როგორ დაიცვათ თქვენი ოჯახის ფსიქიკური ჯანმრთელობა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პერიოდში

ინტერვიუ მოზარდთა ფსიქოლოგთან დოქტორ ლაიზა დამურთან

გაეროს ბავშვთა ფონდი
Girls
UNICEF/GEO-2019/Robakidze
07 აპრილი 2020

უკან COVID-19-ის გვერდზე

კორონავირუსის გამო (COVID-19) მშობლები და ბავშვები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. სკოლების დახურვა, ფიზიკური დისტანცირება, და  ბევრი სხვა რამის გათვალისწინება  მეტად რთულია ოჯახის თითოეული წევრისთვის. ჩვენ შევხვდით მოზარდთა ფსიქოლოგიის ექსპერტს,  ბესტსელერის ავტორს, ყოველთვიური „ნიუ-იორკ თაიმსის“ პუბლიცისტს და ორი შვილის დედას დოქტორ ლაიზა დამურს, იმისათვის რომ გაგვერკვია, თუ როგორ შეუძლიათ ოჯახებს ერთმანეთის დახმარება და ამ დროებითი სიტუაციის მაქსიმალურად გამოყენება.
 

UNICEF: როგორ შეუძლიათ მოზარდებს და მათ მშობლებს საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიის დროს?  

ლაიზა დამური: პირველი, რაც მშობლებმა უნდა გააკეთონ, მათი მოზარდი შვილების შფოთვის განცდის ნორმალიზაციაა. ბევრი მოზარდი შეცდომით ფიქრობს, რომ შფოთი ყოველთვის ფსიქიკური დაავადების ნიშანია, მაშინ როცა ფსიქოლოგებმა დიდი ხანია აღიარეს, რომ  მღელვარება ნორმალურია და ჯანსაღი ფუნქციაა, რომელიც საფრთხის მიმართ გვიჩნდება და გვეხმარება საკუთარი თავის დასაცავად. ამდენად,  მოზარდებს ძალზე დაეხმარებით თუ ეტყვით: „ შენ სწორი რეაქცია გაქვს. გარკვეული შფოთვა მისაღებია და ასეც უნდა გრძნობდე თავს. მღელვარება დაგეხმარება იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც სწორედ ახლაა მისაღები.“ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, ხელები ხშირად დავიბანოთ და სახეს არ შევეხოთ - მღელვარება ხელს შეგვიწყობს ამ მიმართულებით სწორი ქმედებების განხორციელებაში, იმისათვის რომ თავი კარგად იგრძნო“. ასე რომ, ეს არის ერთი მიდგომა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ასევე შეგვიძლია ბავშვებს დავეხმაროთ საზოგადოების კეთილდღეობაზე დაფიქრებაში. უთხარით მათ: „მისმინე, ვიცი რომ გეშინია, კორონავირუსით არ დაავადდე. ის რომ გთხოვთ, სახეს არ შეეხო და სახლში დარჩე, ნაწილობრივ  მიმართულია ჩვენი საზოგადოების წევრების დაცვისკენ. ჩვენ ვზრუნავთ გარშემო მყოფ ადამიანებზე.“

შემდეგ მიეცით მათ დავალებები, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს:  მაგალითად სურსათის მიტანა გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისთვის ან მათი დავალებით საყიდლებზე წასვლა, ან იმის გარკვევა, თუ საზოგადოების რომელ ნაწილს ესაჭიროება დახმარება, და მხარდაჭერის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება  გარშემო მყოფი ადამიანებისთვის, სოციალური დისტანცირების პრინციპის დაცვით. სხვებზე ზრუნვის გზების გამონახვა ახალგაზრდებს დაეხმარება,  რომ თავი უკეთესად იგრძნონ.

არსებობს კიდევ მესამე გზა მღელვარებასთან გასამკლავებლად, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების დახმარებას პრობლემებიდან ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანაში. ფსიქოლოგებმა იციან, რომ როცა ქრონიკულად რთულ პირობებში (და ამჟამინდელი სიტუაცია ქრონიკულად რთული მდგომარეობაა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება) ვიმყოფებით, მეტად მნიშვნელოვანია პრობლემა ორ კატეგორიად დაიყოს: საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც შეგვიძლია რაიმეს გაკეთება და საკითხები, რომლებთან მიმართებითაც არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მეორე კატეგორიაში ამჟამად ბევრი თემა ექცევა, სადაც ბავშვებს მოუწევთ გარკვეული დროის განმავლობაში რთულ სიტუაციაში ცხოვრება.

მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ მეორე კატეგორიის საკითხებთან გამკლავებაში შეიძლება დაგვეხმაროს პრობლემებიდან ყურადღების გადატანის პოზიტიური საშუალებები, როგორებიცაა: საშინაო დავალების შესრულება, საყვარელი ფილმის ყურება, საინტერესო წიგნის კითხვა. ეს ამჟამად მეტად ადეკვატური სტრატეგიაა. სავარაუდოდ, ბევრი რამ შეიძლება ითქვას კორონავირუსის და მასთან დაკავშირებული მღელვარების შესახებ საუბრის, როგორც მღელვარების დაძლევის საშუალების თაობაზე. მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების დახმარება ამ მიმართულებით სწორი ბალანსის პოვნაში.

 

UNICEF: რაც შეეხება პრობლემებიდან ყურადღების გადატანის საშუალებებს, ბევრ მოზარდს ალბათ ურჩევნია ასეთ დროს მონიტორში ჩამალვა. როგორი უნდა იყოს მშობლების და მოზარდების მიდგომა ამ თვალსაზრისით?

ლაიზა დამური: მე გულახდილი ვიქნებოდი მოზარდთან და ვეტყოდი, „კარგი, მე და შენ ორივემ ვიცით, რომ ძალიან ბევრი დრო გაქვს, მაგრამ ისიც ორივემ ვიცით, რომ კარგი არ არის შეუზღუდავი წვდომა კომპიუტერთან და /ან სოციალურ მედიასთან. ეს არ არის ჯანსაღი, არ არის ჭკვიანური და შეიძლება გააძლიეროს შენი მღელვარება. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ სოციალურ მედიასთან  თავისუფალი წვდომა შენთვის კარგი იდეაა ნებისმიერ გარემოებაში. ამდენად ის ფაქტი, რომ შენ არ ხარ სკოლაში და შენი დრო არ არის დაკავებული გაკვეთილებით, არ ნიშნავს, რომ მთელი ეს დრო სოციალური მედიით უნდა ჩანაცვლდეს.“ მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა თქვათ ძალზე გულახდილად და გაცნობიერებით, რომ რა თქმა უნდა, შეუძლებელია სკოლაში გატარებული დრო სრულად ჩანაცვლდეს ონლაინ რეჟიმში ყოფნით.

და შემდეგ, ჰკითხეთ მოზარდს, „როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემას? როგორი უნდა იყოს ჩვენი გეგმები? როგორია შენი შეთავაზება ამ ახალ  პირობებში. შენი დრო აღარ არის დაგეგმილი ისე, როგორც მიჩვეული იყავი, მოიფიქრე  და მაჩვენე ისეთი გეგმა, რომელიც შენს წარმოსახვაშია და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ის ერთად განვიხილოთ.“

 

UNICEF: გეგმა ძირითადი ფაქტორია ნორმალური მდგომარეობის განცდის შესანარჩუნებლად?

