გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით ბათუმში ბავშვის უფლებებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

ბავშვთა უფლებებზე მეორე საერთაშორისო კონფერენცია აჭარის განათლების სამინისტროს და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმართება

27 მაისი 2021
Announcment of Batumi Intl. Education Conference
UNICEF/GEO-2021/Tsetskhladze

ბათუმი, 2021 წლის 27 მაისი. ოქტომბრის პირველ კვირაში ბათუმში საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში ბავშვთა უფლებების ჩართვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ბათუმში აღნიშნული განცხადება დღეს გააკეთეს კონფერენციის ორგანიზატორებმა - გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და აჭარის ავტონომიური რესპულიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

 

ორდღიან კონფერენციაზე შეიკრიბებიან პროფესორები და სტუდენტები, ოფიციალური პირები, ბავშვის უფლებების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დიპლომატები, საქართველოში მომუშავე საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რათა იმსჯელონ უნივერსიტეტებში ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული განათლების შესახებ.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია იქნება მსგავსი ტიპის რიგით მეორე ღონისძიება 2020 წლის ოქტომბერში ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული პირველი კონფერენციის შემდეგ, რომელმაც ხელი შეუწყო ბავშვის უფლებების შესახებ სწავლებისა და სწავლის გამოცდილების გაზიარებას და რომლის მიზანიც იყო მომავალ სპეციალისტებს მისცემოდათ საშუალება, ყოველდღიურ ცხოვრებაში - სახლში, სკოლაში თუ თემებში ემუშავათ ბავშვის უფლებების პრაქტიკული განხორციელებისთვის.

ნორვეგიის მთავრობასთან პარტნიორობით იუნისეფმა უკვე დაუჭირა მხარი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა დაცვის ცენტრის დაარსებას. ცენტრი იქნება საინფორმაციო ჰაბი და ხელს შეუწყობს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების, მშობლების და ბავშვების ინფორმირებულობას ბავშვთა უფლებებზე.

 

"ვიმედოვნებთ, რომ კონფერენცია და უნივერსიტეტში ბავშვის უფლებების ცენტრის დაარსება ხელს შეუწყობს საქართველოში ბავშვის უფლებების კულტურის გაძლიერებას." - ღასან ხალილი

 

„მოხარულები ვართ, რომ ქუთაისში გამართული პირველი საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ მეორე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტია, სადაც ბავშვის უფლებები შეტანილ იქნა პროგრამებსა და კურიკულუმებში“, განაცხადა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგეელმა, ღასან ხალილმა. „ვიმედოვნებთ, რომ კონფერენცია და უნივერსიტეტში ბავშვის უფლებების ცენტრის დაარსება ხელს შეუწყობს საქართველოში ბავშვის უფლებების კულტურის გაძლიერებას. იუნისეფი გააგრძელებს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან და სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას ბავშვის უფლებების შესახებ განათლების პოპულარიზაციის კუთხით,“ დასძინა ხალილმა.

კონფერენციაზე ეროვნულ და საერთაშორისო სპეციალისტებს, ექსპერტებსა და სტუდენტებს მიეცემათ დისკუსიებში ჩართვისა და პრეზენტაციებით გამოსვლის შესაძლებლობა. დღეს გაკეთდა განცხადება კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად მოხსენებების მიღების დაწყების შესახებ. კონფერენციაზე საქართველოს უნივერსიტეტებს მიეცემა შესაძლებლობა, გააზიარონ თავიანთი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს განათლების, სამართლის, ბიზნესისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ბავშვის უფლებების მომავალი დამცველების განათლებისთვის საუნივერსიტეტო პროგრამებში ბავშვის უფლებების შეტანას.

უმაღლესი განათლების პროგრამებსა და კურიკულუმებში ბავშვის უფლებების შეტანა გაზრდის სტუდენტების ინფორმირებულობას ბავშვის უფლებების შესახებ. თავის მხრივ, ეს გამოიწვევს დაინტერესებას, აამაღლებს მოტივაციას და შთააგონებს ყველა მომავალ პროფესიონალს, რომელიც აირჩევს სოციალური მუშაკის, ადვოკატის, მოსამართლის, მასწავლებლისა თუ სხვა რომელიმე პროფესიას, იმუშავოს ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად. ამით  საფუძველი ჩაეყრება ბავშვებთან მომუშავე ყველა პროფესიონალის სპეციალიზაციას საქართველოს ბავშვის უფლებების კოდექსის მოთხოვნისამებრ, რომელიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.