გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული ტრენინგების შედეგად, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებმა და ექთნებმა გაიუმჯობესეს პაციენტთან კომუნიკაციის დამყარების უნარ-ჩვევები

- English
- ქართული
2023 წლის 20 მარტი, თბილისი, საქართველო. - გაეროს ბავშვთა ფონდისა და იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს თანამშრომლობით, 300 ექიმისა და ექთნისთვის ჩატარდა ტრენინგ-კურსები, რომელიც მიზნად ისახავდა პაციენტთან კომუნიკაციის დამყარების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. ტრენინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამედიცინო პრაქტიკის ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები, პაციენტებთან და კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების გზები, მიდგომები მედიასთან ურთიერთობისას, ასევე, კომუნიკაცია კრიზისის დროსა და ვაქცინაციასთან დაკავშირებული თემები.
ტრენინგ-კურსის მთავარი მიზანი სამედიცინო პერსონალის კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება გახლდათ, რათა პაციენტებთან და მათ ოჯახებთან ეფექტიანი ურთიერთობის დამყარება და ემპათიის გამოვლენა შეძლონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების კუთხით. ტრენინგ-კურსი სახელწოდებით „სამედიცინო პერსონალის კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, ეთიკა და სამართლებრივი საკითხები“ უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ნაწილი ხდება და იგი ჯანდაცვის ნებისმიერი მუშაკისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ტრენინგ-კურსს უძღვებოდნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას ინტერაქტიული სესიები ჩაუტარეს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მასალაზე დაყრდნობით, რაც დაეხმარება ჯანდაცვის მუშაკებს, გამოავლინონ მათში ფესვგადგმული მცდარი შეხედულებები და აღიჭურვონ შესაბამისი ცოდნით, უნარ-ჩვევებითა და დამოკიდებულებით, რაც მათ პოზიტიური ადამიანური ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება.
მშობლები და მეურვეები ენდობიან ჯანდაცვის მუშაკებს და მათ ინფორმაციის მიღების სარწმუნო წყაროდ აღიქვამენ. შესაბამისად, ექიმებისა თუ ექთნების ურთიერთობის ფორმას პაციენტის ოჯახებთან მნიშვნელოვანი დადებითი ან უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია მშობლების არჩევანზე, მიიღონ თუ არა ბავშვთა იმუნიზაციის გადაწყვეტილება.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.