ლაიზა დამური: ბავშვებს სჭირდებათ გეგმა. ეს ასეა! და თუ რა უნდა გავაკეთოთ ძალზე სწრაფად ჩვენ ყველამ არის ის, რომ გამოვიგონოთ სრულიად ახალი გეგმები, იმისათვის რომ თითოეულ ჩვენთაგანს ეს დღეები გადავატანინოთ. და ამდენად ჩემი მტკიცე რეკომენდაციაა, რომ მშობლებმა უზრუნველყონ დღის განრიგის შემუშავება, რომ არსებობდეს გეგმა თუ როგორ იქნეს დრო დახარჯული - ის შეიძლება ითვალისწინებდეს თამაშის დროს, როცა ბავშვებს შეუძლიათ ტელეფონის აღება და მეგობრებთან დაკავშირება, რისი სურვილიც მათ, რა თქმა უნდა, ექნებათ. მაგრამ განრიგში ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ტექნოლოგიებისგან თავისუფალი დროც,  რომელიც გამოყოფილია სადილის მომზადებაში დასახმარებლად, გარეთ გასასვლელად. თუ გაქვთ გარეთ გასვლის შესაძლებლობა, უნდა გახვიდეთ. ჩვენ საჭიროა დავფიქრდეთ, თუ რას ვაფასებთ  და რა გვჭირდება  ისეთი გეგმის შესაქმნელად, რომელიც ასახავს ყოველივე ამას  და დაეხმარება ბავშვებს, რომ ჰქონდეთ პროგნოზირებადი დღის შეგრძნება, თუ როდის უნდა იმუშაონ და როდის ითამაშონ.

მე ვიტყოდი, რომ 10 ან 11 წლამდე ბავშვებისთვის მშობელმა უნდა შეიმუშაოს განრიგი, შემდეგ შეათანხმოს ბავშვთან და ნახოს მოჰყვება თუ  არა მისგან გონივრული გამოხმაურება.

10 და 11 წლის ან უფროსი ბავშვების შემთხვევაში, მე გეგმის შედგენას ვთხოვდი ბავშვს და მივანიშნებდი იმ საკითხების შესახებ, რომლებიც უნდა იყოს ასეთი გეგმის ნაწილი და შემდეგ დავხვეწდი მათ ნამუშევარს.

 

UNICEF: რა რეკომენდაციას მისცემდით მშობლებს, რომლებიც ადგენენ გეგმას თავიანთი პატარა ბავშვებისთვის?

ლაიზა დამური: გახსოვდეთ, ჩვენი ბავშვები სკოლაში სიარულისას კლასში სხედან დღის საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში  და  ახერხებენ მუშაობას, მიუხედავად იმისა რომ გარშემო ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი აქვთ - როგორიცაა სხვა ბავშვების ქცევა. ახლა, სახლში მათ ეს პრობლემა არ აქვთ. იმის თქმა მსურს, რომ  ჩვენ  ზოგჯერ გვავიწყდება, რომ მათ საკმაოდ განვითარებული აქვთ ფოკუსირების უნარი და ეს შეუძლიათ სახლში მეცადინეობისასაც გამოიყენონ.

თითოეული ოჯახი თავის ბავშვს ყველაზე კარგად იცნობს და ის, ვინ უწევს ბავშვს ზედამხედველობას (მე მესმის რომ ყველა მშობლი სახლში არ არის, რომ ეს გააკეთოს) პასუხისმგებელია იმაზე, რომ ბავშვის დღე ისე დაგეგმოს, რომ ყველა შესასრულებელი აქტივობა, როგორებიცაა  სახლში შესასრულებელი სამუშაო,  სავალდებულო საქმიანობა, ამოცანების მისაღწევად განსახორციელებელი ღონისძიებები დასრულდეს მანამ, სანამ კიდევ რამე მოხდება. ზოგიერთი ოჯახის შემთხვევაში, ბავშვებისთვის საუკეთესო იქნება დღის დაწყება ასეთი სავალდებულო აქტივობებით.

სხვა ოჯახებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ უკეთესია დღის დაწყება ცოტა გვიან, კარგად გამოძინების და ერთად საუზმობის შემდეგ,  დილის 10 ან 11 საათისთვის. ყველა ოჯახს თავისებური მიდგომა აქვს. ასევე, ჩემ ნათქვამს მინდა დავამატო ის, რისი თქმისგანაც ბევრი შეიძლება თავს იკავებდეს: ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ასე რომ რამდენადაც შესაძლებელია ეს პროცესი სასიამოვნო უნდა გავხადოთ. თუ ეს ნიშნავს, რომ თქვენ, როგორც ოჯახი, საუზმისთვის აცხობთ ბლინებს  და ამის შესაძლებლობა არასოდეს გქონდათ ჩვეულებრივი სასკოლო დღეების დროს და ეს აქტივობა ყველას აბედნიერებს, მიიღეთ სიამოვნება.

