გაეროს ბავშვთა ფონდის და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს პარტნიორობა სასულიერო პირთა როლზე ბავშვთა უფლებების პოპულარიზაციაში

გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს პარტნიორობას სასულიერო პირებთან ბავშვის უფლებების მხარდაჭერის საკითხში.

27 სექტემბერი 2019
Meeting with religious leaders
UNICEF/GEO-2019/Tevzadze

თბილისი, 2019 წლის 27 სექტემბერი. გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს პარტნიორობას სასულიერო პირებთან ბავშვის უფლებების მხარდაჭერის საკითხში. რამდენიმე თვის წინ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებთან გამართული დისკუსიის შემდეგ, 23-25 სექტემბერს სამდღიანი სემინარი გაიმართა მუსლიმი სასულიერო პირებისთვის. 30-მდე იმამმა და თეოლოგმა აჭარის რეგიონიდან მიიღო მონაწილეობა სემინარში, რომელიც გაიმართა ბათუმში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში იუნისეფთან პარტნიორობით.   

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ბავშვის უფლებების კონვენციის მთავარი პრინციპები და დებულებები, სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების მხარდაჭერასა და დაცვაში, ხარისხიანი განათლება, შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმა და ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული სოციალური ნორმები, დედისა და ბავშვის ჯანმრთელობა,  ბავშვთა დაცვა ძალადობისგან, ოჯახის მნიშვნელობა ბავშვებისთვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. იუნისეფის წარმომადგენელმა და პროგრამის სპეციალისტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე, რასაც მოჰყვა საინტერესო დისკუსია, რომლის დროსაც  სემინარის მონაწილეებმა უკეთ გააცნობიერეს განხილული ცნებები და მიიღეს ინფორმაცია ბავშვების მდგომარეობაზე და არსებულ პოლიტიკებზე და მექანიზმებზე.

„მადლობას ვუხდით სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ამ პარტნიორობისთვის“, ამბობს იუნისეფის წარმომადგენელი დოქტორ ღასან ხალილი. „სასულიერო პირების როლი გადამწყვეტია ბავშვის უფლებების წინ წამოწევისა და დაცვის საქმეში, რადგან ისინი ყველაზე ახლოს არიან თემთან და ესმით მათი საჭიროებები. ცოცხალი და საინტერესო დისკუსია გვქონდა მუსლიმ სასულიერო პირებთან საქართველოს აჭარის რეგიონში და დიდი ინტერესით ველით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას საქართველოს სხვა რელიგიურ დენომინაციებთან”. მოხარულები ვართ, რომ  ამ მნიშვნელოვანი პარტნიორობის  გაძლიერება ხდება ახლა, როცა იუნისეფი აღნიშნავს ბავშვის უფლებების კონვენციის 30 წლისთავს“, აღნიშნა ღასან ხალილმა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა და მონაწილეებმა ბევრი სასარგებლო  ინფორმაცია მიიღეს სემინარის განმავლობაში, რაც მათ დაეხმარა გარკვეული დამოკიდებულების და შეხედულებების  გადაფასებაში:

„ამ სემინარის შედეგად დაიმსხვრა სტერეოტიპი, რომ მკაცრი აღზრდა კარგია ბავშვებისთვის  და ასევე გავიგე, რომ ბავშვი არ არის ნივთი და მშობლის საკუთრება და რომ ბავშვებს აქვთ უფლებები. ძალიან საინტერესო იყო“, თქვა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტის მოადგილემ, ადამ შანთაძემ.

„დიდი მადლობა ასეთი საინტერესო სემინარისთვის. ბევრი რამ ვისწავლე. ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს მრევლს, ჩვენს მეზობლებს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა დაუშვებელია. მე უკვე გადავეცი ბავშვის უფლებების კონვენცია ჩემს რძალს და ვუთხარი, რომ შვილი ამ დოკუმენტის მიხედვით აღზარდოს. ჩვენ არასდროს უნდა მოვატყუოთ ბავშვები. ეს დაუშვებელია“. თქვა იმამმა ილია ბოლქვაძემ.
 

Meeting with religious leaders

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა იცოდნენ როგორ დაიცვან ბავშვის უფლებები, როგორ აღზარდონ შვილები არაძალადობრივი მეთოდების გამოყენებით. მნიშვნელოვანია ვესაუბროთ ბავშვებს, აუხსნათ მათ. მე  ვესაუბრე ჩემს ოჯახს  ბავშვის უფლებებზე და სხვა საკითხებზე, რაც სემინარზე  ვისწავლე. ისინი ყურადღებით მისმენდნენ. ასეთი დისკუსიები უფრო ხშირად უნდა გვქონდეს“, თქვა იმამმა ბეგლარ ქამაშიძემ.

„ძალიან კარგი სემინარი იყო. ჩვენ უნდა ვესაუბროთ მშობლებს და გადავცეთ მათ ცოდნა, რომელიც სემინარზე შევიძინეთ. ძალადობა დაუშვებელია. ჩვენ უნდა დავიცვათ ბავშვები და მე ამ საკითხებს ჩემს მერევლთან განვიხილავ“, თქვა იმამმა ისმაილ ზოიძემ.

„ჩვენ ეს ინფორმაცია ხალხში უნდა გავავრცელოთ. ბავშვებს აქვთ უფლებები. ბავშვები უნდა ენდობოდნენ მშობლებს და მათგან მხარდაჭერას იღებდნენ. უფრო მეტი ასეთი შეხვედრა გვჭირდება. მადლობა იუნისეფს ამ სემინარის ორგანიზებისთვის“, თქვა იმამმა ალექსანდრე ნაკაიძემ.

ივნისში იუნისეფმა სამდღიანი სემინარი  გამართა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებისთვის. შემდეგი სემინარი ეკლესიის წარმომადგენლებისთვის ოქტომბერში იგეგმება. ასევე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად იგეგმება   დისკუსიის ორგანიზება საქართველოს ყველა რელიგიური დენომინაციის მონაწილეობით ბავშვის უფლებებების პოპულარიზების მიზნით. 

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი