გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ბავშვებისა და ახალგაზრდების მიერ ეკრანთან გატარებული დროის მკვეთრი ზრდა სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს

გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ჰენრიეტა ფორეს განცხადება „უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან“ დაკავშირებით

09 თებერვალი 2021
boy at the computer
UNICEF/GEO-2020/Turabelidze

ნიუ იორკი, 2021 წლის 9 თებერვალი - „COVID-19- ის პირობებში, მილიონობით ბავშვისა და ახალგაზრდის ცხოვრება მხოლოდ მათი სახლებითა და ეკრანებით შემოიფარგლა. ბევრისთვის ონლაინ ყოფნა სწრაფად იქცა თამაშის, სოციალიზაციისა და სწავლის ერთადერთ საშუალებად“.

„მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები და ციფრული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს იძლევა ბავშვების სწავლის, გართობისა და სოციალური კავშირების შენარჩუნებისთვის, იმავე საშუალებებს ბავშვების წინაშე არსებული  უამრავი რისკის გაზრდა შეუძლიათ. პანდემიამდეც კი, ონლაინ არხებით ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია, მავნე შინაარსის ინფორმაცია, დეზინფორმაცია და კიბერბულინგი ბავშვთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ფსიქიკურ კეთილდღეობას საფრთხეს უქმნიდა.

ეკრანთან გატარებული დროის ზრდამ შეიძლება გააძლიეროს იმ ბავშვების განცდები, რომლებმაც უკვე განიცადეს ზიანი - ინტერნეტში ან მის გარეთ. სკოლების დახურვამ, ფიზიკურმა დისტანცირებამ, მომსახურებების შემცირებამ და ისედაც მოწყვლადი ოჯახების მზარდმა პრობლემებმა შეაფერხეს და შეამცირეს ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი ზოგიერთი დამცავი ზომა.

ამავე დროს, იზრდება წუხილი ბავშვთა ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის გამო. ზოგი მტკიცებულების თანახმად, ინტერნეტში გატარებული დროის ზრდა ამცირებს გარე აქტივობებს და ძილის ხარისხს, ზრდის შფოთვის სიმპტომებს და არაჯანსაღი კვების ჩვევებს.

ახლა, როდესაც პანდემიის მეორე წელი დაიწყო, ეჭვგარეშეა, რომ ინტერნეტი და ტექნოლოგიები კვლავაც დიდ როლს ითამაშებს მილიონობით ბავშვის ცხოვრებაში. უსაფრთხო ინტერნეტის დღეს, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს ახლებურად შევხედოთ ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერნეტ-სამყაროს შექმნას, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს მათ ფიზიკურ და გონებრივ კეთილდღეობას. ამისათვის საჭიროა:  

  • მჭიდრო თანამშრომლობა მთავრობებთან, ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური მომსახურების მუშაკთა ტრენინგის მიზნით ისეთ საკითხებში, როგორიცაა COVID-19– ის გავლენა ბავშვთა კეთილდღეობაზე, მათ შორის გაზრდილი ონლაინ რისკები; აგრეთვე ბავშვთა დაცვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ძირითადი სერვისების გაძლიერების მიზნით, რათა უზრუნველვყოთ მათი ხელმისაწვდომობა და აქტიური მუშაობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე და მის შემდეგ.
  • ტექნოლოგიური ინდუსტრია, სოციალური ქსელების ჩათვლით, უნდა იძლეოდეს ონლაინ პლატფორმებზე უსაფრთხოების დაცვის ისეთი გაძლიერებული ზომების არსებობის გარანტიას, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მასწავლებლების, მშობლებისა და ბავშვებისათვის.
  • თანამშრომლობა საჯარო და კერძო სექტორებთან უსაფრთხო ტექნოლოგიებსა და კონტენტში ინვესტიციების გაზრდის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის ზრდასა და უნარების განვითარებას, მათ შორის ისეთი ინიციატივების საშუალებით, როგორიცაა „Reimagine Education“ და „GIGA“.
  • მშობლების ხელშეწყობა, რომ ისინი თავიანთ შვილებს ინტერნეტთან და ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რისკების გაგებაში დაეხმარონ და ონლაინ აქტივობებთან დაკავშირებული შფოთვის ნიშნების შემჩნევა შეძლონ.
  • სკოლებში ბავშვებისთვის საკონსულტაციო მომსახურებაზე მუდმივი წვდომის უზრუნველყოფა, ვირტუალურის ჩათვლით - და ისეთი პოლიტიკის დანერგვა, რომელიც  ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და  დაცვის პრობლემებზე რეაგირებს.

რაც შეეხება თავად ბავშვებსა და ახალგაზრდებს,  მათ დახმარება სჭირდებათ, რომ მზად იყვნენ კორონავირუსი პანდემიის შემდგომ პერიოდში უფრო კეთილგანწყობილ და დაკავშირებულ სამყაროში ცხოვრებისთვის,  მიაღწიონ წონასწორობას ონლაინ და ოფლაინ სამყაროებს შორის, დაამყარონ უსაფრთხო და პოზიტიური ურთიერთობები გარშემო მყოფებთან და ხელი მიუწვდებოდეთ საჭირო მხარდაჭერაზე.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.