აჭარაში ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგის ახალი მექანიზმი ინერგება

ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვების განვითარებაზე მეთვალყურეობის სერვისების გაძლიერებას პირველადი ჯანდაცვის დონეზე.

01 აპრილი 2019
Primary healthcare professional examines the child
UNICEF/GEO-2019/Tsetskhladze

ბათუმი, 30 მარტი, 2019. გაეროს ბავშვთა ფონდისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით შედეგად აჭარაში ინერგება 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდისა და განვითარების  ზედამხედველობის სისტემა. ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვების განვითარებაზე მეთვალყურეობის სერვისების  გაძლიერებას პირველადი ჯანდაცვის დონეზე. ინიციატივა ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

0-დან 6 წლამდე ბავშვების შესახებ მონაცემები შევა ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგის ელექტრონული სისტემაში, რომელიც თავის მხრივ, უკავშირდება დაბადების რეესტრს. ბავშვის დაბადებისთანავე ინფორმაცია ჩნდება სისტემაში და შესაბამისად, პირველადი ჯანდაცვის გუნდი ინფორმირებულია მის უბანზე ახალშობილის შემოსვლასთან დაკავშირებით, რაც ქმნის ექიმისა და ექთნის პრო-აქტიული მოქმედების საფუძველს. აღნიშნული პროექტის პილოტირება ხდება აჭარაში.

პირველადი ჯანდაცვის ექიმები და დამხმარე სამედიცინო პერსონალი ვალდებულნი არიან, შეიყვანონ ბავშვის შესახებ მონაცემები პორტატულ ელექტრონულ ტაბლეტებში.

პლანშეტებით აღჭურვილი პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალები ივლიან ოჯახებში და მოახდენენ ბავშვების მონიტორინგს, ოჯახების კონსულტირებას ბავშვის ზრდისა და განვითარების შესახებ.

ექიმები აფასებენ ბავშვის განვითარების ტრაექტორიას, ბავშვის კვებას, მოახდენენ ბავშვის უგულებელყოფის და მასზე ძალადობის იდენტიფიცირებას.

გაეროს ბავშვთა ფონდმა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით უკვე შეიძინა 107 ცალი პლანშეტი, რომლებიც პროგრამის ფარგლებში გადაეცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ყველა პირველადი ჯანდაცვის ბრიგადას.

ელექტრონული სისტემის საშუალებით პირველადი ჯანდაცვის მუშაკები ასევე აფასებენ ოჯახის ეკონომიკურ პირობებს და კონსულტაციას უწევენ დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო დახმარების მიღებაში. მოდული ასევე აფასებს დედის ჯანმრთელობას მშობიარობის შემდგომ პერიოდში და შესაძლებელს ხდის დროულად გამოვლინდეს დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები. აღნიშნული მექანიზმი ითვალისწინებს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის, განსაკუთრებით კი ბავშვზე მეთვალყურეობის კომპონენტის, გაუმჯობესებას და იმ ოჯახების დახმარებას, რომლებსაც ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები.

საპილოტე რაიონების სოფლების პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებმა, ექიმებმა და ექთნებმა, გაიარეს დამატებით გადამზადება ბავშვთა განვითარების საკითხებზე. ამ ეტაპზე სულ გადამზადდა 120 პროფესიონალი.

პროგრამის ამოქმედებიდან ერთი თვის მანძილზე ჯანდაცვის პროფესიონალებმა აჭარაში აღნიშნული სისტემით უკვე დაარეგისტრირეს 650 ბავშვი. ეს ნიშნავს, რომ ამ ბავშვების შესახებ სისტემაში შევიდა მონაცემები და მიმდინარეობს მათი განვითარების მონიტორინგი.  

ბავშვის სრულყოფილი განვითარებასათვის კრიტიკული  მნიშვნელობა ენიჭება მის სწორ მოვლასა და მზრუნველობას ადრეულ ასაკში.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე

კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი

იუნისეფი საქართველო

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

აღმოაჩინე მეტი