ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთობლივი ძალისხმევით გააძლიერებენ საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამას

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა სისხლის სამართლის წარმოების ალტერნატიული მექანიზმი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის მთავარი კომპონენტია, რომელიც ბავშვებს თავიდან ააცილებს დანაშაულის განმეორებით ჩადენას

10 მარტი 2022
Diverted Juvenile with Social Worker
UNICEF

თბილისი, საქართველო, 2022 წლის 10 მარტი. განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული ბავშვები და ახალგაზრდები მიიღებენ საჭირო მხარდაჭერას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ადგილობრივ ორგანიზაციასთან - წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრთან   პარტნიორობით განხორციელებული ახალი ინიციატივის შედეგად. ორწლიანი ინიციატივის მიზანია იუსტიციის სამინისტროსთან არსებული დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური დახმარება, რათა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მონაწილე პირებმა მაქსიმალურად ისარგებლონ პროგრამის სიკეთეებით.  

გაეროს ბავშვთა ფონდი და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი გაანალიზებენ განრიდებისა და მედიაციის პროგრამას, რათა გამოავლინონ პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და შეიმუშაონ პროგრამის გაძლიერების კონცეფცია.

ხარისხის უზრუნველყოფის არსებული სისტემის გაძლიერება იგეგმება სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და მითითებების მეშვეობით, ხოლო პროგრამის რეგულარული მონიტორინგის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ტრენინგი.

პროექტი მხარს დაუჭერს არსებული სამუშაო ინსტრუმენტების დახვეწას და გაუმჯობესებას, სასწავლო მოდულების შემუშავებას და განრიდების პროგრამაში ჩართულ პროფესიონალთა, მათ შორის, სოციალური მუშაკების, მედიატორების და პროკურორების პროფესიულ ზრდასა და კომპეტენციის ამაღლებას.

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმის გაძლიერებას და მდგრადობას. გაიმართება სამუშაო  შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული პროკურორების, მედიატორების და სოციალური მუშაკების მონაწილეობით. სამუშაო შეხვედრების მიზანია ადგილობრივ დონეზე პრობლემების და აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება და სხვადასხვა პროფესიონალებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაძლიერება.

განრიდება არის მექანიზმი, რომელიც სისხლის სამართლის წარმოების ალტერნატივად გამოიყენება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ქვაკუთხედია. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი  ამ სფეროში მომუშავე პირთაგან მოითხოვს, განრიდება გამოიყენონ პრიორიტეტულ ზომად ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტი „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების გაუმჯობესებას; პროფესიული სამუშაო ძალის შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.