აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებენ ახალ პარტნიორულ ინიციატივას საქართველოში კოვიდ-19-ის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიზნით

12 ნოემბერი 2021
UNICEF and USAID Project
UNICEF/GEO-2021/Jibuti

თბილისი, საქართველო, 2021 წლის 12 ნოემბერი. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი ანახლებენ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. ახალი ერთწლიანი პროგრამა არის ამ ორი ორგანიზაციის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელება, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს საქართველოში 1.9 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან საკუთარი თავი და თავიანთი ოჯახები კოვიდ-19-ისგან და როგორ შეამცირონ პანდემიით გამოწვეული ზიანი.

ახალი პროექტი მთავრობას დაეხმარება კოვიდ-19 გავრცელების პრევენციაში და პანდემიის რისკების შემცირებაში ისეთი აქტივობებით, როგორიცაა: რისკების კომუნიკაცია; ინფიცირების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებებისა და წყალმომარაგების, სანიტარიისა და ჰიგიენის სერვისების გაუმჯობესება; ასევე კრიტიკული აღჭურვილობისა და მარაგების უზრუნველყოფა კოვიდ-19-ის პრევენციისა და მართვისთვის საჭირო ჯანდაცვის სერვისების გაძლიერების მიზნით.

 

"ერთად ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, მიიღოს უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინები იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება." - პიტერ ვიბლერი

 

"აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2020 წლიდან, პანდემიის დასაწყისიდან ეხმარება საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში. ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკელი ხალხის მიერ გაწეულმა სწრაფმა დახმარებამ მნიშვნელოვნად შეამცირა პანდემიის გავლენა ჯანდაცვასა და ეკონომიკაზე და საფუძველი ჩაუყარა აღდგენით პროცესს." - საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი, პიტერ ვიბლერი. - "ახლა, ამ დახმარების საშუალებით ჩვენს სანდო საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად,  ახალ თანამშრომლობას ვიწყებთ. ერთად ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, მიიღოს უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინები იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება."

 

"მადლობას ვუხდით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იმისთვის, რომ უწყვეტ მხარდაჭერას უწევს ბავშვებს, ოჯახებსა და თემებს, რომლებიც ჩვენი განახლებული პარტნიორობით კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ." - ღასან ხალილი

 

 

 “აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი პარტნიორული ინიციატივის დაწყება ადასტურებს ჩვენი ორგანიზაციების ერთობლივ სწრაფვას საქართველოში ქალებისა და ბავშვების ცხოვრების გაუმჯობესებისკენ,“ აღნიშნა საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა. „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის პანდემიის პეროდში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, პრევენციის მნიშვნელოვანი მექანიზმებისა და ინფორმაციის უზრუნველსაყოფად. მადლობას ვუხდით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იმისთვის, რომ უწყვეტ მხარდაჭერას უწევს ბავშვებს, ოჯახებსა და თემებს, რომლებიც ჩვენი განახლებული პარტნიორობით კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ“, დაამატა ხალილმა.

 

USAID and UNICEF Project

 

პროგრამა მხარს დაუჭერს საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით ჯანდაცვის უწყებებს კოვიდ-19-ის რისკების კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის სტრატეგიის განხორციელებაში, რაც მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ სკეპტიციზმთან ბრძოლა და ვაქცინაციის მოთხოვნის გაზრდა. ამ ძალისხმევის ფარგლებში მოხდება გავლენიან ჯგუფებთან დაკავშირება, როგორებიცაა მასწავლებლები და სკოლების/ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალი, ჯანდაცვის მუშაკები, რელიგიური და თემის ლიდერები საქართველოს ყველა რეგიონში. აღნიშნულ ჯგუფებს მიეწოდებათ ვაქცინაციის მხარდამჭერი  გზავნილები როგორც თემის ადგილზე ინფორმირების, ისე მედიისა და ციფრული პლატფორმების მეშვეობით. ამასთან, კოვიდ-19-ის რისკებისა და პრევენციის მექანიზმების შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და სწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდი ითანამშროლებს ახალგაზრდებთან, რათა აამაღლოს მათი ციფრული წიგნიერების დონე და ცრუ ინფორმაციის გამოვლენის უნარები.

გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს რეალურ რეჟიმში ინფორმაციის მოპოვებას, რათა მოახდინოს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე პანდემიის ზეგავლენის მონიტორინგი. საქართველოს სკოლამდელი აღზრდის დასეწებულებები, სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები უზრუნველყოფილი იქნება ჰიგიენისა და ინფიცირების პრევენციის სხვა მასალებით და მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ახალგაზრდებს შორის მოხდება კოვიდ-19-ისგან დამცავი ჰიგიენური პრაქტიკის პოპულარიზება.

 

UNICEF and USAID Project

 

არსებული ელექტრონული ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაძლიერება მეტ საშუალებას მისცემს სოფლად პირველადი ჯანდაცვის მუშაკებს ეფექტიანად მართონ კოვიდ-19-ის შემთხვევები. გაეროს ბავშვთა ფონდი ხელს შეუწყობს მთავრობას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე კოვიდ-19-ის ვაქცინის ცივი ჯაჭვის ქსელის გაძლიერებას, რომლის ფარგლებშიც აქცენტი გაკეთდება ვაქცინების დეცენტრალიზებულ შენახვა/დასაწყობებაზე.

კოვიდ-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პირველი პარტნიორობის პროექტი 2020-2021 წლებში განხორციელდა. მან ხელი შეუწყო კოვიდ-19-ის გავრცელების შეჩერებას და ყველაზე მოწყვლად ბავშვებსა და ოჯახებზე პანდემიის ზეგავლენის შემცირებას.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.