7 გზა, რომლითაც დამსაქმებლებს შეუძლიათ, ხელი შეუწყონ მომუშავე მშობლებს COVID-19 პანდემიის პერიოდში

მთელს მსოფლიოში ბავშვებს ახლა მშობლების მხარდაჭერა, ხოლო მშობლებს - დამსაქმებლებისგან დახმარების მიღება სჭირდებათ

გაეროს ბავშვთა ფონდი
boy
UNICEF/UNI313417/McIlwaine

30 მარტი 2020

< უკან COVID-19-ის გვერდზე

 

კორონავირუსული დაავადების (COVID-19-ის) პანდემიის შედეგები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იგრძნობა. ბევრი ბავშვისთვის ეს განათლების შეფერხებასთან, ოჯახის წევრთა ავადმყოფობასთან და ოჯახის შემოსავლების დაკარგვასთან გამკლავებას ნიშნავს. ამასთანავე, ყოველივე ეს არაპროპორციულად ძლიერ ზემოქმედებას ახდენს უღარიბესი ოჯახების გოგონებსა და ბიჭებზე.

ბავშვებზე უარყოფითი ზემოქმედება შემცირდება, თუ მომუშავე მშობლები მათზე ზრუნვისთვის საჭირო დროსა და ხელშეწყობას მიიღებენ. ეს შეიძლება გაკეთდეს  ოჯახის კეთილდღეობაზე ორიენტირებული შრომის შინაგანაწესის პოლიტიკის განხორციელების გზით, როგორიცაა მაგალითად, მშობელთა ანაზღაურებადი შვებულება, ანაზღაურებადი შვებულება ავადმყოფობის დროს, მოქნილი სამუშაო გრაფიკი და  ბავშვებზე ზრუნვის ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობა.

ქვემოთ აღწერილია შვიდი გზა, რომლითაც დამქირავებლებს შეუძლიათ დაეხმარონ COVID-19-ის პანდემიის დროს მომუშავე მშობლებს, რომ მათ საკუთარ თავზე, შვილებსა და ოჯახებზე ზრუნვის შესაძლებლობა მიეცეთ.


1.    შეაფასეთ, რამდენად ეფექტიანად უწყობს ხელს თქვენს დაწესებულებაში მოქმედი შრომის შინაგანაწესი ოჯახურ ცხოვრებას. 

უზრუნველყოფს თუ არა შრომის არსებული შინაგანაწესი ოჯახების საკმარის მხარდაჭერას? უპირველეს ყოვლისა დაადგინეთ მომუშავე მშობლების ყველაზე კრიტიკული საჭიროებები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებზე, მაგალითად, დროებით და კონტრაქტის გარეშე მომუშავე თანამშრომლებზე, ემიგრანტებზე, ორსულ ან მეძუძურ ქალებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და მათზე, ვინც ვერ სარგებლობს სხვადასხვა შეღავათებით (მაგალითად, ანაზღაურებადი შვებულებით ავადმყოფობის დროს). 


2.    მოქნილი სამუშაო პირობების შექმნა.

მოქნილი სამუშაო პირობები თანამშრომლებს მათი ოფიციალური მოვალეობების შესრულების დროისა და ადგილის  შერჩევის თავისუფლებას აძლევს. იმის გამო, რომ მომუშავე მშობლებს შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავებული საჭიროებები ჰქონდეთ, სხვადასხვა ტიპის მოქნილი სამუშაო გრაფიკი მათ შვილებზე და ოჯახებზე ზრუნვის საშუალებას მისცემს. მოქნილი სამუშაო პირობები შეიძლება ითვალისწინებდეს  დისტანციურ მუშაობას, მოკლე სამუშაო კვირას ან გრძელვადიან შვებულებას, რომლის დროსაც თანამშრომლებს ავადმყოფ, ხანდაზმულ ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახლობლებზე ზრუნვის შესაძლებლობა ექნებათ.


3.    მშობლებისთვის დახმარების გაწევა ბავშვებზე ზრუნვის უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და ხარისხიან სერვისზე. 

სკოლებისა და საბავშვო ბაღების დახურვის პირობებში, ბევრი მომუშავე მშობლისთვის ბავშვზე ზრუნვის სერვისის ხელმისაწვდომობა შეიზღუდა ან საერთოდ აღარ არსებობს. ზოგი მშობელი შეიძლება იძულებული იყოს მცირეწლოვანი ბავშვი ნაკლები ზედამხედველობის ქვეშ დატოვოს, რაც ბავშვის უსაფრთხოებას რისკს უქმნის. დამსაქმებლებს შეუძლიათ ბევრი სხვადასხვა საშუალებით დაეხმარონ ამ მშობლებს. მათ შორისაა რეფერირება ბავშვზე ზრუნვის სისტემებში  (იქ, სადაც ბავშვებზე ზრუნვის სერვისი ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა), სუბსიდიების დანერგვა და შრომის მოქნილი შინაგანაწესის შემოღება.


4.    ჰიგიენის დაცვის ხელშეწყობა სამსახურში და მის გარეთ. 

