გაეროს ბავშვთა ფონდი რეგიონებში მომუშავე ექიმების ჩართულობით იწყებს ახალ ინიციატივას, რომლის მიზანი საქართველოში იმუნიზაციის მაჩვენებლების გაზრდაა

02 აპრილი 2022
Vaccination of teachers in Guria
UNICEF/GEO-2021/Kvachadze

ბათუმი, საქართველო, 2022 წლის 2 აპრილი. ჯანდაცვის სფეროს 3000-მდე წარმომადგენელი, მათ შორის ოჯახის ექიმები, სოფლის ექიმები, პედიატრები და ზოგადი პროფილის ექიმები მიიღებენ უახლეს ინფორმაციას კოვიდ-19-ის ვაქცინაცისა და ზოგადად იმუნიზაციის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც დღეს იწყება. ინიციატივის მხარდამჭერები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი.

პირველი შეხვედრა გაიმართა აჭარის სამედიცინის სფეროს წარმომადგენლებთან ბათუმში, აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

პროექტის ფარგლებში გაიმართება დისკუსიათა სერია ექიმებთან საქართველოს ცხრა რეგიონის  დიდ ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში. სესიებს გაუძღვება საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება, რომელიც ექიმებს მიაწვდის მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციას კოვიდ-19-ის ვაქცინების შესახებ და უზრუნველყოფს საჭირო ცოდნით, უნარებითა და რესურსებით, რომელიც მათ დაეხმარება ხელი შეუწყონ პაციენტებს, მშობლებსა და ბავშვების აღზრდაზე პასუხისმგებელ პირებს შორის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებსა და რუტინულ ვაქცინაციაზე მოთხოვნის გაზრდას.

“კოვიდ-19-ის ვაქცინაციაში ჯანდაცვის მუშაკები გადამწყვეტ როლს თამაშობენ, როგორც ვაქცინის მიმღებები, მიმწოდებლები და მოტივატორები“, აღნიშნა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ ემი ქლენსიმ. „ჯანდაცვის მუშაკები საქართველოში კოვიდ-19-ის შესახებ ინფორმაციის ყველაზე სანდო წყაროდ მიიჩნევიან, შესაბამისად მათ შეუძლიათ გავლენა იქონიონ პაციენტების გადაწყვეტილებაზე, აიცრან. გაეროს ბავშვთა ფონდი ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის დაწყებიდან მნიშვნელოვან როლს თამაშობს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდაჭერაში და ეხმარება საქართველოს მთავრობას წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის, მათ შორის, ექიმების და მასწავლებლების ვაქცინაციაში“.

საქართველოს ცხრა რეგიონის ექიმები მიიღებენ ინფორმაციას ვაქცინაციის მტკიცებულებაზე დაფუძნებული კლინიკური ასპექტების (მათ შორის კოვიდ-19-ის ვაქცინის) შესახებ და გაივლიან ტრენინგს ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებსა და მიდგომებში. შეხვედრას გაუძღვებიან სამედიცინო და საზოგადოების ჯანდაცვის სფეროს ცნობილი ექსპერტები.

2021 წლის დეკემბერში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა მონაცემთა მონიტორინგმა რეალურ დროში აჩვენა, რომ არავაქცინირებულ რესპონდენტთა დაახლოებით 33 პროცენტი სავარაუდოდ არ ჩაიტარებს ვაქცინაციას, ხოლო 35 პროცენტს ეს ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი. ვაქცინაციაზე უარის თქმის ძირითადი მიზეზებია შფოთი გვერდითი მოვლენების, ვაქცინის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის პრობლემების გამო და ოჯახის და განსაკუთრებით სოფლის ექიმების დაბალი ჩართულობა..

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.