როგორ ეხმარება დაბადების რეგისტრი საქართველოში მცხოვრებ ქალებსა და ბავშვებს

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო ელექტრონული სისტემა საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სისტემას აძლიერებს.

ინგე სნიფი იუნისეფ საქართველოსთვის
mother and newborn
UNICEF/GEO-2017/Blagonravova

25 თებერვალი 2020

მოდით, წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ქალი აღმოაჩენს, რომ ორსულადაა, შესაბამის კლინიკას შეარჩევს და ანტენატალური სამედიცინო დახმარების მისაღებად მიდის. მას შემდეგ, რაც კლინიკა ორსულობას დაადასტურებს, ქალს სოციალური მომსახურების სააგენტოში გზავნიან ვაუჩერის მისაღებად, რომელიც ორსულობის პერიოდში ანტენატალური სამედიცინო დახმარების ხარჯებს დაუფარავს. ამ ვაუჩერით, მას შეუძლია სახელმწიფო ანტენატალური დახმარების პროგრამის მიერ რეკომენდირებულ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას მიმართოს.

მაგრამ, აქ ერთ პრობლემას ვაწყდებით: ორსულობის დროს მომავალ დედას შეუძლია მომსახურება სხვადასხვა მიმწოდებლებისგან მიიღოს, თუმცა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, მას ერთი მიმწოდებლისგან მეორესთან არ მიჰყვება. ეს ნიშნავს, რომ ორსულობის ანამნეზის სანდოობა დიდწილად ქალის განათლების დონეზე და ჯანმრთელობის შესახებ ცოდნაზეა დამოკიდებული. სწორედ მან უნდა აუხსნას თავისი მდგომარეობა ახალ ექიმს.

ამის შედეგად ჩნდება უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის გამორჩენის ძალიან მაღალი შანსი, რაც ზოგჯერ შეიძლება დედის, ბავშვის, ან ორივეს სიკვდილით დამთავრდეს. ეს საქართველოში დედებისა და ახალშობილების მაღალი სიკვდილიანობის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია. ქვეყანაში 1 წლამდე ასაკის ახალშობილთა გარდაცვალების მაჩვენებელი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია (2018 წელს - 8.1 ყოველი 1,000 დაბადებული ბავშვიდან). არანაკლებ შემაშფოთებელია ორსულობისა და მშობიარობის დროს დედების გარდაცვალების ალბათობა - 27.4 ყოველ 100,000 ცოცხალ მშობიარობაზე.

Mother with newborn child
UNICEF/GEO-2017/Blagonravova

სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ გაეროს ბავშვთა ფონდს დახმარება სთხოვა რეალურ დროში სანდო მონაცემების შეგროვების სისტემის დასანერგად, რაც მომსახურების უწყვეტობას უზრუნველყოფს.

დაბადების რეგისტრაციის სისტემის შექმნის პარალელურად, USAID–ის მხარდაჭერით, აგრეთვე მიმდინარეობდა მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის ელექტრონული სისტემის სხვადასხვა მოდულების შემუშავებაზე, რომელთა მიზანი იყო სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ ჯანდაცვის პროგრამებზე სამთავრობო კონტროლის გაუმჯობესება, ჯანდაცვის დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდა, დარღვევების მაჩვენებლის შემცირება და რეალურ დროში მონიტორინგის შესაძლებლობის შექმნა.

მაგრამ ამ ღონისძიებებს შორის არ იყო დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისათვის სპეციალურად განკუთვნილი სისტემა. დაბადების რეგისტრი სწორედ ამ მიზნით შეიქმნა.

2016 წელს ამოქმედდა რეალურ დროში ჯანმრთელობის მენეჯმენტის ელექტრონული საინფორმაციო სისტემა, რომელიც თვალს ადევნებს ყველა დედასა და ახალშობილის ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში. ის სამმაგ ფუნქციას ასრულებს. ესენია: დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვება, ექიმების მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიის წვდომას (დედის ნებართვით) უზრუნველყოფა და ქვეყნის მასშტაბით საიმედო მონაცემების შეგროვება, რომლებიც პოლიტიკის შემუშავებისას უნდა იქნას გამოყენებული.

