გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა სკოლის გარეთ დარჩენილ ბავშვებს საგანმანათლებლო პროცესში ჩართავს

09 თებერვალი 2022
teacher and Kristine
UNICEF/GEO-2021/Turabelidze
Kristine and Irma Bochorishvili, Deputy Principal of the Public School #4 in Zestaponi.

თბილისი, 2022 წლის 9 თებერვალი - საქართველოში სკოლის გარეთ დარჩენილი ყველაზე დაუცველი ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვისკენ მიმართული ორწლიანი პარტნიორობის ინიციატივის შედეგად ორასმა მოსწავლემ, მათ შორის სკოლის გარეთ მყოფმა და ამ რისკის ქვეშ მყოფმა ბავშვებმა გაიუმჯობესეს წიგნიერებისა და მათემატიკური უნარები, ზოგიერთი მათგანი კი სკოლას დაუბრუნდა. აღნიშნულ ინიციატივას ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით და ბულგარეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

დღეს გაიმართა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლალი კალანდაძემ, ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა ილია ნაჩევმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა. მათ განიხილეს პროექტის მთავარი მიღწევები, წარმოადგინეს მიღებული გამოცდილების ანალიზი და განსაზღვრეს საქართველოში ინკლუზიური განათლებისა და განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის მხარდასაჭერად გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები.

გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლის გარეთ დარჩენილი და ამ რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების წინაშე არსებულ სირთულეებზე რეაგირების  სისტემური მიდგომის შემუშავებაში. იუნისეფთან პარტნიორობით სამინისტრომ წარმოადგინა მოდელი, რომელიც ბავშვებს მისცემს სასწავლო პროგრამის დაწევის საშუალებას და მეორე შესაძლებლობას განათლების მისაღებად.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა დაწევისა და დაჩქარებული სწავლის კურიკულუმი, რომელიც ორ დონეს მოიცავს. ადაპტირებული კურიკულუმი სრულად შეესაბამება მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას და მორგებულია სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვებისა და ამ რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების საჭიროებებს.

კურიკულუმის პილოტირება განხორციელდა 39 სამოდელო სკოლასა და ექვს დღის ცენტრში, რომელშიც მონაწილეობდა კურიკულუმის დანერგვის მიმართულებით გადამზადებული 19 მასწავლებელი, 25 სპეციალური მასწავლებელი და ზოგადი განათლების რეფორმაში ჩართული 82 ქოუჩი და კოორდინატორი.

„ყველა ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება. ამ პროგრამის მიზანია, უზრუნველყოფილი იქნას საქართველოში ყველა ბავშვის უფლება, მიიღონ საჭირო განათლება, რაც მათი უფლებაა“, აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, სკოლები აღჭურვილი იყოს საჭირო ცოდნითა და უნარებით, ასევე სპეციალური პროგრამებით, რომლებიც დაეხმარება სკოლის გარეთ დარჩენილ ბავშვებს ხელახლა ჩაერთონ განათლების სისტემაში. გაეროს ბავშვთა ფონდი მადლობას უხდის ბულგარეთის მთავრობას მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად.“

“საქართველოში განათლების სისტემის მხარდაჭერა, ისევე როგორც ბავშვების საჭიროებებზე და სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენების წარმომადგენელ ბავშვებზე ფოკუსირება ბულგარეთის განვითარების სააგენტოს პრიორიტეტებია“, განაცხადა ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა, ილია ნაჩევმა. „გაეროს ბავშვთა ფონდთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ამ პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ინკლუზიური განათლებისა და დაწევის მეთოდოლოგიები, რათა განათლების მეორე შანსი მისცემოდათ ბავშვებს, რომლებმაც თავი დაანებეს სკოლას ან არიან სკოლის გარეთ დარჩენის რისკის ქვეშ, წარმატებული ინსტრუმენტი გამოდგა ასეთი ბავშვების გამოწვევებზე საპასუხოდ. ბულგარეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერას მეორე ფაზაში, რომლის დაწყებაც 2022 წელს იგეგმება.“ 

პროექტის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა ხელი შეუწყო ადაპტირებული კურიკულუმისა და ინკლუზიური განათლების ინოვაციების ჩართვას ცხრა პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელთა მომზადების პროგრამების სხვადასხვა საგნის სასწავლო პროგრამაში. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს კვალიფიციურ მასწავლებელთა მომზადებას, რათა კარგად ჰქონდეთ გათვითცნობიერებული ინკლუზიური განათლების ხასიათი და მნიშვნელობა და უზრუნველყონ ეფექტიანი სწავლება სკოლის გარეთ დარჩენილი ბავშვებისთვის.

საქართველოში ბევრ ბავშვს, განსაკუთრებით სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენლებს, ხელი არ მიუწვდებათ სავალდებულო განათლებაზე. იმ ბავშვებს შორის,  რომლებმაც თავი დაანებეს სკოლას ან არიან სკოლის გარეთ დარჩენის რისკის ქვეშ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, საჯარო ზრუნვაში მყოფი ბავშვები, ობლები, იძულებით გადაადგილებული პირები, მოქალაქეობის არმქონე ბავშვები, ლტოლვილები და ძნელად მისაწვდომ რეგიონებში მცხოვრები ბავშვები.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.