ახალგაზრდა მოხალისეები იწყებენ თანატოლებთან უსაფრთხო ჰიგიენისა და ინფექციის პრევენციის პოპულარიზაციას

კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხოდ გაეროს ბავშვთა ფონდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მოზარდებისთვის თანატოლ განმანათლებლების პროგრამას იწყებენ

07 თებერვალი 2022
ახალგაზრდა მოხალისეები იწყებენ თანატოლებთან უსაფრთხო ჰიგიენისა და ინფექციის პრევენციის პოპულარიზაციას
UNICEF/Geo-2019

2022 წლის 7 თებერვალი, თბილისი, საქართველო – 150 ახალგაზრდა ერთიანდება მოხალისეების პროექტში საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის პრევენციის პოპულარიზაციისთვის. მოხალისეები მოაწყობენ შეხვედრებსა და დისკუსიებს ახალგაზრდულ კლუბებსა და ცენტრებში, რომელთა ძირითადი მიზანი იქნება ჰიგიენის პრაქტიკების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფიცირების პრევენცია და კონტროლი. ამას გარდა, ახალგაზრდები თავიანთ თემებში პოპულარიზაციას გაუწევენ მოხალისეობის იდეას.

პროექტს ორგანიზებას უწევს გაეროს ბავშვთა ფონდი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციასთან "Helping Hand" პარტნიორობით. ინიციატივის მიზანია მოზარდებში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენცია ჰიგიენის დაცვის ზომებისა და ცხოვრების ჯანმრთელი წესის ხელშეწყობის მეშვეობით.

თავდაპირველად, შერჩეული 150 მოხალისე გაივლის ტრენინგის სესიებს და აქტივობებს, რომელთაც გაუძღვებიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები და აღნიშნული სფეროს სხვა წამყვანი ექსპერტები. საჭირო ცოდნით აღჭურვილი თანატოლ-განმანათლებლები თავიანთ თემებში ჩაატარებენ თემატურ საინფორმაციო და საგანმანათლებლო სესიებსა და მრგვალი მაგიდის შეხვედრებს ახალგაზრდებისთვის ცოდნისა და უნარების ასამაღლებლად. მოხალისეები ყველა მუნიციპალიტეტში ჩაატარებენ და გაუძღვებიან ჰიგიენის პოპულარიზაციის კამპანიებს. პროგრამის მონაწილეებს, მათ შორის საქართველოს ყველაზე მოწყვლადი რეგიონების წარმომადგენლებს, მიეცემათ უსაფრთხო ჰიგიენის სფეროში მიკრო-გრანტების მოპოვებისა და მცირემასშტანიანი პროექტების განხორციელების საშუალება.

2020 წლიდან მოყოლებული, გაეროს ბავშვთა ფონდი უწყვეტად აძლიერებს ახალგაზრდებს შორის მოხალისეობას. იუნისეფის მხარდაჭერით ჩატარდა 200-ზე მეტი მოზარდის ტრენინგი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ზომების განხორციელებაში, რასაც შედეგად მოჰყვა ახალგაზრდა მოხალისეების 150-ზე მეტი პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მთლიანობაში 5000-ზე მეტმა ახალგაზრდამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდების მოხალისეობრივ პროექტებში, რომლებიც მოიცავდა საგანმანათლებლო შეხვედრებს მრგვალი მაგიდის ფორმატში, საინფორმაციო სესიებს ღია სივრცეში, ადგილობრივი თემების დასახმარებლად მიმართულ მინი-პროექტებს და ა.შ.

პანდემიის გამოწვევებზე რეაგირებაში მოზარდების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამების არსებობა, რომლებსაც თვითონ ახალგაზრდები უძღვებიან. მოხალისეობა მოზარდებს ეხმარება პროფესიული გამოცდილებისა და ცოდნის შეძენაში, საკვანძო უნარების განვითარებაში, ახალი მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და, რაც მთავარია, თავიანთ თემებში ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: აშშ-ის წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს  დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.  1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia.  

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.