დისტანციური სწავლების პროცესში ბავშვების დასახმარებლად ახალი საპარტნიორო ინიციატივა იწყება

05 მაისი 2020
Boy learning online
UNICEF/GEO-2020/Turabelidze

თბილისი, 5 მაისი 2020. ბავშვები ისარგებლებენ უფრო მეტი საგანმანათლებლო რესურსით, რაც დაეხმარება მათ დისტანციური სწავლების პროცესში პანდემიის დროს. რესურსები შეიქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს განათლების კოალიციის და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (EMIS) შორის დაწყებული თანამშრომლობის საფუძველზე. პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს დიდი ბრიტანეთის მთავრობაც.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდს, განათლების კოალიციასა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ოთხმხრივ თანამშრომლობას განათლების მიმართულებით კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების მიზნით.

„პანდემიის პირობებში სამინისტროს მთავარი ამოცანაა შინ დარჩენილი მოსწავლეებისათვის დისტანციური სწავლების მრავალფეროვანი სერვისების მიწოდება. ამ მიზნით არაერთი ღია რესურსი შეიქმნა, როგორც საერთაშორისო, ასევე განათლების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით. გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ჩვენ დავფარავთ სკოლამდელი განათლების კომპონენტსაც – სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს სატელევიზიო ფორმატში დარგის ექსპერტები საინტერესო რჩევებსა და მრავალფეროვან აქტივობებს შესთავაზებენ“. - ეკა დგებუაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.

 

"გაეროს ბავშვთა ფონდი იღებს ვალდებულებას,  პარტნიორებთან ერთად, შეიმუშაოს და ხელმისაწვდომი გახადოს ონლაინ რესურსები და სახელმძღვანელოები სწავლისა და სწავლებისათვის, რაც ძალზე საჭიროა საგანგებო ვითარებაში" - ღასან ხალილი

 

”პანდემიამ შეცვალა ბავშვების, მშობლების და მასწავლებლების ყოველდღიური რეალობა. სოციალური დისტანცირება, თვითიზოლაცია და სკოლისა თუ სკოლამდელი დაწესებულებების დახურვა საზოგადოებისთვის დიდი სტრესია. ამ მემორანდუმის ხელმოწერით, გაეროს ბავშვთა ფონდი იღებს ვალდებულებას,  პარტნიორებთან ერთად, შეიმუშაოს და ხელმისაწვდომი გახადოს ონლაინ რესურსები და სახელმძღვანელოები სწავლისა და სწავლებისათვის, რაც ძალზე საჭიროა საგანგებო ვითარებაში, ”- განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

პროექტი შეეხება როგორც სკოლამდელ, ისე ზოგად განათლებას. სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით, შემუშავდება მულტიმედიური მასალები მშობლებისთვის მცირეწლოვანი ბავშვების კოგნიტური, ემოციური და მოტორული უნარების განვითარების ხელშესაწყობად სახლის გარემოში. ვიდეო გადაცემები სკოლამდელი აღზრდის ექსპერტებისა და პედაგოგების მონაწილეობით მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს, სტრატეგიებსა და აქტივობებს, რომლებიც მშობლებს შეუძლიათ გამოიყენონ სახლში ბავშვების განვითარების მხარდასაჭერად. ვიდეოები სატელევიზიო გადაცემების სერიის სახით გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის საგანმანათლებლო არხზე, კვირაში ორჯერ. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნება რესურსები, ბავშვის განვითარებისთვის მისი სასკოლო მზაობის მნიშვნელობის შესახებ. მასალები დაფუძნებული იქნება პოზიტიური მშობლობის მიდგომებზე და ბაღის ასაკის ბავშვების  კომპლექსურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. რესურსები განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე (www.el.ge).

ზოგადი განათლების მიმართულებით, შეიქმნება და ვებგვერდზე (www.el.ge) განთავსდება სწავლა-სწავლების რესურსების რამდენიმე ტიპი: მასწავლებლისა და სკოლის სახელმძღვანელო ონლაინ სწავლებისა და სწავლის შესახებ; მშობლების სახელმძღვანელო და  საშინაო დავალებების კრებულები  პირველიდან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. საშინაო დავალების სერიები მიზნად ისახავს მოსწავლეების ჩართვას სწავლების რეგულარულ და სტრუქტურირებულ  პროცესში. მაისის პირველი კვირიდან, თითოეული კლასის/საგნის ჯგუფში თითოეული კლასისთვის საშინაო დავალება განთავსდება ონლაინ რეჟიმში, რასაც მომდევნო კვირას მოყვება უკუკავშირი და საშინაო დავალებების ახალი სერია.

პროექტი ასევე მოიცავს www.ck-12.org საგანმანათლებლო პლატფორმაზე არსებული სასწავლო რესურსების ადაპტირებას.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დახურულია, მათ შორის სკოლები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. შედეგად, 165,000 სკოლამდელი ასაკის და 592,000 სასკოლო ასაკის ბავშვი დარჩა სახლში. ბავშვებისთვის მნიშვნელოვნად შეიცვალა მათი ყოველდღიურობა, ასევე შეიცვალა მათი ხელმისაწვდომობა განათლებაზე და სასწავლო მასალებზე. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საქართველოში ბავშვების 20 პროცენტს არ აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს მათი განათლების უფლებას. წყვეტა სასწავლო პროცესში მძიმე ზეგავლენას ახდენს ბავშვთა და მოზარდთა განვითარებაზე.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.