სწავლა სახლში კორონავირუსის გამო. როგორ უმკლავდებიან საქართველოში ბავშვები ამ გამოწვევას

სკოლების დახურვის შემდეგ მოსწავლეები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ

UNICEF
q
UNICEF
24 მარტი 2020

ანასტასია კურდღელია, 13 წლის

მაშინ, როცა მსოფლიო ასეთ განსაცდელშია, პანიკის და ნერვიულობის განცდა ნორმალურია. განსაკუთრებით კარანტინის დროს გრძნობ თავს იზოლირებულად და ძალიან მარტო. ასეთ დროს შეიძლება გეგონოს, რომ რა ცხოვრებაც აქამდე გქონდა, ვერასოდეს დაიბრუნებ. ეს ფიქრები და გრძნობები ჩვენზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, თქვენი არ ვიცი და ჩემზე - ნამდვილად.

ცოტათი მაშფოთებს სწავლების ახალი მეთოდები, რომელიც მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა სოციალური დისტანცირებისთვის. ახალ რუტინაზე გადასვლა საკმაოდ რთულია. იმისთვის, რომ პროდუქტიულობა შევინარჩუნო, ვცდილობ საკუთარი თავისთვის თავად შევქმნა დღის განრიგი.

ამ სიტუაციაში ჩემთვის ყველაზე რთული მეგობრების მონატრებაა, რადგან ისინი ძალიან დიდი ხანია აღარ მინახავს. ამას ალბათ ბევრი ბავშვი განიცდის. მე მეხმარება მათთან დაკავშირება ინტერნეტის მეშვეობით.

ჩემი რჩევა თანატოლებისთვის იქნებოდა - სულ გახსოვდეთ, რომ ეს სიტუაცია დროებითია. ესაუბრეთ მეგობრებს ონლაინ, იმისთვის რომ გახალისდეთ და ურთიერთობებიც შეინარჩუნოთ. და რაც მთავარია, ვცადოთ, რომ ზედმეტ ინფორმაციას მოვერიდოთ, რადგან ეგ მხოლოდ კიდევ უფრო აგვანერვიულებს.

 

 

b
UNICEF
Giorgi Shengelia, 13

გიორგი შენგელია, 13 წლის

კორონა არდადეგები

 

როცა კორონა გავრცელდა დიდად არ ავღელვებულვარ. პირიქით მინდოდა რომ კორონა არ დასრულებულიყო, რადგან სკოლისგან დავისვენებდი. მაშინ ვერ მივხვდი, რომ სკოლის დახურვასთან დანარჩენი ყველაფერიც დაიხურებოდა და არდადეგები იმდენად სახალისო არ იქნებოდა როგორიც მეგონა.

პირველი კვირა სახალისო იყო ბევრი გასართობი ადგილი არ იყო დაკეტილი და თბილისი ცარიელი და სევდიანი არ იყო. მაგრამ რამდენიმე დღეში კორონა კიდევ რამდენიმე ადამიანს გადაედო და თბილისში ყველაფერმა დახურვა დაიწყო, ამიტომ უბრალოდ სახლში ჯდომა მოსაწყენი ხდებოდა. ხშირად ჩემი გართობა ძალიან ადვილია, მომეცი ტელეფონი ან ლეპტოპი და ეგ არის, ვიქნები ჩემთვის და ვითამაშებ. მაგრამ დედაჩემს და ბებიაჩემს ჩემი გასართობი დიდად არ მოსწონთ, ამიტომ მთელი დღე თამაშიც არ არის ვარიანტი.

