როგორ ეგუებიან ახალ წესებს საბავშვო ბაღებში დაბრუნებული ბავშვები

საბავშვო ბაღების გახსნასთან ერთად, ბავშვები და მათი აღმზრდელები ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალ წესებთან იწყებენ ადაპტირებას.

თაკო ჯიბუტი გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოსთვის
Children in Kindergarten
UNICEF/GEO-2020/Jibuti
23 ოქტომბერი 2020

შვიდთვიანი პაუზის შემდეგ, აღმზრდელები და ბავშვები ახალ რეალობაში დაუბრუნდნენ ბაგა-ბაღებს. ასაკის მიუხედავად, ბავშვები სულ რამდენიმე დღეში შეეგუენ იმას, რომ დედ-მამა შენობაში ვერ შეაცილებთ. ისინი ნელ-ნელა იწყებენ სხვა წესების გათავისებასაც.

Children in Kindergarten
UNICEF/GEO-2020/Jibuti

მაგალითად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის #1 და #3 საბავშვო ბაღებში პატარებმა უკვე იციან, რომ ბაღის შენობაში შესვლისას, მათ ექთანმა, სპეციალური თერმომეტრით, სიცხე უნდა გაუზომოს.

Children in Kindergarten
UNICEF/GEO-2020/Jibuti

იმისთვის, რომ ახალი რეგულაციები ბავშვებისთვის სტრესული არ გახდეს, ბაღის ექთანი ბავშვებს პირბადის დამცავ ფუნქციაზეც ესაუბრება - ასე მათთვის უფრო გასაგები გახდება, თუ რატომ უკეთიათ ის მასწავლებლებს მთელი დღის განმავლობაში. აღსაზრდელებს ასევე უხსნიან, რომ არსებობს სპეციალური ხსნარები, რომლებიც დიდებსაც და პატარებსაც მიკრობებისა და ბაქტერიებისგან იცავს. ამიტომ, დროდადრო, მასწავლებლები მათ ამ “ჯადოსნურ” სითხეს ხელებზე დაასხურებენ.

Kindergarten teacher
UNICEF/GEO-2020/Jibuti

ბავშვებს მიკრობებისა და ბაქტერიების დამარცხების პროცესი ძალიან სახალისოდ ეჩვენებათ, ერთმანეთს ამხნევებენ და სადეზინფექციო ხსნარის შესხურების შემდგომ, ხელებს მონდომებით იზელენ. გაეროს ბავშვთა ფონდმა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებით, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონის 336 საბავშვო ბაღს ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებები გადასცა. შედეგად ბაღების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სწავლის უსაფრთხო გარემოში გაგრძელების შესაძლობა ექნებათ. 

Children in Kindergarten
UNICEF/GEO-2020/Jibuti

აღმზრდელები ცდილობენ ახალი წესების შესახებ ინფორმაცია ბავშვებს სახალისო ფორმით გადასცენ. შედეგად, ცვლილებებს ბავშვებში პროტესტის გრძნობა ან უარყოფითი ემოცია არ გამოუწვევია. პირიქით, როგორც ბავშვებს სჩვევიათ, მათ თავადაც მოინდომეს უფროსების როლში ყოფნა და მოცემული სიტუაციის თამაშში გაცოცხლება.

Children in Kindergarten
UNICEF/GEO-2020/Jibuti

ბავშვები დღის განმავლობაში დიდ დროს ატარებენ ბაღის ეზოში. აღმზრდელები თვლიან, რომ ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ბავშვები ფიზიკურად დაიხარჯონ, თავისუფლად იმოძრაონ და სუფთა ჰაერი ისუნთქონ. თუმცა, იმასაც აღნიშნავენ, რომ ეზოში ყოფნას თავისი სირთულეებიც ახლავს.

Children in Kindergarten
UNICEF/GEO-2020/Jibuti

მასწავლებლები ამბობენ, რომ შემეცნებით პროცესში, ბავშვებს აქვთ მოთხოვნილება ხელით შეეხონ ყველაფერს, რასაც გარემო სთავაზობს, იქნება ეს ხე, ქვა, მიწა თუ ბალახი. ასევე, ეზოში, სადაც ბავშვები უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს, თითქმის შეუძლებელია, რომ მათ ერთმანეთისაგან დისტანციის დაცვა მოსთხოვო.

Children in Kindergarten
UNICEF/GEO-2020/Jibuti

სწორედ ამიტომ, საბავშვო ბაღებში კიდევ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ხელების დაბანის პროცედურას. გარდა იმისა, რომ ბავშვები აკეთებენ ხელების სწორად დაბანის პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ამ პროცესში მათ ეხმარება და მეთვალყურეობას უწევს ერთ-ერთი აღმზრდელი.

Children in Kindergarten
UNICEF/GEO-2020/Jibuti

თავად აღმზრდელებისთვის, პირბადით მუშაობა არ არის ადვილი. ისინი ამბობენ, რომ ბავშვებთან ხშირი საუბარია საჭირო, პირბადით კომუნიკაცია კი მეტ ენერგიას მოითხოვს, შესაბამისად, სამუშაო დღის ბოლოს, დაღლილობაც მეტია.

Children in Kindergarten
UNICEF/GEO-2020/Jibuti

სირთულეების მიუხედავად, აღმზრდელებს იმედი აქვთ, რომ მათი ძალისხმევა ხელს შეუშლის ბაღის სივრცეში ვირუსის გავრცელებას და პატარებისთვის ბაღში დაბრუნების და მეგობრებთან ურთიერთობის სიხარული გრძელვადიანი აღმოჩნდება.

Children in Kindergarten
UNICEF/GEO-2020/Jibuti