რეზიუმეს სახით ვიტყვი, რომ ბავშვებს სჭირდებათ პროგნოზირებადობა  -  რამდენადაც შესაძლებელია მაქსიმალური პროგნოზირებადობა  მსგავს სიტუაციაში. ამიტომ ყოველდღე ნუ გაიღვიძებთ ახალი განრიგის შედგენის საჭიროებით,  გამოსცადეთ შედგენილი ან სათადარიგო განრიგი კვირის განმავლობაში, როგორც ოჯახმა, და შემდეგ კვირის ბოლოს გადახედეთ მას.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები ამ შემთხვევაში მგზავრები არიან, ჩვენ კი ვმართავთ ავტომობილს.“

UNICEF: რამდენად მნიშვნელოვანია საკუთრივ მშობლის ქცევა კრიზისის დროს?

ლაიზა დამური: მშობლები, რა თქმა უნდა, ასევე განიცდიან მომატებულ შფოთვას. შვილები უკეთ გვიცნობენ, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს. ისინი ემოციურ ნიშნებს ჩვენგან იღებენ. მე ვთხოვდი მშობლებს, რომ შეძლონ საკუთარი მღელვარების მართვა ისე, რომ არ გაუზიარონ თავიანთი შიშები ბავშვებს. ეს შეიძლება ნიშნავდეს ემოციების შეკავებას, რაც შესაძლოა ზოგჯერ რთული იყოს მშობლებისთვის, განსაკუთრებით  თუ ისინი  ემოციების მოზღვავებას განიცდიან. ვისურვებდი, რომ მშობლებმა შეძლონ თავიანთი შფოთვისგან გათავისუფლება, მაგრამ არა ბავშვების მეშვეობით. უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი მგზავრები არიან ამ პროცესში და ჩვენ კი ვმართავთ ავტომობილს.  ასე რომ, მაშინაც კი, თუ ჩვენ მღელვარებას ვგრძნობთ, რაც რა თქმა უნდა გასაგებია,  ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს იმაში, რომ ბავშვებს ამ წარმოსახვით ავტომობილში თავი უსაფრთხოდ ვაგრძნობინოთ.

 

UNICEF: უნდა კითხონ თუ არა  მშობლებმა ბავშვებს რეგულარულად თუ როგორ გრძნობენ ისინი თავს  და ხომ არ გამოიწვევს ეს მღელვარების მეტად ზრდას?

ლაიზა დამური: ვფიქრობ, ეს ბავშვზეა დამოკიდებული. ზოგიერთი ბავშვი გულჩათხრობილია და ამდენად შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს მშობლის მხრიდან კითხვის დასმა: „როგორ ხარ?“ ან „რა გაიგე ახალი?“. სხვა ბავშვები კი შეიძლება უსასრულოდ საუბრობდნენ ამის შესახებ. ამ სიტუაციაში მიზნად უნდა დავისახოთ ბალანსის მიღწევა გამოხატვასა და შეკავებას შორის. ემოციების გამოხატვა აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკმაოდ ინტენსიურ ემოციურ მდგომარეობაში ვართ, თუმცა ასევე აუცილებელია თავშეკავების უნარიც. ასე რომ, თუ თქვენი ბავშვი მეტად ექსპრესიულია, თქვენ უნდა იმუშაოთ თავშეკავებაზე, ხოლო თუ ბავშვი იჩენს მაღალ თავშეკავებას, უნდა დაეხმაროთ მას  გამოხატვაში.

 

UNICEF: ბავშვებს შესაძლოა ეშინოდეთ ვირუსით დაავადების, მაგრამ ვერ შეძლონ მშობლებთან ამაზე გულახდილად საუბარი. როგორ უნდა განიხილონ მშობლებმა ეს თემა მათთან? 

