაკვეთილს, რომელიც კაცობრიობამ გლობალური პანდემიის შედეგად მიიღო

17 თებერვალი 2021
newborn child
UNICEF/GEO-2019/Blagonravova

ნიუ იორკი, 2021 წლის 17 თებერვალი – ვაქცინებისადმი გლობალური ნდობის აღდგენა, ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის პრობლემების მოგვარება, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, კლიმატის ცვლილებებზე რეაგირება და ციფრული საშუალებებზე არათანაბარი წვდომის გადალახვა ბავშვებისთვის ყველაზე დიდი შესაძლებლობებია, რომლებიც COVID-19-ის პანდემიამ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახა, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორს ჰენრიეტა ფორეს ყოველწლიურ ღია წერილში.

გაეროს ბავშვთა ფონდის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღია წერილში ჰენრიეტა ფორე აღნიშნავს, რომ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მის შედეგად გაჩენილი შესაძლებლობები და ისე გარდავქმნათ მსოფლიო, რომ ის ბავშვებისთვის უფრო კეთილგანწყობილ ადგილად იქცეს. 

„ახლა, როდესაც იუნისეფის 75 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, გავიხსენოთ, რომ ეს ორგანიზაცია  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ისტორიული კრიზისის ფონზე შეიქმნა“, - წერს ფორე. „იმ დროს, ომით განადგურებულ სამყაროში, ბავშვების წინაშე მდგარი პრობლემების მასშტაბების ფონზე, მიმდინარე სასწრაფო სამუშაოების მოცულობა დამთრგუნველად დიდი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ შეგვეცვალა ის, რის შეცვლის შესაძლებლობაც მოგვეცა: მთელს მსოფლიოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი სისტემები შევქმენით; დავამარცხეთ ჩუტყვავილა და პოლიომიელიტის ველური ვირუსი; დავაფუძნეთ გაერო. ახლა ისტორიამ კიდევ ერთხელ დაგვაყენა დიდი გამოწვევის წინაშე“.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ფორე გვაფრთხილებს, რომ ვაქცინების მიმართ უნდობლობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს COVID-19-ის დაძლევის შესაძლებლობაზე. „ვაქცინების შეძენის, ტრანსპორტირებისა და მიწოდების მიზნით მთავრობებთან, პარტნიორებთან და დონორებთან თანამშრომლობის პროცესში, ჩვენ ამავე დროს უნდა დავნერგოთ ნდობა ვაქცინების მიმართ, რომ საზოგადოებამ ის მიიღოს. ნდობის გარეშე, ვაქცინები მხოლოდ ძვირადღირებული ფლაკონებია ექიმის კაბინეტში.“- წერს ფორე.

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ფორე წერს, რომ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევის შემთხვევების რაოდენობა შემაშფოთებლად გაიზარდა. ის მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას უფრო მეტი გააკეთოს ამ პრობლემის გადასაჭრელად. „ქვეყნებმა მის დასაძლევად ისეთი მოცულობის ინვესტიციები უნდა ჩადონ, როგორსაც ის იმსახურებს. მათ მკვეთრად უნდა გააფართოონ ფსიქიკური მომსახურება, გაზარდონ ახალგაზრდების მხარდაჭერა თემებსა და სკოლებში და შექმნან მშობელთა მხარდაჭერის პროგრამები რათა მოწყვლადი ოჯახების ბავშვებმა საჭირო დახმარება და დაცვა მიიღონ.“ -  წერს ის.  

ციფრული საშუალებების არათანაბარი წვდომის  შესახებ ფორე აღნიშნავს, რომ გლობალურმა შეზღუდვებმა ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა. 2020 წელს სკოლების დახურვის პიკის დროს, მსოფლიოს სკოლის მოსწავლეების დაახლოებით 30 პროცენტს დისტანციურ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდებოდა - ეს სავარაუდოდ იგივე ბავშვები არიან, ვისაც ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება ისედაც არ ჰქონდა. თავის ღია წერილში ფორე მოგვიწოდებს გადავხედოთ განათლების სისტემებს და ციფრული უთანასწორობა დავძლიოთ, რათა ციფრული საშუალებები გამოყენებული იყოს განათლების გაუმჯობესებისა და მომავალში ნახტომისებური წინსვლის მისაღწევად.

ბოლოს, წერილში აღნიშნულია, თუ რამდენად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს  ამჟამად არსებული შესაძლებლობის გამოყენებას. „პროცესში საერთაშორისო საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს ჩართულობას აღდგენის პროცესში, რომლის დროსაც პრიორიტეტი ბავშვების კეთილდღეობაში ინვესტირებას მიენიჭება“, - წერს ფორე. „წელს, როდესაც იუნისეფი ყველა ბავშვის მომავლის ახლებურად გააზრების 75 წლიან იუბილეს აღნიშნავს, მოდით ყველანი მხარში ამოვუდგეთ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, გავაცნობიეროთ მათი დახმარების გადაუდებელი აუცილებლობა, შევქმნათ შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ მათ ოცნებებს და მხარი დავუჭიროთ მათ ცხოვრების ყველა ეტაპზე.“

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.