გაეროს ბავშვთა ფონდი ბათუმს ბავშვზე მორგებული ქალაქის კანდიდატობის სტატუსს ანიჭებს
ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა ადგილობრივ ხელისუფლებას აძლევს სტიმულს, უფრო მეტად გაამახვილოს ყურადღება ახალგაზრდა მოქალაქეების უფლებების დაცვაზე

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
ბათუმი, საქართველო, 2023 წლის 24 იანვარი. ქალაქი ბათუმი ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის მომდევნო ეტაპზე გადავიდა და მიიღო ბავშვზე მორგებული ქალაქის კანდიდატობის სტატუსი. აღნიშნული სტატუსი ბათუმის ვიცე მერს, ლევან დავითაძეს გადასცა გაეროს წარმომადგენელმა საქართველოში - ღასან ხალილმა.
2020 წლის დეკემბერში საქართველოს ერთერთი უდიდესი ქალაქი - ბათუმი შეუერთდა 40-ზე მეტი ქვეყნის 3000 ქალაქს და ადგილობრივ თვითმმართველობას ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ინიციატივის ფარგლებში გამოიკვეთა ბავშვზე მორგებული ქალაქის სტატუსის მისაღებად ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ქმედებები და გასავლელი ეტაპები.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში ჩატარდა ბავშვის უფლებათა დაცვის სიტუაციური ანალიზი, ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების და სერვისების მიმწოდებლების მაღალი მონაწილეობით. მომზადდა სიტუაციური ანალიზის მიგნებების და რეკომენდაციების ამსახველი ანგარიში. სიტუაციური ანალიზის მიგნებების საფუძველზე მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ბათუმის ბავშვზე მორგებული ქალაქის 2022-2025 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
ბათუმის მუნიციპალიტეტმა ორგანიზება გაუწია ფოკუს-ჯგუფებსა და დისკუსიებს ბავშვებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით, რათა აღნიშნული დოკუმენტები განეხილა საკონსულტაციო ფორმატში და აესახა მათი მოსაზრებები.
ბათუმის ბავშვზე მორგებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში პოზიტიური ცვლილებისკენ მიმართული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის:
- ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ ახალგაზრდულ ცენტრში გამოიყო და გარემონტდა სივრცე 12-14 წლის ბავშვებისთვის, რომელიც აღიჭურვა გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით. ბავშვებთან და ახალგაზრდებთან კონსულტაციისას შეკრების სივრცეებზე ხელმისაწვდომობა და ახალი სივრცეების შექმნა აქტუალურ საჭიროებად იყო დასახელებული.
- ბავშვების სოციალური დაცვის უფლების განსახორციელებლად ბათუმის მერიამ გააფართოვა სოციალური პროგრამები დაუცველი ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახებისთვის, რომელიც დააფუძნა საჭიროებების კვლევის ანგარიშს.
- ბავშვების მონაწილეობის ასამაღლებლად ბათუმის მერიამ დააფუძნა ახალგაზრდული საბჭო, რომელიც 15 წევრისგან შედგება და წარმოადგენს მერის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებით.
- ბათუმის მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ახალგაზრდული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
- თამაშის, ხარისხიანი ოჯახური დროის გატარებისა და განვითარების ხელშესაწყობად გეგმის მიხედვით. 2023 წელს დასრულდება 7 საბავშვო ბაღის მშენებლობა და დამატებით 5 ბაღის გამაგრების სამუშაოები. უკვე მოეწყო 19 სკვერი, 10 სპორტული მოედანი, 7 საბავშვო ატრაქციონი.
ბავშვზე მორგებულ ქალაქად ჩამოყალიბება გრძელვადიანი პროცესია, რომლის ფარგლებშიც ქალაქმა უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ბავშვთა უფლებების შესახებ ადვოკატირება და ინფორმირებულობის გაზრდა ხელისუფლებისა და საზოგადოების დონეზე; ბავშვებზე მორგებული კანონებისა და პოლიტიკის მიღება და ამ კანონებისა და პოლიტიკის ბავშვებზე ზეგავლენის შეფასება; ქალაქის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული ბიუჯეტი და გათვალისწინებული იქნება განხორციელების ანგარიშვალდებულებები; ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე რესურსის სამართლიანად განაწილება; ბავშვებისა და ახალგაზრდების ინფორმირება და ჩართულობა და მათი მოსაზრებებისა და გამოცდილების პატივისცემა; ბავშვებისა და ახალგაზრდების აღიარება, როგორც პარტნიორების და ინდივიდებისა, რომლებსაც გააჩნიათ უფლებები და არიან თანასწორუფლებიანი, აქტიური მოქალაქეები; დარგთაშორისი კოორდინაცია და სტრატეგიული პარტნიორობები ბავშვებზე მორგებული პოლიტიკისა და პროგრამების შედეგებისა და ზეგავლენის გაუმჯობესება-გაძლიერებისათვის. მხოლოდ ზემოაღნიშნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის წარმატებული განხორციელებისა და ბავშვზე მორგებული ქალაქის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ბათუმი ოფიციალურად მიიღებს ბავშვზე მორგებული ქალაქის სტატუსს.
ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა, რომელსაც უძღვება გაეროს ბავშვთა ფონდი, მხარს უჭერს მუნიციპალიტეტებს ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების განხორციელებაში, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის გათვალისწინებით. ინიციატივა იმავდროულად წარმოადგენს ქსელს, რომელიც აერთიანებს მთავრობებს და სხვა პარტნიორებს - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, კერძო სექტორს, სამეცნიერო სექტორს, მედიას, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავად ბავშვებს, რომლებსაც სურთ, რომ თავიანთ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდეს ბავშვებზე მორგებული გარემო.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.