ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება მუნიციპალიტეტებს ბავშვებისთვის სოციალური პროგრამების ტრანსფორმირებაში

მაღალი დონის შეხვედრაზე ბავშვთა პროგრამების განსახილველად ათი მუნიციპალიტეტის მერი შეიკრიბა

08 აპრილი 2022
Children in Kindergarten
UNICEF/GEO-2019/Robakidze

ქუთაისი, საქართველო, 8 აპრილი, 2022 წელი. ათი მუნიციპალიტეტის მერი შეიკრიბა ქუთაისში იმის განსახილველად, თუ როგორ გაიზარდოს მუნიციპალიტეტების ჩართულობა  მათი თემების სოციალური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. გაეროს ბავშვთა ფონდისა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ  ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრას დაესწრნენ ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალური თვითმმართველობის წარმომადგენლები, დონორები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქ-ნი მზია გიორგობიანი, საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქ-ნი თამილა ბარკალაია, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ბ-ნი ღასან ხალილი და ახალციხის, ამბროლაურის, ბათუმის, დუშეთის, ქარელის, ქუთაისის, მარნეულის, ოზურგეთის, თელავისა და ზუგდიდის მერები.

„ადგილობრივი თვითმმართველობს ძალზე მნიშვნელოვანი როლი უკავია ბავშვთა დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში“, - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი.

„ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაზე ახლო კონტაქტშია მოქალაქეებთან, ხოლო ადგილობრივი თემის საჭიროებების გამოვლენა და მათზე რეაგირება ყველაზე უკეთ ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი. ევროკავშირის დიდი მხარდაჭერით და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან პარტნიორობით გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტების დახმარებას, რათა მათ შეძლონ თავიანთ თემებში ბავშვის უფლებების დაცვა“, დასძინა ხალილმა.

შეხვედრის შედეგად შესაძლებელი გახდა მუნიციპალურ დონეზე მიმდინარე პროგრამების შესახებ ცოდნის, ინფორმაციისა და პრაქტიკის გაზიარება და პოტენციური თანამშრომლობისა და პარტნიორობის გზების მოძიება. შეხვედრამ ასევე ხელი შეუწყო ახალი სამუშაო ჯგუფების შექმნას და ერთობლივი ან კოორდინირებული აქტივობების ჩამოყალიბებას, რომლებიც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების გაძლიერებას მოქალაქეთა, მათ შორის, ბავშვების მხარდასაჭერად.

მაღალი დონის შეხვედრაზე მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს და სიმბოლურ დაპირებას, 2022 წლის ბოლოსთვის შეიმუშავონ ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები.   

პროექტი ეხმაურება მუნიციპალიტეტების ახალ როლს, რომელიც 2019 წელს მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსით არის განსაზღვრული. კოდექსის მიხედვით, საქართველოს მუნიციპალიტეტებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით. ეს როლი ორმხრივია: მუნიციპალიტეტებს უნდა შეეძლოთ საჭიროების მქონე ოჯახებისა და ბავშვების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა სოციალური სამუშაოს და სოციალური მომსახურებების საშუალებით; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს უნდა შეეძლოთ არსებული სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი მოგვარება ბავშვზე მორგებული სოციალური პროგრამების შემუშავების გზით.

აღნიშნული მაღალი დონის შეხვედრა ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტის - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში„ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების გაუმჯობესებას; პროფესიული სამუშაო ძალის შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.