როცა შეზღუდული შესაძლებლობა არ განსაზღვრავს შენს იდენტობას

ნინო ერთ-ერთია იმ შვიდ ბავშვს შორის, რომლებიც ამჟამად თბილისში მდებარე მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებულ, საოჯახო ტიპის ცენტრში ცხოვრობენ.

ინგე სნეპი იუნისფ საქართველოსთვის
small group home
UNICEF/GEO-2019/Gujabidze

17 სექტემბერი 2019

4 წლის ნინო მიზანდასახულად და ენთუზიაზმით იღებს ცოცხს და ცალი ხელით იატაკს გვის, ხოლო მეორეთი თავისი ეტლის ბორბალს ატრიალებს. ეს მცირეწლოვანი ბავშვის ტიპიური ქცევაა - რატომღაც იატაკის ხვეტა ბავშვების უმეტესობის საყვარელი გასართობია. თუმცა ერთი წლის წინ ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ნინო ამას შეძლებდა. სამი წლის ასაკში ის ლეთარგიულ მდგომარეობაში ლოგინში იწვა, სახელმწიფოს ზრუნვაში დატოვებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ დიდ სახელმწიფო დაწესებულებაში. 

ნინო ერთ-ერთია იმ შვიდ ბავშვს შორის, რომლებიც ამჟამად თბილისში მდებარე მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებულ, საოჯახო ტიპის ცენტრში ცხოვრობენ. ეს მომსახურება (ისევე, როგორც ქუთაისის საოჯახო ტიპის ცენტრი) 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა. აქ ბავშვები ინდივიდუალურ მხარდაჭერასა და სამედიცინო დახმარებას ოჯახურ გარემოში იღებენ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რთული პრობლემების დასაძლევად. ახლახან მათ „მაკლეინის ბავშვთა ასოციაცია“ საქართველოსგან („MAC საქართველო“) დამხმარე ეტლები მიიღეს.

specialized family-type services
UNICEF/GEO-2019/Gujabidze

ნინო ხერხემლის თანდაყოლილი ნაპრალით დაიბადა. საშვილოსნოში ყოფნისას გოგონას ხერხემლის ტვინი სათანადოდ ვერ განვითარდა და ნაპრალი ჩამოყალიბდა. დაბადებიდან რამდენიმე დღეში მშობლებმა ბავშვი საავადმყოფოში დატოვეს. „ვფიქრობ, ისინი შიშობდნენ, რომ ბავშვის მოსავლელად საჭირო ხარჯებს ვერ გაწვდებოდნენ ან რომ საზოგადოება, შესაძლოა ბავშვს არ მიიღებდა“ - ამბობს ლელა კიკნაძე, ცენტრის მენეჯერი, არასამთავრობო ორგანიზაციიდან (Divine Child Foundation of Georgia). - „სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ტვირთად მიიჩნევს. გაგვიგია, რომ ექიმები მშობლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საავადმყოფოში დატოვებას ურჩევენ; არწმუნებენ, რომ ბავშვი დიდხანს ვერ იცოცხლებს და მთელი ცხოვრება საწოლს მიჯაჭვული იქნება“. 

ხერხემლის თანდაყოლილმა ნაპრალმა შეიძლება ფეხების სისუსტე ან სრული პარალიზება გამოიწვიოს და შესაძლოა დაბადებისას ტვინიც დააზიანოს. ჩვეულებრივ, ასეთი ბავშვები გონებრივი განვითარების შეფერხების მქონენი არ არიან, მაგრამ სწავლა უჭირთ. ნინოსა და მისი საუკეთესო მეგობრის, ნათიას შემთხვევაში ამ დიაგნოზის შედეგები უფრო მძიმე აღმოჩნდა. სამი წლის მანძილზე ნინო და ნათია საწოლში იწვნენ, დიდ დაწესებულებაში, სადაც ცხოვრების პირველი წლები 40 სხვა ბავშვთან ერთად გაატარეს. მათ ლაპარაკი, კომუნიკაცია და მოძრაობა არ შეეძლოთ.

მაგრამ 2018 წლის ოქტომბერში საქართველოში მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა პირველი სპეციალიზებული, საოჯახო ტიპის ცენტრი გაიხსნა და ნინო და ნათია იქ გადაიყვანეს.

„რაც შემდეგ მოხდა, შეიძლება ყვავილის გაშლას შევადაროთ, მათ გააცნობიერეს, რომ ეს სივრცე მათ ეკუთვნით და მათი აღმოსაჩენია“.

იხსენებს ლელა

ბავშვები ყოველ დღე პატარ-პატარა სიახლეებს პოულობდნენ და საკუთარი სხეულის მოძრაობას სწავლობდნენ. ვინაიდან აქამდე მოძრაობა არასდროს შეეძლოთ და ნაწილობრივ პარალიზებულნი იყვნენ, მოძრაობა - ამ ოჯახური ტიპის მომსახურებაში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის - ცოცვას ნიშნავდა. 