ამიტომ მე სხვადასხვა გზა ვიპოვე რომლითაც თავს ვირთობ ხოლმე: პირველი გზა კითხვაა. მე კითხვა ყოველთვის მიყვარდა და ეხლაც მიყვარს, მაგრამ წიგნების მარაგი ნელ-ნელა მეწურება და წიგნის მაღაზიებიც დაკეტილია. მეორე - მე მართლა მომწონს სხვადასხვა საჭმლის გაკეთება, ძალიან სასიამოვნოა, როცა ყველაფერი ორგანიზებულიდა მოწესრიგებულია და რეცეპტის მიხედვით იდეალურ კერძს ამზადებ, მაგრამ როცა საჭმელს მე ვაკეთებ, ყველაფერი პირიქით ხდება და სამზარეულოში სრული ქაოსია. მესამე, რაც მეხმარება, ახალი რაღაცეების სწავლაა. დღეს მაგალითად ბებიაჩემისთვის ფეისბუქის პროფესიონალური გვერდი და Wix-ის საიტი გავაკეთე, რომ თავისი ნახატები დაედო. კიდევ ხანდახან ეზოშიც ჩავდივარ ხოლმე, ხშირად ბებია მაძალებს, მაგრამ ცოტათი მაინც მსიამოვნებს გარეთ გასვლა. ეს იყო იმ რაღაცეების სია რასაც კორონას არდადეგებზე ვაკეთებ, იმედია მოგეწონათ!

 

m
UNICEF

მარიამ მარქარიანი, 6 წლის

ონლაინ გაკვეთილები მომწონს, რადგან სულ სახლში ვარ და არ მიწევს მშობლის დალოდება გაკვეთილების ბოლოს.

შესვენებების დროს სახლში ვარ და რასაც მინდა იმას ვაკეთებ, რომ გავერთო.

 

 

Boy studying
UNICEF

ანდრია სამადაშვილი, 10 წლის

რაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ არ შეწყდა სწავლა და მერე ერთიანად ბევრ გაკვეთილს არ მოგვაყრიან.

გაკვეთილები ჯერ- ჯერობით არ მიდის ისე, როგორც კლასში როცა ვისხედით. ხშირად ერთმანეთის ხმა არ გვესმის და როცა რამეს ვეკითხები მასწავლებელს, ის სხვას ლაპარაკობს და მე ვნერვიულობ.

ყველაზე ცუდი მაინც მიყოლებით ოთხი საათი მეცადინეობაა, მერე თავი მტკივდება, მაგრამ დამრიგებელი დაგვპირდა ამას გამოასწორებენ. დავალებების მომზადების მხრივ არაფერი შეცვლილა.

 

 

1
UNICEF

ელენე მელიქაძე, 11 წლის

ონლაინ სწავლება უფრო ეგზოტიკურია, ვიდრე სკოლაში სიარული. მე ეს მომწონს, მაგრამ ამას რამდენიმე ნაკლიც აქვს. ზოგი სერიოზულია, ზოგი არა.

სახლში ჯდომა მართალია სახალისოა, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო დამღლელია კომპიუტერში მთელი დღე ჯდომა და მეცადინეობა. ბევრ ბავშვს თვალები სტკივდება, ამის გამო ორი გაკვეთილის მერე უფრო დიდი დასვენება უნდა იყოს. ხშირად მასწავლებლისაც არ გვესმის, იმის გამო, რომ ინტერნეტი იჭედება. ხანდახან ხმაც ითიშება.

სახლში რომ ხარ, სახალისოა, შეგიძლია დასვენებებზე ისეთი რაღაცეები აკეთო, რასაც სკოლაში ვერ ახერხებ. თუ ბავშვი მოუსვენარია, შეუძლია სწავლის ნაცვლად ითამაშოს, მასწავლებელი კი ამას ვერც მიხვდება; ის ხომ ბავშვის მხოლოდ სახეს ხედავს.

მე მგონია, მაინც ჯობია სკოლაში იარო.

