ცხოვრების ახალი გზა

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის

იუნისეფი საქართველოში
Diverted juvenile
UNICEF/Geo-2018/Blagonravova

23 ივლისი 2018

თბილისის ერთ-ერთ პარკში, ირაკლი* შემოდგომის ფოთლებით მოფენილ გზას მიუყვება სოციალურ მუშაკთან შესახვედრად. მას არასდროს დაავიწყდება ნოემბრის ის დღე, როცა ერთი წლის წინ, ის და მისი ბიძაშვილი ქუჩებში დასეირნობდნენ და ავტობუსის ფანჯარას ქვა ესროლეს. ავტობუსის ფანჯარა დაიმსხვრა და მასთან ერთად ირაკლის ძველი ცხოვრებაც შეიცვალა.  

იმ დროს ირაკლი 16 წლის იყო და ქუჩაში ძალიან ბევრ დროს ატარებდა. სახლში ის ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა და საკუთარი თავის კონტროლის პრობლემები ჰქონდა. მას კარგად არც ესმოდა თავისი ქმედებების არსი და ის ზიანი, რომელსაც ის სხვებსა და საკუთარ თავს აყენებდა. 

ვიდეოს თავდაპირველი ლინკი
UNICEF/Geo-2017/Bakuradze
განრიდების პროგრამის მონაწილის რეალური ისტორია

მაგრამ ნოემბრის იმ დღეს ირაკლი მიხვდა, რომ მისი ცხოვრება შეიძლება  რადიკალურად შეცვლილიყო უარესობისკენ. ირაკლის პატიმრობა ემუქრებოდა. თუმცა, ამის ნაცვლად, ირაკლი „განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში“ ჩართეს. 

 

განრიდება სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული ზომაა, რაც იმას გულისხმობს, რომ არასრულწლოვანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა წყდება მას შემდეგ, რაც ის გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. იდება განრიდების ხელშეკრულება, რომლითაც ახალგაზრდა სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამებში ერთვება. სოციალური მუშაკი ახალგაზრდის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს ადგენს და იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ აგზავნის. ცენტრში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესი - მედიაცია იწყება, რომლის დროსაც საქმეში ნეიტრალური პირი - მედიატორი ერთვება . მედიატორის მიზანია კონტაქტი დაამყაროს არასრულწლოვანსა და მსხვერპლს შორის (მათი სურვილის შემთხვევაში) და ორივე მხარეს შერიგებაში დაეხმაროს.

„მე შანსი მომეცა, რომ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა“ - ამბობს ირაკლი. მან  გამოიყენა ეს შანსი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს მხოლოდ ერთხელ ეძლევათ. 

დაიდო განრიდების ექვსთვიანი ხელშეკრულება და ირაკლი სხვადასხვა საგანმანათლებლო და სოციალურ პროგრამებში ჩაერთო. მან მუშაობა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც მოგზაურობისა და დიდი აღმოჩენების შესახებ დაწერილი წიგნების ციფრულ ფორმატში გადაყვანას უწყობდა ხელს. ირაკლი ტექსტებს კითხულობდა და ონლაინ პლატფორმებისთვის არჩევდა. შედეგად, ის ახალ წიგნებს გაეცნო და კომპიუტერული უნარებიც გაიუმჯობესა. 

Diverted juvenile speaks with a social worker
UNICEF/Geo-2018/Blagonravova
თბილისის მედიაციის სახლში ირაკლი თავის სოციალურ მუშაკს - ნათია ალიაშვილს ესაუბრება.

იყო სხვა პროგრამებიც, მაგალითად აღდგენითი მართლმსაჯულების კურსი, რომელიც ირაკლის მისი ქმედებებით სხვებისთვის მიყენებული ზიანის გაცნობიერებაში დაეხმარა. ეს მოიცავდა ფსიქოლოგიურ კონსულტაციას და ქცევის შეცვლას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დასანერგად.  ამასთან ერთად, სოციალური მუშაკები ირაკლის ოჯახთან ურთიერთობის გაუმჯობესებაშიც ეხმარებოდნენ. თუმცა ირაკლის, ყველაზე მეტად, საქველმოქმედო სასადილოში მუშაობა მოსწონდა, რომელიც სოციალურად დაუცველ  ხანდაზმულ ადამიანებს უწევდა დახმარებას. ირაკლი საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომლებს მაგიდების მომსახურებაში ეხმარებოდა. 

„მათგან უდიდეს სითბოს ვგრძნობდი“ - იხსენებს ირაკლი. ის წყნარი და თავმდაბალია და შექებას ღიმილით პასუხობს.  „გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება სხვა მიმართულებით უნდა წარმართულიყო. შემეძლო უკეთესი გავმხდარიყავი” - დასძინა მან.

2010 წლიდან „განრიდებისა და მედიაციის პროგრამა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით, იუნისეფისა და ევროკავშირის დახმარებით  ხორციელდება. ამ დრომდე აღნიშნულ პროგრამაში ირაკლის მსგავსად 2,700 ახალგაზრდა მონაწილეობდა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში პროგრამის წარმატების უზრუნველსაყოფად მუშაობის გაგრძელებაა საჭირო, მასში ჩართული პროფესიონალების უნარების შემდგომი გაძლიერების მიზნით.  

„განრიდების პროგრამა ჩემთვის ყველაფერი იყო. მან ჩემი ცხოვრება შეცვალა” - ამბობს ირაკლი. „ახლა ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგი ადამიანი გავხდე“.

Diverted juvenile
UNICEF/Geo-2018/Blagonravova
ირაკლი თბილისის ერთ-ერთ პარკში სეირნობის დროს

„განრიდებისა და მედიაციის პროგრამა“ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ის ბავშვის სტიგმატიზაციის პრევენციას ახდენს და საზოგადოების უსაფრთხოებასაც უწყობს ხელს, რადგანაც დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის ალბათობა მცირდება” - ამბობს თეონა კუჭავა, იუნისეფის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი, „ხარისხის მონიტორინგის მექანიზმი შემდგომ დახვეწას საჭიროებს, ისევე, როგორც სხვადასხვა უწყებებს შორის თანამშრომლობა და კოორდინაცია, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე. უნდა გაიზარდოს სოციალურ მუშაკთა რაოდენობა, ისევე, როგორც ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების რაოდენობა.” 

ირაკლი ამჟამად მე-12 კლასშია და კულინარიის კურსებზე უნდა შესვლა. იმის მიუხედავად, რომ განრიდების პროგრამა დამთავრდა, ის მაინც ინარჩუნებს კონტაქტს თავის სოციალურ მუშაკთან.  

More to explore