აღნიშნული სისტემა ნორვეგიელი ექსპერტების ტექნიკური დახმარებით შეიქმნა, რომლებმაც ნორვეგიაში არსებული გამოცდილება გამოიყენეს. მათი დახმარებით სამუშაო ჯგუფმა სისტემისთვის სწორი მოთხოვნები და ცვლადები შეიმუშავა და რეგისტრატორის ოფისი შექმნა, რომელიც მონაცემთა ხარისხის დაცვას უზრუნველყოფს.

ახლა, როგორც კი მომავალი დედა პრენატალური სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში მივა, ინფორმაცია დადასტურებული ორსულობის შესახებ დაუყოვნებლივ რეგისტრირდება სისტემაში. შემდეგ ამ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო იღებს, რაც დედის მიერ კუთვნილი ფინანსური დახმარების მიღებას უზრუნველყოფს.

Mother with newborn child
UNICEF/GEO-2017/Blagonravova

მართალია, ჯანმრთელობის მართვის ელექტრონული სისტემა სულ ახლახან დაინერგა, მაგრამ დაბადების რეგისტრი ანალიტიკოსთა ჯგუფმა დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად მონაცემების რეალურ დროში ანალიზი უკვე დაიწყო. ეს მთავრობას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სიკვდილიანობის შემცირებას შეუწყობს ხელს.

„მთავრობას ახლა დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობაზე დააკვირვება შეუძლია, რაც ადრე შეუძლებელი იყო. ეს რეგისტრი როგორც სათანადო ზედამხედველობის, ასევე პერინატალური მომსახურების საინფორმაციო ბაზას წარმოადგენს. ამასთან ერთად, დედებისა და შვილების სიცოცხლე უკეთესად იქნება დაცული“, - ამბობს დოქტორი ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ღონისძიება, რომელიც რეგისტრში შეგროვებული მონაცემების გამოყენებით დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამ ღონისძიებათაგან ერთ-ერთი გულისხმობს ინფორმაციის გაზიარებას საავადმყოფოს ხარისხის შესახებ. შესაბამისად, მომავალ დედებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა საავადმყოფოების მონაცემებს გაეცნონ და მათთვის ყველაზე შესაფერისი ვარიანტი აირჩიონ. იმავდროულად, ეს მომსახურების გაუმჯობესების სტიმულს შეუქმნის ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულებებს.

„მომავალ დედების მომსახურების ხარისხის შეფასებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ინსტრუმენტი ექნებათ.”

ამბობს თაკო უგულავა, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტი.

მეორე ღონისძიება გულისხმობს პირველადი ჯანდაცვის კლინიკების დაუყოვნებლივ ინფორმირებას „შემომავალი ბავშვის შესახებ“, როგორც კი დედა და ბავშვი სამშობიაროს დატოვებენ. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შექმნილი „0-დან 6 წლამდე ბავშვთა ზრდისა და განვითარების ზედამხედველობის ელექტრონული მოდულის” მეშვეობით, პირველადი ჯანდაცვის კლინიკებს, დედების თანხმობის საფუძველზე, მათი ორსულობისა და მშობიარობის ანამნეზის უშუალო წვდომა ექნებათ.

სულ რამდენიმე წლის წინ, მომავალ დედებს თავად უნდა მიეწოდებინათ ექიმებისთვის სრულყოფილი ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და რიგში მდგარიყვნენ სამინისტროში ვაუჩერების მისაღებად. ამის გამო, ექიმები ზოგჯერ ვერ იგებდნენ გადამწყვეტ ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის შესახებ, ხოლო მთავრობა იძულებული იყო შესაბამისი პოლიტიკა სხვადასხვა ბაზებში მიმოფანტული და არასანდო მონაცემების საფუძველზე შეემუშავებინა. ახლა, დაბადების რეგისტრაციის სისტემის დანერგვის შედეგად, დედისა და ბავშვის სიცოცხლის დაცვაში მონაწილე ყველა მხარეს ამის გაკეთება რეალურად შეუძლია. ამასთან ერთად, როგორც დედებს, ასევე მათ ახალშობილებს, აქვთ არასტრესულ პირობებში სწორი და უსაფრთხო მომსახურების მიღების რეალური შანსი.

აღმოაჩინე მეტი