 

 

n
UNICEF

ნიკოლოზ ბერიძე, 13 წლის

როცა კორონავირუსზე პირველად შევიტყვე,  არ მეგონა რომ პრობლემა იქნებოდა და ვიფიქრე, ორ კვირაში ისე გაქრებოდა რომ არავის აღარ ემახსოვრებოდა. მაგ დროს მარტო 20,000 შემთხვევა იყო დაფიქსირებული მსოფლიოში და უმეტესობა მედია დიდად სერიოზულად არ აღიქვამდა, ისევე როგორც მე. ერთ დღეს ჩემმა ბიოლოგიის მასწავლებელმა მითხრა, რომ ეს ვირუსი ერთი ადამიანიდან ოთხზე გადადის და ამ დროს მივხვდი, რომ არასწორი ვიყავი. ერთი თვე გავიდა და საქართველოშიც დაფიქსირდა ვირუსის შემთხვევა. მივხვდი, რომ ეს მართლა საშიში იყო და უნდა მიგვეღო სპეციალური ზომები. შემდეგ დღეს სკოლები დაიხურა. ს შემდეგ, ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ესეთია გავიღვიძებ, შევჭამ, გავასეირნებ ძაღლებს, ვიმეცადინებ, ვითამაშებ ვიდეო თამაშებს, ისევ შევჭამ, დრამზე დავუკრავ, ვუყურებ სერიალს, კიდევ ერთ დავალებას გავაკეთებ, შევჭამ, ვითამაშებ სამაგიდო თამაშებს და დავიძინებ.

ზოგჯერ მწყინდება, თან ჩემი მამიდაშვილებიც ვერ მოდიან კარანტინის გამო. იმედია ამ ვირუსისთვის მალე იპოვიან წამალს და ყველა დაუბრუნდება თავის ჩვეულებრივ ცხოვრებას. კიდევ იმედია, რომ ონლაინ სწავლას ჩათვლიან მეშვიდე კლასად  და არ გაგვამეორებინებენ, რადგან 12 წელი ისედაც ბევრია და 13 წელი კიდე უარესია. მაგრამ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ეს დროებითია და არ უნდა ვიპანიკოთ. ისე უნდა მოვიქცეთ, თითქოს ჩვენც გვაქვს ეს ვირუსი - არ უნდა წავიდეთ ხალხმრავალ ადგილებში, მაგალითად სამსახურში (უნდა ვიმუშაოთ სახლიდან თუ შეგვიძლია), მეტროში და მოლებში.

 

 

1
UNICEF

ნიკო გრიგოლია, 10 წლის

სახლში მეცადინეობის იდეა კარგია, რადგან სწავლა გვჭირდება, მაგრამ მე ეგრე ძალიან არ მომწონს. თან რთული ის არის, რომ ვერ ვიგებ, სად შევიდე, რას მწერენ, რა გავაკეთო. ძნელია, რადგან ასეთ გარემოში მუშაობას ყველა ახლა ვსწავლობთ, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. სირთულე იმაშიც არის, რომ გვჭირდება კომპიუტერი, ყურსასმენები, მიკროფონები.

 

 

1
UNICEF

ლალუკა გიგილაშვილი, 16 წლის

გაკვეთილი ყველაზე ადრე 11 საათზე მეწყება, დრო ძალიან მოსახერხებელია, რადგან დილას გამოძინებას და ნორმალურად მომზადებას ვასწრებ. ძალიან ჩვეულებრივი გაკვეთილები ტარდება, მოსახერხებელია ყველანაირად. სახლში ვარ და ყველაფერი თან მაქვს, ჩემს ოთახში გაკვეთილებს მთელი დღე შემიძლია ვუსმინო. უბრალოდ, სკოლა მეგობრების გამო მენატრება. ხანდახან მოსაწყენია სახლში ჯდომა, მაგრამ უსაფრთხოების გამო საჭიროა და ვეგუები.

 

 

a
UNICEF

სოფო დარსაველიძე, 12 წლის

უკვე სამი კვირაა მე და ჩემი ოჯახი სახლში ვართ. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და გარეთ ვერ გავდივართ. ყველა ნერვიულობს. მეც ძალიან მეშინია, რადგან არ ვიცით ეს ყველაფერი როდის მორჩება და წამალიც არ უპოვნიათ ჯერ.

ამდენი ხნით სახლში ყოფნა ძალიან მოსაბეზრებელია მაგრამ მე ჩემს მეგობრებს ონლაინ ველაპარაკები და ერთად ფილმებს ვუყურებთ, ამითი ვერთობი.