ლაიზა დამური: მშობლები მშვიდად და პროაქტიულად უნდა ესაუბრონ შვილებს კორონავირუსით დაავადების  და იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომლის შესრულებაც ბავშვებს შეუძლიათ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვაში. აუხსენით მათ, რომ შესაძლებელია  იგრძნოთ სიმპტომები გარკვეულ ეტაპზე, რომლებიც ხშირად ჩვეულებრივი გრიპის ან გაციების მსგავსია და რომ საჭირო არ არის ზედმეტი შიში. მშობლებმა შვილებს უნდა მოუწოდონ, რომ თუ ისინი კარგად არ გრძნობენ თავს, ან თუ  ეშინიათ ვირუსით არ დაავადდნენ, გაუზიარონ ამის შესახებ მშობლებს და ისინი მათ დაეხმარებიან.

ზრდასრულებმა უნდა ვუთანაგრძნოთ ბავშვებს, რადგან ისინი ნერვიულობენ და ღელავენ COVID-19–თან დაკავშირებით. დაარწმუნეთ თქვენი შვილები, რომ კორონავირუსით გამოწვეული დაავადება სუსტი სიმპტომებით მიმდინარეობს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში. ასევე მნიშვნელოვანია ახსოვდეთ, რომ კორონავირუსი მკურნალობას ექვემდებარება. აქვე შეგვიძლია მათ შევახსენოთ, რომ არსებობს მრავალი ეფექტური საშუალება რომ დავიცვათ საკუთარი და სხვების უსაფრთხოება და უკეთესად ვაკონტროლოთ  გარემოებები ჩვენ ირგვლივ: ხშირად დავიბანოთ ხელები, არ შევეხოთ სახეს და გამოვიყენოთ სოციალური დისტანცირება.

 

UNICEF: ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება კორონავირუსული დაავადების შესახებ. როგორ შეუძლიათ მშობლებს დაუპირისპირდნენ ასეთ დეზინფორმაციას?

ლაიზა დამური: დაიწყეთ იმის გარკვევით, თუ რას ისმენენ ბავშვები ან რა მიაჩნიათ სიმართლედ. საკმარისი არ არის თქვენი შვილისთვის მხოლოდ ფაქტების მიწოდება. თუ ბავშვმა მოისმინა არაზუსტი ან არასწორი ახალი ამბავი, ის თქვენგან მიღებულ ახალ ინფორმაციას გააერთიანებს ძველთან „ფრანკენშტეინის მიდგომით“, და ასე ჩამოიყალიბებს წარმოდგენას იმაზე, თუ რა ხდება. ასე რომ ჰკითხეთ მათ: „რას უსმენ? როდესაც ხედავ ბავშვებს სოციალურ მედიაში ან ბოლოს რომ იყავი სათამაშო მოედანზე, რაზე  საუბრობდნენ ისინი? ” გაარკვიეთ, თუ რა იციან მათ უკვე და იქიდან დაიწყეთ მათი სწორ გზაზე დაბრუნება. მშობლებმა ხელი უნდა შეუწყონ ბავშვებს სანდო წყაროების გამოყენებაში  (მაგალითად, როგორიცაა იუნისეფის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდები) ინფორმაციის მისაღებად, ან შეამოწმონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ბავშვები შეიძლება იღებდნენ ნაკლებად სარწმუნო წყაროებიდან.

"მტკივნეული გამოცდილებიდან გამოსავალი, მხოლოდ მისი გავლით არის"

UNICEF:  როგორ შეუძლიათ მშობლებს საკუთარი შვილების მხარდაჭერა, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან  გაუქმებული ღონისძიებების და აქტივობების გამო?

ლაიზა დამური:  მიეცით ნება, იყვნენ მოწყენილნი და ნუ შეეცდებით ამის გამო თავი დამნაშავედ აგრძნობინოთ. ნუ ეტყვით: "სხვა ადამიანები უარესად არიან". ამის თქმის შედეგად, თქვენი შვილი თავს სევდიანად და დამნაშავედ იგრძნობს ეს მდგომარეობას არ შეამსუბუქებს.  ამიტომ უთხარით მათ: ”შენ  სწორი რეაქცია გაქვს, რადგან სიტუაცია ნამდვილად აუტანელია - ვერ ატარებ დროს მეგობრებთან ერთად. ვერ გაატარებ   გაზაფხულს  კოლეჯის კამპუსში. ვერ წახვალ შეკრებაზე, რომლისთვისაც ექვსი თვე ემზადებოდი.” მოზარდის ცხოვრების პირობებში ეს უდიდესი დანაკარგია. უფროსებს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მსგავსი არასდროს გვინახავს ჩვენი სიცოცხლის მანძილზე, მათ კი მითუმეტეს - რადგან ჩვენზე ახალგაზრდები არიან.    ოთხთვიანი წყვეტა 14 წლის ასაკის ბავშვისთვის პროცენტულად ძალიან დიდი წილია იმ დროისა, რაც მას თავი ახსოვს. ეს მათთვის უფრო მეტი დროა, ვიდრე ჩვენთვის.

