გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული კომპიუტერული ლაბორატორიის ახალი მოდელი მიზნად ისახავს საქართველოში ციფრული უთანასწორობის შემცირებას

25 სექტემბერი 2021
Digital Lab in Makhuntseti
UNICEF/GEO-2021/Tsetskhladze

მახუნცეთი, საქართველო. 2021 წლის 25 სექტემბერი - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის ბავშვები ისარგებლებენ ახალი კომპიუტერული ლაბორატორიის მოდელით, რომელიც ადგილობრივ საჯარო სკოლაში დაინერგება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით.  ლაბორატორიის კონცეფცია ითვალისწინებს სკოლებში არსებული კომპიუტერული ლაბორატორიებისთვის ახალი ხედვის შემუშავებას, რომელიც მიმართულია ციფრული უთანასწორობის შემცირებისა და ინტერნეტზე და ელექტრონულ საშუალებებზე წვდომას მოკლებული მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვისკენ.  

ლაბორატორიის ახალი კონცეფციის თანახმად, მახუნცეთის საჯარო სკოლა გამოავლენს მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან და ელექტრონულ მოწყობილობებთან და ჩართავს მათ სასწავლო პროცესში როგორც ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად, ისე საშინაო დავალების შესრულების მიზნით.

 

"იმედია, კომპიუტერული ლაბორატორიის ახალი მოდელი ხელს შეუწყობს საქართველოში ციფრული უთანასწორობის შემცირებას." - ღასან ხალილი

 

“ინტერნეტთან წვდომა შეიძლება გარდამტეხი მომენტი გახდეს ყველაზე მარგინალიზებული ბავშვებისთვის”, აღნიშნა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა. „ციფრული ტექნოლოგიები ბავშვებს სწავლისა და განათლების მიღების შესაძლებლობას უქმნის, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. ციფრულ ტექნოლოგიებს ასევე შეუძლია ახალგაზრდებს განუვითაროს ციფრული უნარები, რაც მნიშვნელოვანია მათი შემდგომი დასაქმებისათვის. სკოლებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი საგანმანათლებლო როლი და ინტერნეტითა და სწალისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყონ ის ბავშვები, რომლებსაც ინტერნეტსა და ელექტრონულ საშუალებებზე წვდომა არ აქვთ. იმედია, კომპიუტერული ლაბორატორიის ახალი მოდელი ხელს შეუწყობს საქართველოში ციფრული უთანასწორობის შემცირებას“, დასძინა ხალილმა.

მაღალმთიანი აჭარის სოფელში დაარსებული პირველი ასეთი ლაბორატორია შეასრულებს მოდელის როლს, რომელიც შემდგომში ციფრულ ჰაბად გარდაიქმნება და ლაბორატორიაში სხვადასხვა სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს მოსწავლეების ციფრული უნარების განვითარებას. ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდმა სკოლას გადასცა 7 პლანშეტი, რაც გააძლიერებს ლაბორატორიას და დაეხმარება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს განავითარონ 21-ე საუკუნისათვის საჭირო უნარები. ახალ სამოდელო კომპიუტერულ ლაბორატორიას შეუძლია შეასრულოს ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციაც იზოლირებულ კუთხეებში, სადაც ახალგაზრდებს არ აქვთ სივრცეები, სადაც შეიკრიბებიან და ჩაერთვებიან არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში.

მახუნცეთის საჯარო სკოლა პასუხისმგებელი იქნება ლაბორატორიის მართვაზე - ცვლების რეგულირებაზე, ინვენტარით სარგებლობის მონიტორინგზე და მოსწავლეებისთვის ლაბორატორიით სარგებლობის ხელშეწყობაზე. წლის ბოლომდე აღნიშნული მოდელი ასევე დაინერგება სოფ. ბახვის საჯარო სკოლაშიც. 2021-2022 წლებში აღნიშნული კონცეფცია რეკომენდებული იქნება საქართველოს ყველა საჯარო სკოლისთვის, როგორც წარმატებული მოდელი ინტერნეტზე და ელექტრონულ საშუალებებზე წვდომის არმქონე ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ჩასართავად.

კორონავირუსის პანდემიამ მთელ მსოფლიოში დააზარალა ბავშვები და ახალგაზრდები. სკოლების ონლაინ განათლებაზე გადასვლამ სერიოზული გავლენა მოახდინა ბავშვებზე და მათ განათლებაზე. ონლაინ სწავლებამ განსაკუთრებით შეცვალა დაუცველი და ცუდ პირობებში მყოფი ბავშვების ცხოვრება, რომელთაც არ აქვთ წვდომა ონლაინ სწავლის პლატფორმებზე, რადგან არ აქვთ ელექტრონული მოწყობილობები და ინტერნეტ-კავშირი. საქართველოში, სადაც თითქმის 50,400 ბავშვი კომპიუტერისა და ინტერნეტ-კავშირის გარეშეა დარჩენილი, ციფრული უთანასწორობა  ბავშვებისთვის განათლების არათანაბარი წვდომის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია.

აღნიშნული პრობლემის დასაძლევად გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში შეიმუშავა ერთწლიანი ადვოკატირების სტრატეგია ციფრული უთანასწორობის შესამცირებლად და განათლებაზე თანაბარი წვდომის ხელშესაწყობად. გაეროს ბავშვთა ფონდი ახდენს ონლაინ განათლებაზე ქვეყნის მასშტაბით ყველა ბავშვისთვის თანაბარი წვდომის უზრუნველსაყოფად მიმართული პოლიტიკის გაუმჯობესების ადვოკატირებას. ამის მისაღწევად იუნისეფი ახდენს არსებული ციფრულ უთანასწორობის შესახებ დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და საჯარო დაწესებულებებს, აკადემიურ წრეებს, ბიზნეს სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის პლატფორმების შემუშავებით, რათა საქართველოში ყველა ბავშვს შეუქმნას სწავლის თანაბარი შესაძლებლობები. სკოლების კომპიუტერული ლაბორატორიების ახალი მოდელი სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.