სამსახურში სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვის გზითა და სველ წერტილებში წყლისა და საპნის ან სპირტის შემცველი ხელსახოცების (თუ ხელის დაბანის შესაძლებლობა არ არის) უზრუნველყოფით, დამსაქმებლებს შეუძლიათ დაიცვან ის მშობლები, რომლებიც სამუშაო ადგილებზე არსებით მოვალეობებს ასრულებენ. დამსაქმებლებმა ხელი უნდა შეუწყონ მომუშავე დედებს, რომ მათ ბავშვის ძუძუთი კვება  სუფთა და კომფორტულ პირობებში განაგრძონ. პრევენციის ზომების შესახებ ძირითადი ინფორმაციის,  მოგზაურობის წესების და შვილების ინფორმირების გზების გაზიარებით მათ აგრეთვე შეუძლიათ ხელი შეუწყონ ყველა თანამშრომლის დაცვას - მათ შორის იმათიც, ვინც დისტანციურად მუშაობს. 

>> წაიკითხეთ მეტი ხელების დაბანაზე


5.    თანამშრომლების ინფორმირება სამედიცინო დახმარების მიღების გზების შესახებ

დამსაქმებლებს შეუძლიათ სამედიცინო მომსახურების პროვაიდერებთან დააკავშირონ ის თანამშრომლები, რომლებსაც  COVID-19-ის სიმპტომები აქვთ. მაგალითად, დამსაქმებლებს შეუძლიათ მიაწოდონ თავის თანამშრომლებს ადგილობრივი საავადმყოფოების და ჯანდაცვის ორგანოების მისამართები და ტელეფონის  ნომრები, აგრეთვე სასწრაფო  დახმარების ცხელი ხაზის ნომერი. მათ შეუძლიათ მისცენ თანამშრომლებს რჩევები სამედიცინო მომსახურების პროვაიდერებთან მისასვლელად საჭირო უსაფრთხო ტრანსპორტის შესახებ.


6.    თანამშრომლებისა და მათი ოჯახების დახმარება სტრესის დაძლევაში.

სამუშაო ადგილები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ დაეხმარონ COVID-19-ის გამო განერვიულებულ, დაბნეულ და შეშინებულ თანამშრომლებს. დამსაქმებლებს ასევე შეუძლიათ მომუშავე მშობლებს შვილების შფოთვასა და შიშთან გამკლავებაში დაეხმარონ. დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ მხოლოდ სანდო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის გაზიარება და ყველა თანამშრომლისთვის ფსიქო-სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობა. მათ ასევე უნდა მისცენ მომუშავე მშობლებს შვილებზე ზრუნვისა და ბავშვისთვის კომფორტის შესაქმნელად საჭირო დრო და რესურსი. ეს გულისხმობს ისეთი სასარგებლო საშუალებების შექმნას, რომლებიც აღმზრდელებს ბავშვებთან საუბრის, თამაშის და სხვადასხვა მასტიმულირებელი ღონისძიებებისთვის სჭირდებათ.

>> როგორ ვესაუბროთ ბავშვებს COVID-19-ის შესახებ 

>> როგორ შეუძლიათ მოზარდებს დაიცვან საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობა COVID-19-ის დროს


7.    თანამშრომლებისთვის ფინანსური წნეხის შემცირება, თუ ისინი ან მათი ოჯახის წევრები COVID-19-ით დაავადდნენ.

მომუშავე მშობლებისთვის COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული პოტენციური ფინანსური ტვირთის შემცირებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ეს დახმარება შეიძლება ითვალისწინებდეს დასაქმების დაცვას, ანაზღაურებად შვებულებას ავადმყოფობის დროს და ფულად გადარიცხვებს, როგორიცაა ბავშვებისთვის განკუთვნილი შეღავათები და სამედიცინო ხარჯების სუბსიდირება. განსაკუთრებული მხარდაჭერა უნდა მიიღონ დაუცველმა ჯგუფებმა, როგორებიცაა მაგალითად დაბალი შემოსავლის მქონე და არაოფიციალურად დასაქმებული თანამშრომლები.

ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკა ყველასათვის

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებლებმა ოჯახის კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოლიტიკა ყველა თანამშრომელზე გაავრცელონ, განურჩევლად მათი სქესის ან დასაქმების სტატუსისა (მაგალითად, მიუხედავად იმისა მუდმივ შტატშია თანამშრომელი თუ კონტრაქტით მუშაობს). უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისეთი კულტურის დამკვიდრებას, რომელშიც თანამშრომლები თავს კომფორტულად გრძნობენ და დისკრიმინაციისა ან შურისძიების არ შეეშინდებათ. განსაკუთრებით ეს ეხება ქალებს, რომლებიც ხშირად ბავშვებსა და ოჯახებზე ზრუნვის მეტ ფუნქციებს ასრულებენ, ვიდრე კაცები. აუცილებელია სათანადო ზომების მიღება, რომ მომუშავე დედები არ ისჯებოდნენ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო. ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებისა და გაფართოების გზით, დამსაქმებლები ცენტრალურ როლს  თამაშობენ მომუშავე მშობლებისა და მათი შვილების კეთილდღეობის ხელშეწყობაში.

< უკან COVID-19-ის გვერდზე

აღმოაჩინე მეტი