მოზარდის ცხოვრების ერთი წელი ზრდასრული ადამიანის სიცოცხლის შვიდი წლის ტოლფასია. ამრიგად, ჩვენ მათ უნდა ვუთანაგრძნოთ დროის ასეთი მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო. ისინი საშუალო სკოლას ერთხელ ამთავრებენ ცხოვრებაში, ეს უნდა ყოფილიყო დასამახსოვრებელი გაზაფხული მათთვის. შესაძლოა, ეს კატასტროფა არ არის, მაგრამ ნამდვილად დიდი დანაკარგია და მოზარდების წუხილიც გასაგებია. ამიტომ მსურს ვთხოვო მშობლებს, რომ გაუგონ ბავშვებს, როცა ისინი სევდიანი და იმედგაცრუებული არიან. გუშინ დაახლოებით ექვს მოზარდს („თინეიჯერს“) შევხვდი, რომლებიც სკოლას ტოვებდნენ და ძალზე მოწყენილები იყვნენ. მე მათ  ვუთხარი: ”იყავი სევდიანი. ეს ნამდვილად ბანძი მდგომარეობაა და ნამდვილად გაქვს უფლება სევდიანი იყო.” როდესაც საქმე მტკივნეულ შეგრძნებებთან გვაქვს, ერთადერთი გამოსავალი მათი განცდაა. როდესაც ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას სევდიანად იგრძნონ თავი, ისინი ჩვეულებრივ უფრო სწრაფად ახერხებენ ასეთი მდგომარეობის დაძლევას. ამიტომ, თანაგრძნობა და მხოლოდ თანაგრძნობა და მხარდაჭერა დაგვეხმარება. ჩვენი ბავშვები ამას იმსახურებენ. ჩვენი, უფროსების საქმეა ამის უზრუნველყოფა. მათ სწორი რეაქცია აქვთ. ეს მდგომარეობა ის არ არის, რასაც ისინი ან ჩვენ ვისურვებდით. 

 

UNICEF:  რა რეკომენდაციები გაქვთ მოზარდებისთვის, რომლებიც თავს მარტოდ და მეგობრებისგან მოწყვეტილად გრძნობენ?

ლაიზა დამური:  ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ შეგვიძლია სოციალური მედია სრულიად ახლებურად დავაფასოთ! მიუხედავად იმისა, რომ უფროსებს შეიძლება სკეპტიკური წარმოდგენა ჰქონდეთ მოზარდების და სოციალური მედიის შესახებ, „თინეიჯერებს“ სურთ მეგობრებთან ყოფნა. სოციალური დისტანცირების პირობებში ასეთი შესაძლებლობა არსებობს!  ისინი შეიძლება იყვნენ თავიანთ მეგობრებთან ერთად! გარდა ამისა, მჯერა „თინეიჯერების“ შემოქმედებითი ნიჭის. დარწმუნებული ვარ, გამონახავ ერთმანეთთან თამაშის გზებს „ონლაინ“ რეჟიმში, რაც სულ არ იქნება დიდად განსხვავებული მათი წარსული გამოცდილებისგან.  ასე რომ, ახლა სოციალურ მედიას ეჭვის თვალით არ შევხედავდი. უბრალოდ დავრწმუნდებოდი რომ ბავშვებისთვის ეს არ არის ყოვლისმომცველი საქმიანობა, რაც არავისთვის არაა კარგი.
 

UNICEF:  რა საშუალებები შეიძლება გამოიყენონ მოზარდებმა რთულ გრძნობებთან გასამკლავებლად და საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის? 

