ახალგაზრდები მუნიციპალიტეტთან ერთად ბათუმის ბავშვზე მორგებულ ქალაქად ქცევის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ
ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა ადგილობრივ ხელისუფლებას აძლევს სტიმულს, უფრო მეტად გაამახვილოს ყურადღება ახალგაზდა მოქალაქეების უფლებების დაცვაზე

ბათუმი, საქართველო, 2022 წლის 27-28 იანვარი. ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიებში იმის შესახებ, თუ როგორ გახადონ თავიანთი ქალაქი ბავშვებისთვის უფრო მორგებული და როგორ შეუძლიათ ბავშვებსა და მოზარდებს ამ პროცესში ჩართვა. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის ფარგლებში ახალგაზრდების ორი ჯგუფი მოიწვიეს ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მოსასმენად.
2020 წელს გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველოს ერთ-ერთმა უდიდესმა ქალაქმა - ბათუმმა აიღო ვალდებულება, შეერთებოდა 40-ზე მეტ ქვეყანაში ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში მონაწილე 3000 ქალაქს. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ბათუმმა განახორციელა მემორანდუმით გათვალისწინებული კონკრეტული ქმედებები, რომლებიც საჭიროა ბათუმის ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩართვისთვის. ბათუმში ბავშვების უფლებებისა და კეთილდღეობის სიტუაციური ანალიზი უკვე დასრულებულია. დოკუმენტი ასახავს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგანან ბათუმის მუნიციპალიტეტის ბავშვები და გვთავაზობს რეკომენდაციებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გასატარებელ ზომებთან დაკავშირებით, იმისთვის რომ ქალაქი ბავშვზე მორგებული გახდეს.
სიტუაციური ანალიზის საფუძველზე ბათუმის მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა სტრატეგიული მიმართულებებისა და სამოქმედო გეგმის მონახაზი. გეგმის მიღებამდე მიმდინარეობს მისი განხილვა ბათუმელ ბავშვებსა და ახალგაზრდებთან, მათი მოსაზრებები კი საბოლოო სამოქმედო გეგმაში აისახება.
ახალგაზრდებს შეხვდა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, რომლებიც მიესალმნენ პროცესში მათ მონაწილეობას.
''მოხარული ვართ, რომ ბათუმი აქტიურ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ბავშვზე მორგებულ ქალაქად იქცეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქში მცხოვრები ბავშვები და ახალგაზრდები ინფორმირებული და პროცესში ჩართული იყვნენ, რათა გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და განიხილონ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზები.''
“მოხარული ვართ, რომ ბათუმი აქტიურ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ ბავშვზე მორგებულ ქალაქად იქცეს”, ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი. “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქში მცხოვრები ბავშვები და ახალგაზრდები ინფორმირებული და პროცესში ჩართული იყვნენ, რათა გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და განიხილონ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზები. გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს ბათუმის მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა ბავშვთა საკითხებმა წამყვანი ადგილი დაიკავოს ქალაქის დღის წესრიგში“, აღნიშნა ხალილმა.
ბავშვზე მორგებული ქალაქები გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური ინიციატივაა და ეხმარება მუნიციპალიტეტების მთავრობებს ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების განხორციელებაში, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის გათვალისწინებით. ინიციატივა იმავდროულად წარმოადგენს ქსელს, რომელიც აერთიანებს მთავრობებს და სხვა პარტნიორებს - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, კერძო სექტორს, სამეცნიერო სექტორს, მედიას, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თავად ბავშვებს, რომლებსაც სურთ, თავიანთ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესდეს ბავშვებზე მორგებული გარემო.
ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩასართავად ქალაქმა უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ქალაქში ბავშვების მდგომარეობის შეფასება; ბავშვთა უფლებების შესახებ ადვოკატირება და ინფორმირებულობის გაზრდა ხელისუფლებისა და საზოგადოების დონეზე; ბავშვებზე მორგებული კანონებისა და პოლიტიკის მიღება და ამ კანონებისა და პოლიტიკის ბავშვებზე ზეგავლენის შეფასება. ქალაქის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც მკაფიოდ იქნება განსაზღვრული ბიუჯეტი და გათვალისწინებული იქნება განხორციელების ანგარიშვალდებულებები; ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე რესურსის სამართლიანად განაწილება; ბავშვებისა და ახალგაზრდების ინფორმირება და ჩართულობა და მათი მოსაზრებებისა და გამოცდილების პატივისცემა; ბავშვებისა და ახალგაზრდების აღიარება, როგორც პარტნიორების და ინდივიდებისა, რომლებსაც აქვთ უფლებები და არიან თანასწორუფლებიანი, აქტიური მოქალაქეები; უწყებათაშორისი კოორდინაცია და სტრატეგიული პარტნიორობები ბავშვებზე მორგებული პოლიტიკისა და პროგრამების გაძლიერებისათვის.
ბავშვზე მორგებულ ქალაქად ჩამოყალიბება გრძელვადიანი პროცესია. მომდევნო ფაზაში, ბათუმის მერიის ადმინისტრაცია გააანალიზებს ბათუმში ბავშვთა უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას. გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე მომზადდება ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის დამტკიცების შემდეგ, ბათუმი გახდება ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის კანდიდატი ქალაქი. ბათუმს ბავშვზე მორგებულ ქალაქად ოფიციალურად აღიარებენ გეგმის წარმატებით განხორციელებისა და ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის წარმატებით დასრულების შემდეგ.
მედია კონტაქტები
About UNICEF
UNICEF promotes the rights and wellbeing of every child, in everything we do. Together with our partners, we work in 190 countries and territories to translate that commitment into practical action, focusing special effort on reaching the most vulnerable and excluded children, to the benefit of all children, everywhere.
For more information about UNICEF and its work for children, visit www.unicef.org/georgia/