გაეროს ბავშვთა ფონდმა კორეის რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესების ერთობლივი ინიციატივის შედეგები წარადგინა

05 ივნისი 2024
D’Affairs of the Republic of Korea, Kim Tong Op, Representative of UNICEF in Georgia, Jesper Moller
UNICEF/Geo-2024/Blagonravova

თბილისი, საქართველო, 4 ივნისი, 2024 — გაეროს ბავშვთა ფონდმა წარმოადგინა კორეის რესპუბლიკის მთავრობასთან ექვსთვიანი თანამშრომლობის შედეგები, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. პროექტის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ კიმ ტონგ ოპი, კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული, იესპერ მოლერი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში და პროექტის მონაწილე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები.

პარტნიორობა მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის კრიტიკული ელემენტების გაძლიერებას, განსაკუთრებული აქცენტით წყალზე, სანიტარიაზე, ჰიგიენაზე და იმუნიზაციაზე საქართველოში.

”მადლიერი ვართ კორეის რესპუბლიკის მთავრობის, მათი ურყევი მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის მსოფლიოში ჯანმრთელობისა და ბავშვთა უფლებების დაცვის ინიციატივებისადმი”, განაცხადა იესპერ მოლერმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „სამედიცინო პერსონალის ინტერ-პერსონალური კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის გაძლიერება, განსაკუთრებით სოფლად და დაუცველ რაიონებში, პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებია, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სისტემების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას და ბავშვის უფლებების რეალიზებას საქართველოში“, - დასძინა მოლერმა.

პარტნიორობის ძირითადი მიღწევებია:

  • უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ინტერ-პერსონალური კომუნიკაციის შესახებ აკრედიტებული კურსის შემუშავება და ინტეგრირება.
  • საქართველოს მასშტაბით სამშობიარო სახლების და დიდი სამედიცინო კლინიკების 2000-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკი გადამზადდა ინტერაქტიული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ტრენინგით პაციენტებთან ინტერ-პერსონალური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით. სესიებს უძღვებოდნენ ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც ინტერაქტიული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ტრენინგების მეშვეობით დაეხმარნენ ჯანდაცვის პრაქტიკოსებს მცდარი წარმოდგენების გამოვლენასა და აღმოფხვრაში და აღჭურვეს ისინი პოზიტიური ინტერ-პერსონალური კომუნიკაციის შესახებ აუცილებელი ცოდნითა და უნარებით.
  • ჩატარდა ტრენინგები სამედიცინო დაწესებულებების იმ პერსონალისთვის, რომლებსაც ევალებათ გარემოს დასუფთავების სერვისების შემუშავება, მართვა ან ზედამხედველობა, რათა უზრუნველყონ ინფექციის პრევენცია და კონტროლი სოფლის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში.
  • საპილოტე რეჟიმში დაინერგა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის ელექტრონული მონიტორინგის სისტემა, რაც შესაძლებელს ხდის მონაცემების რეალურ დროში მოპოვებას.

ინიციატივამ ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას, COVID-19 პანდემიის დროს და მის მიღმა გამოვლენილ სისუსტეებზე საპასუხოდ.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.