ნინო სულ უფრო გააქტიურდა, სახლში უფრო სწრაფად და მოხერხებულად ცოცვა დაიწყო, თუმცა ყველაზე მეტად მას აშკარად ცენტრში არსებულ ერთადერთ ეტლში ჯდომა უყვარდა. მაგრამ ეს მის საუკეთესო მეგობარს, ნათიასაც უყვარდა. გოგოებს არაერთხელ მოუვიდათ ჩხუბი ეტლის გამო.  

სწორედ ამიტომაა, რომ ბავშვები სიხარულისგან ყვიროდნენ, როდესაც ცენტრში დამატებითი ეტლები შემოიტანეს. 

რამდენიმე საათში, როგორც კი ეტლებს შესაფუთი მასალა მოაცილეს, სპეციალისტებმა, „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით, ეტლები თითოეულ ბავშვს მოარგეს და მომვლელებს მათი გამოეყენება ასწავლეს. ექსპერტები სწრაფად მიხვდნენ, რომ ნინოს სამკერდე ქამარი სჭირდებოდა. „გოგონა ისე იყო მონდომებული, რომ უფრო სწრაფი მოძრაობის იმედით მთელი ტანით წინ იხრებოდა.“ - ამბობს ცენტრის მენეჯერი ლელა კიკნაძე. 

„MAC ჯორჯიამ“ ბავშვებისთვის ხუთი ეტლი იყიდა, ხოლო მეექვსე „გაეროს ბავშვთა ფონდმა“ შეუკვეთა — ეს ელექტრონულად მართვადი ეტლია ერთ-ერთი ბიჭისთვის, რომელსაც მძიმე სპაზმები აქვს. 

ოქტომბერში, როდესაც ცენტრი გაიხსნა, ნინოს და სხვა ბავშვებს თვალით კონტაქტიც კი არ შეეძლოთ. რამდენიმე თვეში ისინი ენთუზიაზმით დახოხავდნენ და თამაშობდნენ, ამჟამად კი ნინო თავის სავარძელში ისეთივე სისწრაფით და მოხერხებულობით მოძრაობს, როგორითაც 4 წლის ბავშვები დადიან. მისი შემდეგი ამოცანა ლაპარაკია და ის უკვე სწავლობს — „კიდევ!“ ეუბნება ნინო თავის მომვლელებს რვეულში ფერადი ყვავილების ხატვისას. ერთი წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ნათია, ნინო და მათი მეგობრები ასე განვითარდებოდნენ.

„როდესაც ჩვენს ცენტრში  გადმოვიდნენ, ეს ბავშვები ძლივს მოძრაობდნენ და თვალით კონტაქტიც არ შეეძლოთ. მეგონა მათზე ზრუნვა უმეტესად ასეთ მდგომარეობაში მოგვიწევდა. ახლა კი ისინი სხვა ბავშვების მსგავსად ცხოვრობენ, უბრალოდ უფრო მეტი გამოწვევები აქვთ” - ამბობს ამ შედეგებით შთაგონებული ლელა კიკნაძე.  აშკარაა, რომ სპეციალიზებულ, საოჯახო ტიპის მომსახურებას დიდი პოტენციალი აქვს და უფრო დიდი მასშტაბით უნდა განხორციელდეს, რომ მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს უფრო პოზიტიური მომავალი ჰქონდეთ. 

small group home
UNICEF/GEO-2019/Gujabidze

მაგრამ ნინოს და ნათიას ცხოვრებას მხოლოდ საოჯახო ტიპის მომსახურება როდი აუმჯობესებს. წელს ისინი საბავშვო ბაღში წავლენ, სხვა ბავშვებთან ერთად. მეზობლად მცხოვრებ ბავშვებთან ყოველდღიური თამაშის მეშვეობით ნინო და ნათია (და ცენტრის სხვა ბავშვები) მყარ მეგობრულ ურთიერთობებს დაამყარებენ, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება  გაჰყვეთ და რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას შეცვლის. და ეს ყველაფერი არ არის.

„ნინომ ცოტ-ცოტა ლაპარაკი დაიწყო. ჯერჯერობით რამდენიმე სიტყვას ამბობს, მაგრამ ნამდვილად მეტის თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ, რომ მეტყველების უფრო განვითარებული უნარის მქონე ბავშვებთან ურთიერთობა მისთვის უაღრესად სასარგებლო იქნება ლაპარაკის სწავლის პროცესში“ - განმარტავს ლელა. და ამ ყველაფრის შედეგად ნინოს შეზღუდული შესაძლებლობა მის პიროვნებას ვეღარ განსაზღვრავს. 

ცენტრის შექმნა შესაძლებელი გახდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს, „აშშ საერთაშორისო განვითარების ფონდის“, „გაეროს ბავშვთა ფონდის“ და „M2 უძრავი ქონების“ თანამშრომლობის შედეგად.

აღმოაჩინე მეტი