საქართველოში ინოვაციური სწავლება ბავშვებს მათ მომავალთან აკავშირებს

მიღწეული შედეგები საქართველოსა და ესტონეთის მთავრობებისა და გაეროს ბავშვთა ფონდის სამწლიანი თანამშრომლობის შედეგია, რომლის მიზანი საქართველოში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და განათლების ხარისხის გაუმჯობესება იყო.

ინგე სნიფი იუნისეფ საქართველოსთვის
RD in school
UNICEF/Geo-2019/Jibuti

25 აპრილი 2019

საკლასო ოთახში მყოფი უკლებლივ ყველა ბავშვი ხელს მაღლა იწევს. მოსწავლეებს უნდათ, რომ მასწავლებელმა აზრის გამოთქმის საშუალება მისცეთ. მას შემდეგ, რაც მასწავლებელი თითოეულ ბავშვს გულისყურით მოუსმენს, ის უჯრიდან სამ მწვანე კონვერტს იღებს, რომელშიც დღევანდელი დავალებები დევს.   

მეოთხე კლასის მოსწავლეები თეთრ მაგიდებთან სხედან და წინ კომპიუტერის დიდი ეკრანები უდგათ. მასწავლებელი ბავშვებს სთხოვს პატარ-პატარა ჯგუფებად დაიყონ. გაკვეთილის დასაწყისში განხილული ისტორიის საფუძველზე თითოეულმა ჯგუფმა საკუთარი მოთხრობა უნდა შეადგინოს კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, რომელიც სპეციალურად საგანმანათლებლო მიზნებისთვის არის შექმნილი.

ასეთია გაკვეთილი 150-ე სკოლაში, საქართველოს 15 სკოლიდან ერთ-ერთში, სადაც საქართველოსა და ესტონეთის მთავრობებისა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობის შედეგად სწავლების ინოვაციური მეთოდები დაინერგა.

RD in school
UNICEF/Geo-2019/Jibuti

გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურმა დირექტორმა აფშან ხანმა თვის დასაწყისში სკოლაში სტუმრობისას სწავლების ამ მეთოდოლოგიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ინტერაქტიული სწავლის მეშვეობით ბავშვები 21-ე საუკუნეში პრობლემების გადაწყვეტის უნარებს იძენენ” - აღნიშნა მან.

„ასეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებშიც ტექნოლოგიების შესაძლებლობები მაქსიმალურად არის გამოყენებული, მოსწავლეებს მომავლისთვის - ციფრული მომავლისთვის ამზადებს”

აფშან ხანი, გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი

როგორც ჩანს, 150-ე სკოლის ბავშვებს ასეთ გარემოში ყოფნა ძალიან უხარიათ.

„ვფიქრობ გაკვეთილები უფრო სახალისო გახდა, ხოლო როდესაც გაკვეთილი მოგწონს, ის უფრო პროდუქტიულია“ - ამბობს ნიკა. მეხუთე კლასის მოსწავლეს გაკვეთილზე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა უყვარს. იმის მიუხედავად, რომ უფრო მაღალი კლასების მოსწავლეებს მათთვის სპეციალურად შემუშავებული კომპიუტერული პროგრამები არ აქვთ, მათ ციფრული რესურსების გამოყენება რამდენიმე სხვადასხვა გაკვეთილზე შეუძლიათ.

ამ 15 საპილოტო სკოლის გარდა, ახალი მეთოდოლოგიების დანერგვა სხვა სკოლებშიც იგეგმება. მიღწეული შედეგები  საქართველოსა და ესტონეთის მთავრობებისა და გაეროს ბავშვთა ფონდის სამწლიანი თანამშრომლობის შედეგია, რომლის მიზანი საქართველოში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და განათლების ხარისხის გაუმჯობესება იყო. აღნიშნული ძალისხმევა სწავლების ისეთ მეთოდებზე იყო ფოკუსირებული, რომლებიც ბავშვებს 21-ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენის საშუალებას მისცემენ.

„განათლება ეკონომიკური განვითარების არსებითი კომპონენტია - ჩვენ ეს ესტონეთის გამოცდილებიდან ვიცით“. 

კაი კაარელსონი, ესტონეთის ელჩი საქართველოში

„განათლება ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს“ - ამბობს კაი კაარელსონი, ესტონეთის ელჩი საქართველოში.  „განათლება ეკონომიკური განვითარების არსებითი კომპონენტია - ჩვენ ეს ესტონეთის გამოცდილებიდან ვიცით“. 

Pupils in school #150
UNICEF/Geo-2019/Jibuti

ახალი ინოვაციური მეთოდოლოგიის დანერგვის გარდა, საქართველოში განხორციელებული ინიციატივა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ახალი შესაძლებლობების შექმნა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისა და განვითარების ხელშემწყობი ორგანიზაციების თანამშრომლობის გზით, ფინანსური, ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების გამოყენებით.

სკოლაში ვიზიტის დროს მიღებული შთაბეჭდილებების შეჯამებისას ქ-ნ ხანმა აღნიშნა, რომ სწავლის ასეთმა მეთოდმა სტიმული მისცა მოსწავლეების შემოქმედებით აზროვნებას და მათი შთაგონებისა და ჩართულობის დონე აამაღლა. „ციფრული ტექნოლოგიების ათვისებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია პრობლემების გადაწყვეტის, ოცნების და სწავლისგან სიამოვნების მიღების უნარი და იმის გაცნობიერება, რომ სწავლა შენს წინაშე ახალ შესაძლებლობებს ხსნის.“ - დაამატა მან.  „იმედი მაქვს, რომ ეს პროგრამა საქართველოს სხვა სკოლებშიც დაინერგება”.

აღმოაჩინე მეტი