ლაიზა დამური:  ვფიქრობ, ყველა ბავშვი ამას განსხვავებული გზით შეძლებს -  ზოგიერთი ხატვის, ზოგი მეგობართან საუბრის და თავისი გულისტკივილის გაზიარების მეშვეობით (მიუხედავად იმისა რომ მათ არ შეუძლიათ ფიზიკურად ერთად იყვნენ). ზოგიერთმა ბავშვმა შეიძლება მოისურვოს საკვები პროდუქტების მიტანა სურსათის ბანკში. მე უბრალოდ გირჩევდით, რომ გაიცნოთ თქვენი ბავშვი უკეთესად, დააკვირდეთ მათ ემოციებს და დაფიქრდეთ დაბალანსებული საუბრის საჭიროებაზე გრძნობების შესახებ. ეცადეთ გამონახოთ ყურადღების სხვა თემაზე გადატანის საშუალებები, როცა ბავშვებს სჭირდებათ ემოციური განტვირთვა.   
 

UNICEF:  ზოგიერთი ბავშვი კორონავირუსული ეპიდემიის პარალელურად დგას ძალადობის საფრთხის წინაშე. რა უნდა გააკეთოს ბავშვმა „ბულინგის“ შემთხვევაში?

ლაიზა დამური:  გარშემო მყოფთა გააქტიურება საუკეთესო გზაა ნებისმიერი სახის „ბულინგის“ დასაძლევად. ყველა მშობელმა უნდა აუხსნას თავის შვილს, რომ თუ ის „ბულინგის“ მოწმე გახდება უნდა დაეხმაროს მსხვერპლს ან ნახოს უფროსი, ვინც შეძლებს დახმარებას.  



UNICEF:  როგორ უნდა შეძლონ მშობლებმა არსებული სიტუაციის მაქსიმალურად გამოყენება?  შვილებთან ერთად ყოფნისას როგორ უნდა გაერთოთ სახლში?  

ლაიზა დამური:  სახლში  ორი ქალიშვილი მყავს - გადავწყვიტეთ, შევადგინოთ სადილის გუნდი ყოველი საღამოსთვის. ჩვენ ვადგენთ გრაფიკს, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი სადილზე - ზოგჯერ ვარ მე და ჩემი მეუღლე და ზოგჯერ  მე და ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილი. ჩვენ ვცვლით წყვილებს.  ჩემი უფროსი ქალიშვილი თინეიჯერია, ხოლო ჩემი უმცროსი ქალიშვილი დაწყებითი სკოლის ასაკისაა. ხანდახან ისინი არიან სადილის გუნდი. ზოგადად, ხშირად არ გვაქვს დრო, რომ მთელმა ოჯახმა ერთად ვისადილოთ, ან სამზარეულოში ერთაად ვიტრიალოთ, ამიტომ ახლა ვიყენებთ დროს და შესაძლებლობას ამისთვის.

ვაკეთებ სიას - თუ რისი გაკეთება მინდა დიდი ხანია:  წიგნები, რომელთა წაკითხვაც მსურს და ბავშვებისთვის რაღაცეების სწავლება, მაგალითად -  სულ მინდოდა, ჩემი ქალიშვილისთვის ქსოვა მესწავლებინა, რადგან ის ამას მთხოვდა. ახლა ვაპირებ ვასწავლო თუ მას სურვილი კიდევ ექნება!  ვაპირებთ მოვაწყოთ კინო-საღამო ყოველ სამ ან ოთხ დღეში ერთხელ და ვფიქრობთ სადილის მომზადებაზე პასუხისმგებელმა გუნდმა აირჩიოს ფილმი. ყველა ოჯახს თავისი რიტმი და კულტურა აქვს. ახლა ჩვენი გამოწვევაა გეგმის შედგენა, მაგრამ ჩვენ ეს შეგვიძლია და ეს არის ის, რაც ჩვენს ბავშვებს სჭირდებათ.  

 

უკან COVID-19-ის გვერდზე


ინტერვიუ ჩაწერა მენდი რიჩიმ (იუნისეფი).