განრიდების და მედიაციის პროგრამის შედეგების და გამოწვევების მიმოხილვა

4000-ზე მეტი არასრულწლოვანი და 21 წლამდე ახალგაზრდა ჩაერთო განრიდების პროგრამაში 2010 წლიდან დღემდე, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი დაბალია

29 ნოემბერი 2019
Diversion and Mediation
Ministry of Justice of Georgia

29 ნოემბერი, 2019 წელი. თბილისი. აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების შემდგომ განვითარებაზე დისკუსიას, განრიდების და მედიაციის პროგრამის შედეგების და გამოწვევების მიმოხილვას და ამ პროგრამების განხორციელებაში გამორჩეული სპეციალისტების დაჯილდოებას ისახავს მიზნად ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავს და რომელიც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანიზებით და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით იმართება. შეხვედრა იმართება საერთაშორისო აღდგენითი მართლმსაჯულების კვირეულის ფარგლებში.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - გიორგი შავლიაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე - გიორგი გოგაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში –  დოქტორი ღასან ხალილი და ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე - კატალინ გერმანი მიესალმნენ. ღონისძიების  მონაწილეებს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავზე და საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესახებ სიტყვით მიმართეს ქალბატონმა მინისტრმა, ბატონმა ღასან ხალილმა და ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა რენატე ვინტერმა.

აღდგენითი მართლმსაჯულების მიზანია დაეხმაროს დამნაშავეს, გააცნობიეროს საკუთარი ქმედების შედეგები, გაუჩნდეს თანაგრძნობა დაზარალებულის მიმართ. აღდგენითი მართლმსაჯულება არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებული ზიანი, საჭიროებები, პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. ზიანის გამოსწორებისა და ურთიერთობების აღდგენის პროცესი მოიცავს მხარეთა ჩართულობას, როგორც კანონდამრღვევის და დაზარალებულის, ასევე სახელმწიფოს, საზოგადოების და თემის მხრიდან. აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპები სრულად შეესაბამება ბავშვის უფლებათა კონვენციის მოთხოვნებს.

საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვა 2010 წელს დაიწყო, როდესაც ამოქმედდა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც პროკურორი ან მოსამართლე გადაწყვეტს არ გამოიყენოს არასრულწლოვნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ამავდროულად არ დატოვოს დანაშაულის ფაქტი და დაზარალებულის ინტერესი რეაგირების გარეშე. განრიდება ახალგაზრდას აძლევს შანსს პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და ვალდებულებების საკუთარ თავზე აღების პირობებში განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის და სასჯელის გარეშე და დაუბრუნდეს საზოგადოებას, როგორც სრულუფლებიანი წევრი. 2010 წლიდან დღემდე განრიდების პროგრამაში 4000-ზე მეტი 21 წლამდე ახალგაზრდა ჩაერთო. 2015 წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებამ კიდევ უფრო გაამყარა არასრულწლოვანთა და ახალგაზრდა კანონდამრღვევების მიმართ აღდგენითი მართლმსაჯულების გამოყენების შესაძლებლობები.

განრიდების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად, განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის  მაჩვენებელი დაბალია, რაც პროგრამის ეფექტიანობაზე მიუთითებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მომსახურებების განხილვას, რომელიც ახლა არსებობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის. ხაზი გაესვა ამ მომსახურებების გაფართოების საჭიროებას.  

განრიდებისა და მედიაციის პროგრამების ზოგად მენეჯმენტს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, საერთო სასამართლოების, საქართველოს პროკურატურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით. აღდგენითი მართლმსაჯულების დანერგვის ხელშეწყობისთვის, წლევანდელ კონფერენციაზე თითეოული უწყების გამორჩეული პროფესიონალები დაჯილდოვდნენ.

 

მედია კონტაქტები

სოფია ჭაავა

კომუნიკაციის პროგრამის კონსულტანტი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი