ესტონეთის და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროგრამა საქართველოს 100 სკოლას დაეხმარება დისტანციური სწავლების პროცესში

02 სექტემბერი 2020
Meeting with MoESCS and Estonian Embassy
UNICEF/GEO-2020/Jibuti

თბილისი, 2 სექტემბერი, 2020. საქართველოს 100 სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებლები, სკოლების ადმინისტრაციისა და განათლების სისტემის თანამშრომლები გაივლიან გადამზადებას დისტანციური სწავლებისა და სწავლის კონცეფციებსა და პრაქტიკაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ესტონეთის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის მიზანია ბავშვების განათლების ხარისხის გაუმჯობესება, საქართველოს განათლების სისტემის თანამშრომლების გადამზადების, ტრენინგების და მათი  შესაძლებლობების გაზრდის გზით.

პროგრამა დაფარავს 100 საჯარო სკოლას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სკოლებს რთულად მისადგომ და მთიან რეგიონებში, და მიზნად ისახავს მასწავლებლებისთვის დისტანციური სწავლების ესტონური გამოცდილების გაზიარებას მათი პროფესიული განვითარებისთვის. დაწყებითი განათლების მასწავლებლები გაივლიან მომზადებას კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგიაში. სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურცენტრების წამომადგენლები გაივლიან ტრენინგს საგანმანათლებლო გარემოსა და სკოლის მენეჯმენტში. მონაწილე სკოლები შეიძენენ გამოცდილებას სხვადასხვა პლატფორმების შექმნასა და მართვაში ცოდნის, პრაქტიკისა და თანამშრომლობის იდეების გასაზიარებლად. პროგრამის ფარგლებში მოეწყობა სასწავლო ტური ესტონეთში შერჩეული მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორებისთვის ესტონური გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაცნობად.

 

"მადლობას ვუხდით ესტონეთის მთავრობას მათი დახმარებისთვის, რასაც ისინი საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აკეთებენ." - ღასან ხალილ

 

„კორონავირუსის პანდემიის შედეგად, დისტანციური სწავლება ბავშვებისთვის და მასწავლებლებისთვის ცოდნის გაცვლისა და საგანმანათლებლო პროცესის უწყვეტობის უმთავრეს ინსტრუმენტად იქცა. გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მასწავლებლების და განათლების მუშაკების მხარდაჭერას იმ უნარების და ცოდნის მისაღებად, რაც აუცილებელია მათთვის ამ მდგომარეობაში. მადლობას ვუხდით ესტონეთის მთავრობას მათი დახმარებისთვის, რასაც ისინი საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აკეთებენ,“ განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

პროგრამა 2020 წლის სექტემბერში იწყება და 2 წელი გაგრძელდება. პროექტს სრულად აფინანსებს ესტონეთის მთავრობა.

ესტონეთის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის 2014 წელს დაწყებული პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართველი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას და ბავშვებისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. პარტნიორობა ითვალისწინებდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გადახედვას და დახვეწას, ესტონური სწავლებისა და სწავლის მეთოდების დანერგვას სკოლებში საქართველოში და საუნივერსიტეტო კურსების შექმნას მასწავლებლების მოსამზადებლად.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.