გაეროს ბავშვთა ფონდმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაასრულეს საქართველოში სკოლამდელი პროგრამების ხარისხის შეფასება

კვლევა ერთობლივად ჩაატარეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, სკოლამდელი განათლების საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით.

25 ივნისი 2018
Children in kindergarten
UNICEF/Geo-2015/Gurgenidze

თბილისი, საქართველო, 2018 წლის 25 ივნისისაქართველოს პარლამენტის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით მიღებული კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ მოიცავს მნიშვნელოვან ინოვაციებს,რომელთა მიზანია  საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. კანონით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს სავალდებულო სახელმწიფო სტანდარტები და ყველა საჯარო თუ კერძო სკოლამდელი დაწესებულების ავტორიზაციის სისტემა;

2017 წელს საქართველოს მთავრობამ, გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით, შეიმუშავა და დაამტკიცა ჩარჩო კურიკულუმი (ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები) და პროფესიული კომპეტენციები (პროფესიული სტანდარტები სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგეგებისთვის).ადრეული და სკოლამდელი განათლებისა და აღმზრდელ-პედაგოგების სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, კვლევას უნდა გამოევლინა საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის სუსტი და ძლიერი მხარეები.

კვლევა ერთობლივად ჩაატარეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა,სკოლამდელი განათლების საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით. კვლევა მიზნად ისახავს იმ ძირითადი გამოწვევების გამოვლენას, რომლის წინაშეც დგანან  სკოლამდელი დაწესებულებები და აღმზრდელები  ახალი სტანდარტების, მათ შორის პროფესიული სტანდარტების პირობებში. საქართველოში ადრეული განათლების და ზრუნვის სერვისების ხარისხი შეფასდა ხუთი მიმართულებით: ხელმისაწვდომობა, პერსონალი, კურიკულუმი (საგანმანათლებლო პროგრამა), მონიტორინგიდამართვა.  

კვლევაში აღიარებულია, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის მიღება და ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების შემუშავება მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის. თუმცა, კვლევამ ასევე გამოავლინა გამოწვევები, რომლებიც აფერხებს კანონის და ახალი სახელმწიფო სტანდარტების განხორციელებას:  

 

· საქართველოში ადრეული ასაკის ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობის მაჩვენებელი (69,5%)ევროპულ სამიზნე ნიშნულზე (95%)დაბალია. ჩარიცხვის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებში, სოციალურად დაუცველ ბავშვებში,და სოფლად.კვლევამ გამოავლინა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების სკოლამდელ დაწესებულებებში ჩარიცხვის შემთხვევაში არსებული ბარიერები, როგორიცაა ადაპტირებული ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, გადატვირთული ჯგუფები, აღმზრდელთა დაბალი კომპეტენცია და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მიმართ არსებული სოციალური სტიგმა. 

· დიდია ბავშვების რაოდენობა თითო ჯგუფში, განსაკუთრებით ქალაქში (მაგალითად, თბილისში თითო ჯგუფზე საშუალოდ 39 ბავშვი მოდის, ზოგიერთ ჯგუფში კი 60-მდე ბავშვია). ჯგუფში ბავშვების სიმრავლე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხზე. 

· 57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული მონაცემების თანახმად, აღმზრდელთა 45% არაკვალიფიციურია. სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალის უმრავლესობას ტრენინგი არ გაუვლია უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. საქართველოში სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებულ აღმზრდელთა სოციალური სტატუსი მეტად დაბალია. სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის, მათ შორის დირექტორების, ხელფასი ძალზე დაბალია. 

· სკოლამდელ დაწესებულებებში მწირია ბავშვის განვითარებისა და სწავლის ხელშემწყობი რესურსები. ზოგიერთ შემთხვევაში, ამგვარი რესურსების მოტანის პასუხისმგებლობა მშობლებს ეკისრებათ, ზოგჯერ კი, აღმზრდელი მათ საკუთარი ფულით იძენს, რადგან სათამაშოებისთვის, ხარჯვადი რესურსებისთვის (როგორიცაა ფანქრები, ქაღალდი და სხვ.), წიგნებისა და სხვა საგანმანათლებლო მასალისთვის ბიუჯეტი თითქმის არ არსებობს.

 

კვლევაში წარმოდგენილია საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების რეკომენდაციები, როგორიცაა სკოლამდელ დაწესებულებებში ადგილების გაზრდა და განსაკუთრებული ყურადრების გამახვილება სკოლამდელი განათლების სისტემაში ჩარიცხვის საკითხზე.  აუცილებელია ჯგუფში ბავშვების რაოდენობის შემცირება და სკოლამდელი დაწესებულების პერსონალისთვის, მათ შორის დირექტორებისთვის სატრენინგო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შემუშავება.  უნდა დაინერგოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მონიტორინგის სისტემა სახელმწიფო დონეზე.

ადრეულიაღზრდისადაგანათლების ხარისხიანმა სისტემამ შესაძლოა გამოიღოს მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი, რომელიც შემდგომ წლებზეც აისახება.ადრეული და სკოლამდელი განათლება მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის, და ყველა ბავშვისთვის, როგორც მოქალაქეებისთვის, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.

კვლევის მოკლე ანგარიშის გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

UNICEF-ის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს მსოფლიოს ყველაზე რთულ რეგიონებში რათა დაეხმაროს მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად ბავშვებს.

190 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ჩვენ ვმუშაობთ ყოველი ბავშვისთვის ყველგან, რათა ავაშენოთ უკეთესი მსოფლიო ყველასთვის.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს:  www.unicef.org. დაუმეგობრდით გაეროს ბავშვთა ფონდს Twitter-ზე და Facebook--ზე.

აღმოაჩინე მეტი