ბავშვთა საკითხების ზედაპირულად გაშუქება პრობლემად რჩება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედია მონიტორინგის შედეგებს აჯამებს

26 დეკემბერი 2017
boy near window
UNICEF Georgia

თბილისი, 26 დეკემბერი, 2017 . ბავშვების შესახებ მომზადებული მასალების დიდი ნაწილი ზედაპირულია, მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს ისეთი ჟურნალისტური პროდუქტი, სადაც სიღრმისეულად განიხილავენ არსებულ პრობლემებს, - ნათქვამია მედიამონიტორინგის ანგარიშში, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) მხარდაჭერით 2017 წლის აპრილიდან დეკემბრამდე ჩაატარა.

ანგარიშის თანახმად, ბავშვთა საკითხების გაშუქება განსაკუთრებით ონლაინ მედიაში იზრდება, თუმცა უმრავლესობა მხოლოდ მოკლე ინფორმაცია ანდა პრეს-რელიზის ფორმატია. გასულ წლებთან შედარებით, გაუმჯობესებული მაჩვენებელი აქვთ ტელევიზიებს. ისინი ყველაზე ხშირად ამზადებენ ბავშვების შესახებ ვრცელ სიუჟეტებს, ასევე სიღრმისეულ მასალებს. კვლავაც პრობლემად რჩება ბავშვების  რესპონდენტებად წარმოჩენა.

ზოგადად, მედია ცდილობდა დაეცვა ეთიკური ნორმები და არ დაერღვია ბავშვის უფლებები, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მედიამ ვერ შეძლო ამ სტანდარტების დაცვა - გაამჟღავნა ბრალდებული არასრულწლოვნის ვინაობა, არაეთიკურად, სენსაციურ ჭრილში გააშუქა მოზარდთა სუიციდის შემთხვევები. რამდენიმე შემთხვევაში კი მოახდინა ბავშვის სტიგმატიზება სხვადასხვა ნიშნით.

იუნისეფისა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ასევე ჩაატარდა ტრენინგები ბავშვთა საკითხების უკეთ გაშუქების შესახებ შემდეგი მედია საშუალებების რედაქციებში: ტელეკომპანიები „პირველის“ და „გურჯაანის“ საინფორმაციო სამსახური,  პანკისის სათემო რადიო,  livepress.ge (ზუგდიდი) და „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“. ტრენერები - ნინო ჯაფიაშვილი და ზვიად ქორიძე თითოეულ მედია საშუალებაში ოთხი დღის განმავლობაში მუშაობდნენ და  შემოქმედებით გუნდთან ერთად განიხილავდნენ ბავშვებთან დაკავშირებით უკვე მომზადებულ მასალებს, იმ ეთიკურ დილემებს, რაც მუშაობისას წააწყდნენ,  გეგმავდნენ ახალ თემებს.  

პროექტის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები მედიაწიგნიერების, საბავშვო არხების, ბავშვთა საკითხების გაშუქების სწავლების, ინფორმაციის გადამოწმების შესახებ. პროექტის მონაწილეები ამ თემებზე სასაუბროდ შეხვდნენ მოსწავლეებს, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს, საბავშვო არხების ხელმძღვანელებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

მონიტორინგის შესახებ

მონიტორინგის მიზანი ელექტრონულ,  ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა და ბავშვთა უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზი იყო.

2017 წლის 1 აპრილიდან 1 დეკემბრამდე ქარტიის მონიტორებმა შეისწავლეს 11,000-ზე მეტი სიუჟეტი, სტატია და მოკლე ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხებოდა ბავშვებს. მონიტორინგის დროს გამოიყენებოდა ანალიზის როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი მეთოდი.

მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში ხელმისაწვდომია ქარტიის ვებ გვერდზე: www.qartia.ge და ამ ბმულზე.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

UNICEF-ის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გვერდს: https://www.unicef.org/georgia/ 

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.