გაეროს ბავშვთა ფონდი შინამეურნეობების უდიდესი კვლევის შედეგებს აჭარაში წარადგენს

- English
- ქართული
ბათუმი, საქართველო. 17 სექტემბერი, 2020. დღეს გაეროს ბავშვთა ფონდმა აჭარის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აჭარის რეგიონის შესახებ მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგები წარუდგინა.
კვლევის რეგიონულ მიგნებებს შორისაა:
- საქართველოს რეგიონებს შორის ახალშობილთა პირველი კონსულტირება სამშობიაროდან გამოწერის ერთი კვირის თავზე ყველაზე მაღალია აჭარაში - 72.2 პროცენტი;
- 15-49 წლის ქალებში, ბოლო 2 წლის განმავლობაში საკეისრო კვეთით მშობიარობის პროცენტული წილი აჭარის რეგიონში შეადგენდა 58.1 პროცენტს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის შემდეგ;
- აჭარაში მცხოვრებთა 97.1 პროცენტს ხელი მიუწვდება ხელსაბან მოწყობილობაზე საპნითა და წყლით, ხოლო 79.7 პროცენტს - უსაფრთხო სასმელ წყალზე;
- 14 წლამდე ბავშვების დედების/მზრუნველების 13.1 პროცენტი ფიქრობს, რომ ფიზიკური დასჯა აუცილებელია, რაც საქართველოს ყველა რეგიონზე მაღალი მაჩვენებელია;
- აჭარის რეგიონში 3-5 წლის ყოველი მეოთხე ბავშვი (24.7 პროცენტი) არ დადის საბავშვო ბაღში;
- 5 წლამდე ასაკის ბავშვების 46.4 პროცენტს არ აქვს სამი ან მეტი საბავშვო წიგნი, ხოლო 38.6 პროცენტს - ორი ან მეტი სახეობის სათამაშო;
- აჭარის რეგიონში სრული საშუალო განათლების საფეხურის შესაბამისი ასაკის ბავშვების 10.9 პროცენტი არის სკოლის მიღმა;
- აჭარის რეგიონში 5 წლამდე ასაკის ბავშვების 38.4 პროცენტი სარგებლობს ელექტრონული მოწყობილობებით დღეში 1 საათზე მეტი დროის განმავლობაში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონებს შორის თბილისის შემდეგ.
კვლევა ასევე მოიცავდა მოდულს, რომელიც იკვლევდა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას. კვლევის მიხედვით, აჭარაში მცხოვრები 2-7 წლის ბავშვების 85 პროცენტს აღმოაჩნდა სისხლში მაღალი ტყვიის შემცველობა, რაც ყველაზე მაღალია ქვეყნის მასშტაბით.
მსგავსი შეხვედრები იმართება საქართველოს ყველა რეგიონში, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდი რეგიონულ ჭრილში ჩაშლილ კვლევის შედეგებს წარუდგენს პარტნიორებსა და გადაწყვეტილებების მიმღებებს თითოეულ რეგიონში.
MICS-ი გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული და მისი მხარდაჭერით ჩატარებული შინამეურნეობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო კვლევაა მსოფლიოში. კვლევა ფარავს ძირითად ინდიკატორებს, რომლებიც გამოიყენება შინამეურნეობების, განსაკუთრებით კი ბავშვების და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად.
საქართველოში MICS-ი 180-ზე მეტ ინდიკატორს ფარავს. მასში 14 000-ზე მეტმა შინამეურნეობამ მიიღო მონაწილეობა. შეგროვებული მონაცემები წარმომადგენლობითია და მათი ჩაშლა შესაძლებელია ასაკის, სქესის, ქალაქ/სოფლის, იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის, ეთნიკური წარმომავლობის, შეზღუდული შესაძლებლობისა და კეთილდღეობის დონის მიხედვით, რაც განვითარებისთვის საჭირო ინტერვენციების ზუსტ განსაზღვრას შეუწყობს ხელს.
მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევას მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფდნენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), მსოფლიო ბანკი და იტალიის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.