ახალი პარტნიორული ინიციატივის შედეგად აჭარაში ბავშვები ისარგებლებენ ხარისხიანი და ინკლუზიური განათლებით

- English
- ქართული
ბათუმი, საქართველო. 2022 წლის 3 ივნისი – აჭარაში, ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით 300-ზე მეტი ბავშვი და 100-ზე მეტი მასწავლებელი ჩაერთვება ინკლუზიური განათლების კულტურის გაძლიერებაში.
ნორვეგიის მთავრობის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამწლიანი პარტნიორული პროგრამის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს 2022 წლის სექტემბრისათვის ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ორ სკოლაში ინკულზიური საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების დაარსებას.
რესურს-ცენტრები უზრუნველყოფს არაფორმალური განათლების სერვისებს სასკოლო საათების შემდეგ სპეციალური საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის, რათა ხელი შეუწყოს ბავშვების ინკლუზიას და აქტიურ მონაწილეობას განათლების პროცესში და გაუმჯობესებული სასწავლო შედეგების მიღწევას.
პროექტი ითვალისწინებს საპილოტე სკოლებში ინკლუზიური საგანმანათლებლო ცენტრების ადაპტირებული ინფრასტრუქტურის განახლებას, მათ შორის ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოსათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობას და მასწავლებელთა და სკოლის სხვა თანამშრომლების ქოუჩინგს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის ინკლუზიური საგანმანათლებლო პროგრამების მიწოდებაში.
ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში გაძლიერებული ინკლუზიური განათლება დაეფუძნება ბავშვების ინტერესებს, გაზრდის მათ თავდაჯერებას, საზოგადოებაში ინტეგრირებას და სასკოლო პროცესში ჩართულობას.
ამჟამად აჭარის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არ აქვთ სკოლის საათების შემდგომი ინკლუზიური პროგრამები, რაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ბავშვებს უზღუდავს სასკოლო გარემოში სრული ინკლუზიის შესაძლებლობებს. სკოლები საჭიროებს ისეთ მომსახურებებს, რომლებიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მოამზადებს უხარვეზო და აკადემიურად გამართული ინკლუზიისთვის.
მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის სამწლიანი ერთობლივი პროგრამის მიზანია ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაუმჯობესება.
მედია კონტაქტები
იუნისეფის შესახებ
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს
თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.