ერთი კვირაა უკვე, რაც დავიწყეთ ონლაინ სწავლა და სიმართლე გითხრათ, ბევრად უფრო ადვილი და სახალისოა, ვიდრე ნამდვილი სკოლა. რამდენი ხანიც გინდა, იმდენი შეგიძლია გამოიყენო დავალების

გასაკეთებლად და ჩემი აზრით ვიდეოებიდან სწავლით უფრო მეტი გავიგე. ასე სწავლა ბევრად ნაკლები სტრესია, ცუდი მხოლოდ ისაა, რომ შენს მეგობრებს რეალურად ვერ ნახულობ.

კორონავირუსზე ბევრი თეორიაა - იმაზე, თუ როგორ შეიქმნა ის. ამბობენ, შეიძლება ლაბორატორიაში შექმნეს, რომ მოსახლეობის რაოდენობა შემცირდეს, ზოგი ამბობს, რომ ჩინეთში ღამურას გამო გაჩნდა და ზოგი კი ფიქრობს, რომ დედამიწამ თავდაცვის მიზნით გამოიწვია ეს ვირუსი.

მე ყველაზე მეტად დედამიწის თეორიას ვეთანხმები, რადგან როგორც იცით, იტალიაში, ვენეციაში დიდი ხნის შემდეგ პირველად არის წყალი გამჭვირვალე.

ჩინეთში კი დიდი ხნის შემდეგ პირველად არის ცა მოლურჯო ფერის.  

თუმცა, მსოფლიოში კორონავირუსს უკვე ბევრი ადამიანი ემსხვერპლა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ წამალს მალე გამოიგონებენ.

სანამ თქვენ იზოლაციაში ხართ შეგიძლიათ ონლაინ ემესიჯოთ თქვენს მეგობრებს, უყუროთ ფილმს, მუსიკას მოუსმინოთ, რამე დახატოთ, რამე დაწეროთ. შეგიძლიათ  რამე ახალი ისწავლოთ, რაც ყოველთვის გინდოდათ, რომ გესწავლათ, მაგალითად - ახალი ენა.

 

T
UNICEF

თათა ალფაიძე, 17 წლის, თბილისი

კორონა ვირუსის შედეგად, ყველა გაკვეთილზე დასწრება ონლაინ რეჟიმში მიწევს. ამას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

აღსანიშნავია, რომ პირდაპირი კონტაქტი მასწავლებლებთან ფუფუნებაა, რომელიც ძნელად თუ ჩანაცვლდება ონლაინ სწავლებით. თუმცა, მეორე მხრივ, ონლაინ რეჟიმი მაძლევს საშუალებას დავგეგმო და ჩემი შესაძლებლობების შესაბამისად გავიარო სასწავლო პროგრამა. ასევე, ონლაინ სწავლება მოითხოვს უფრო მეტ შრომას ჩემგან, როგორც მოსწავლისაგან და მაჩვევს სწავლასა და კონცენტრირებას საკლასო ოთახის გარეთ. ეს ყველაფერი მეხმარება აღმოვაჩინო ჩემი სუსტი მხარეები და უფრო პროდუქტიულად ვიმუშავო ჩემს თავზე. შედეგად, ინდივიდუალურად სწავლის უნარების განვითარებასთან ერთად, კარგად ვერკვევი ჩემს თავში და ნელ-ნელა ვირჩევ კარიერულ მიმართულებას. დღევანდელმა გლობალურმა გამოწვევამ არ შემიშალა ხელი გამეგრძელებინა განათლების მიღება. ისეთი ონლიან პლატფორმები, როგორებიცაა Google Classroom და ხანის აკადემია, მეხმარებიან შეუფერხებლად განვაგრძო სასწავლო პროცესი.

ვფიქრობ, რომ ონლაინ სწავლება ეფექტური გამოსავალია პანდემიის დროს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა საგანმანათლებლო პროცესის შეჩერების გარეშე. თუმცა, მე მაინც მირჩევნია სწავლების ტრადიციული მეთოდი, პირდაპირი კომუნიკაციითა და საკლასო დისკუსიებით.