გაეროს ბავშვთა ფონდი მედიკოს სტუდენტებს კოვიდ-19-ის ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაში რთავს

29 ოქტომბერი 2021
Young Doctors
UNICEF/GEO-2021/Valishvili

თბილისი, საქართველო, 2021 წლის 29 ოქტომბერი საქართველოს ხუთი უნივერსიტეტის მედიკოსი სტუდენტები გაეროს ბავშვთა ფონდისა და იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის  (AIVA) მიერ USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ 6-თვიან კამპანიაში ჩაერთვებიან, რომელიც საზოგადოების კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებას ისახავს მიზნად.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში აღნიშნული უნივერსიტეტების სტუდენტებთან შედგება თანამშრომლობა კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.

აღნიშნული კამპანია წარიმართება დევიზით: „პანდემიას ასრულებ შენ!“ კამპანიის სამიზნე აუდიტორიაა შერჩეული რეგიონების ახალგაზრდები, რომლებსაც გააცნობენ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას კოვიდ-19-ის, მისი პოტენციური გართულებებისა და პრევენციული ზომების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება ვაქცინაციას დაეთმობა.

ამ მიზნით დაარსდება მედიკოს სტუდენტთა ქსელი - სტუდენტური ლიგა. თავდაპირველად ლიგის წევრები, ე. წ. „MED-იატორები“ გაივლიან ერთდღიან ტრენინგს ვაქცინაციის მიმდინარე პროცესისა და ხელმისაწვდომი ვაქცინების შესახებ. ტრენერებს შორის არიან ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მაია გოთუა, ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია და მეიოს კლინიკის ვაქცინების კვლევის ჯგუფის წევრი, ექიმი თამარ რატიშვილი.

საწყისი ტრენინგის გავლის შემდეგ სტუდენტური ლიგა ვაქცინების შესახებ განახლებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყებს ადგილობრივ თემებში ინფორმაციის გავრცელებას. სტუდენტები საველე გასვლებს მოაწყობენ მთიანი აჭარის ძნელად მისასვლელ სოფლებში, ასევე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. ვიზიტებისას ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები მიიღებენ უახლოეს სანდო ინფორმაციას კოვიდ-19-ის ვაქცინაციის შესახებ. სტუდენტები ასევე დაეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას ვაქცინაციაზე დარეგისტრირებაში და გაავრცელებენ დამატებით ინფორმაციას, მათ შორის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე გათვლილ  საინფორმაციო მასალებს.

გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად ეხმარება მთავრობას საქართველოში კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირების გაზრდაში. 2021 წლის მაისიდან იუნისეფმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარა 50-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა  ადგილობრივ თემის ლიდერებისთვის, მათ შორის მასწავლებლებისთვის, ექთნებისთვის, ექიმებისთვის, რელიგიური ლიდერებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის, ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში მათი ჩართვის მიზნით.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.