გაეროს ბავშვთა ფონდი ქუთაისს ბავშვზე მორგებული ქალაქის კანდიდატობის სტატუსს ანიჭებს

ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა ადგილობრივ ხელისუფლებას აძლევს სტიმულს, უფრო მეტად გაამახვილოს ყურადღება ახალგაზდა მოქალაქეების უფლებების დაცვაზე

02 თებერვალი 2023
UNICEF Representative Ghassan Khalil and the Mayor of Kutaisi Ioseb Khakhaleishvili
UNICEF/Geo-2023/Turabelidze

ქუთაისი, საქართველო, 2023 წლის 1 თებერვალი. ქალაქი ქუთაისი  ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის მომდევნო ეტაპზე გადავიდა და მიიღო ბავშვზე მორგებული ქალაქის კანდიდატობის სტატუსი. აღნიშნული სტატუსი ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს გადასცა გაეროს წარმომადგენელმა საქართველოში - ღასან ხალილმა.

2020 წლის სექტემბერში ქალაქი ქუთაისი შეუერთდა 40-ზე მეტი ქვეყნის 3000 ქალაქს და ადგილობრივ თვითმმართველობას  ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ინიციატივის ფარგლებში გამოიკვეთა ბავშვზე მორგებული ქალაქის სტატუსის მისაღებად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ქმედებები და გასავლელი ეტაპები.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ქუთაისში ჩატარდა ბავშვის უფლებათა დაცვის სიტუაციური ანალიზი, ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების და სერვისების მიმწოდებლების მაღალი მონაწილეობით. მომზადდა სიტუაციური ანალიზის მიგნებების და რეკომენდაციების ამსახველი ანგარიში. სიტუაციური ანალიზის მიგნებების საფუძველზე მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ქუთაისის ბავშვზე მორგებული ქალაქის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა ორგანიზება გაუწია ფოკუს-ჯგუფებსა და დისკუსიებს ბავშვებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით, რათა აღნიშნული დოკუმენტები განეხილა საკონსულტაციო ფორმატში და აესახა მათი მოსაზრებები.

ქუთაისის ბავშვზე მორგებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში პოზიტიური ცვლილებისკენ მიმართული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის:

  • ქალაქის მერიამ მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ჩაატარა ტრენინგი ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში დაარსებული ბავშვის უფლებების ცენტრთან კოორდინირებით.
  • მუნიციპალიტეტის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებამ მოაწყო სპეციალური სივრცე ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. სივრცე გარემონტდა და აღიჭურვა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. სხვა მომსახურებებთან ერთად, აღნიშნული განყოფილება მსურველებს პოზიტიური მშობლობის ტრენინგის სესიებზე დასწრებაშიც ეხმარება.
  • მუნიციპალიტეტმა გაზარდა განსაკუთრებით მძიმე დაავადებების მქონე ბავშვების ჯანდაცვის სერვისების თანადაფინანსება და უზრუნველყო ონკოლოგიური დიაგნოზების მქონე ბავშვების ფინანსური მხარდაჭერა. მერიამ ასევე გაზარდა სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის.
  • ქუთაისის მერიამ ჩაატარა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების სოციალური საჭიროებების კვლევა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიმუშავა ორი ახალი ქვე-პროგრამა.
  • უსახლკარო ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად მუნიციპალიტეტი ეხმარება ქუთაისში 24 საათის განმავლობაში მომუშავე თავშესაფარს და დღის ცენტრებს.
  • ქალაქის მერმა დააარსა ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭო და გაზარდა ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსება.

ბავშვზე მორგებულ ქალაქად ჩამოყალიბება გრძელვადიანი პროცესია, რომლის ფარგლებშიც ქალაქმა უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ბავშვთა უფლებების შესახებ ადვოკატირება და ინფორმირებულობის გაზრდა ხელისუფლებისა და საზოგადოების დონეზე; ბავშვებზე  მორგებული კანონებისა და პოლიტიკის მიღება და ამ კანონებისა და პოლიტიკის ბავშვებზე ზეგავლენის შეფასება; ქალაქის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული ბიუჯეტი და გათვალისწინებული იქნება განხორციელების ანგარიშვალდებულებები; ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე რესურსის სამართლიანად განაწილება; ბავშვებისა და ახალგაზრდების ინფორმირება და ჩართულობა და მათი მოსაზრებებისა და გამოცდილების პატივისცემა; ბავშვებისა და ახალგაზრდების აღიარება, როგორც პარტნიორების და ინდივიდებისა, რომლებსაც გააჩნიათ უფლებები და არიან თანასწორუფლებიანი, აქტიური მოქალაქეები; დარგთაშორისი კოორდინაცია და სტრატეგიული პარტნიორობები ბავშვებზე მორგებული პოლიტიკისა და პროგრამების შედეგებისა და ზეგავლენის გაუმჯობესება-გაძლიერებისათვის. მხოლოდ ზემოაღნიშნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის წარმატებული განხორციელებისა და ბავშვზე მორგებული ქალაქის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ქუთაისი ოფიციალურად მიიღებს ბავშვზე მორგებული ქალაქის სტატუსს.

ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა, რომელსაც უძღვება გაეროს ბავშვთა ფონდი,  მხარს უჭერს მუნიციპალიტეტების მთავრობებს ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების განხორციელებაში, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის გათვალისწინებით. ინიციატივა იმავდროულად წარმოადგენს ქსელს, რომელიც აერთიანებს მთავრობებს და სხვა პარტნიორებს - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, კერძო სექტორს, სამეცნიერო სექტორს, მედიას, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავად ბავშვებს, რომლებსაც სურთ, რომ თავიანთ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდეს ბავშვებზე მორგებული გარემო.

მედია კონტაქტები

სოფია ჭაავა
კომუნიკაციის სპეციალისტი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: schaava@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.